არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაგავსაყრელზე ნაპოვნი უძვირფასესი განძი

ნაგავსაყრელზე ნაპოვნი უძვირფასესი განძი

რა წარმოგიდგებათ თვალწინ სიტყვა „ნაგვის“ გაგონებაზე? ალბათ აყროლებული ნარჩენებით სავსე ადგილი. არავინ მოელის ნაგავსაყრელზე რაიმე ღირებული ნივთის პოვნას, მით უმეტეს, უძვირფასესი განძის.

თუმცა, გასულ საუკუნეში ერთ-ერთი უძვირფასესი განძი სწორედ ასეთ ადგილას, ნაგავსაყრელზე, აღმოაჩინეს. ეს არ ყოფილა ძვირფასეულობა, იგი გაცილებით ღირებული რამ იყო. მაინც, რა იყო ეს განძი და რატომ არის მისი აღმოჩენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი?

მოულოდნელი აღმოჩენა

მე-20 საუკუნის დასაწყისში ოქსფორდის უნივერსიტეტის სწავლულებმა ბერნარდ გრენფელმა და არტურ ჰანტმა ეგვიპტეში იმოგზაურეს. მათ ნილოსის ველთან ახლოს არსებულ ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს რამდენიმე პაპირუსის ფრაგმენტი. მოგვიანებით 1920 წელს, სანამ ისინი აღმოჩენილი ნივთების კატალოგს ადგენდნენ, გრენფელმა, ჯონ რაილენდსის ბიბლიოთეკისთვის (მანჩესტერი, ინგლისი) შეიძინა ეგვიპტეში აღმოჩენილი კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი. სამწუხაროდ, ორივე სწავლული კატალოგის დასრულებამდე გარდაიცვალა.

საქმე ბოლომდე ოქსფორდის უნივერსიტეტის სხვა მეცნიერმა კოლინ რობერტსმა მიიყვანა. ფრაგმენტების დახარისხებისას მან თვალი მოჰკრა პაპირუსის ნაგლეჯს, რომლის ზომაც 9 x 6 სმ იყო. მისდა გასაოცრად ამ ფრაგმენტზე შესრულებულ ბერძნულ ხელნაწერში ნაცნობი სიტყვები ამოიკითხა. ერთ მხარეს ეწერა მუხლები იოანეს 18:31—33 ჩათვლით, მეორე მხარეს კი — 37-ე და 38-ე მუხლების ნაწილი. ის მიხვდა, რომ მას ხელთ უძვირფასესი განძი ეპყრა.

დათარიღება

რობერტსი ეჭვობდა, რომ პაპირუსის ნაგლეჯი ძალიან ძველი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რამდენად ძველი? ამის დასადგენად მან მიმართა პალეოგრაფიის * მეთოდს და ეს ხელნაწერი შეადარა სხვა ძველ, უკვე დათარიღებულ ხელნაწერებს. ასეთი სახით მან შეძლო, დაედგინა ფრაგმენტის სავარაუდო ასაკი, მაგრამ მას სურდა, ბოლომდე დარწმუნებულიყო. ამიტომ ფრაგმენტს ფოტოები გადაუღო და სამ პაპიროლოგს გაუგზავნა, რათა მათ ის ზუსტად დაეთარიღებინათ. რა დასკვნამდე მივიდნენ ექსპერტები?

ხელნაწერის სტილისა და ასოთა მოხაზულობის შესწავლის შემდეგ სამივე ექსპერტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს ფრაგმენტი დაიწერა ახ. წ. მეორე საუკუნის პირველ ნახევარში მოციქულ იოანეს სიკვდილიდან რამდენიმე ათწლეულში. მაგრამ პალეოგრაფია არ არის ხელნაწერების დათარიღების ბოლომდე სანდო მეთოდი; სწორედ ამ მიზეზის გამო სხვა მეცნიერი თვლის, რომ ეს ხელნაწერი შესაძლებელია, მეორე საუკუნის ნებისმიერ მონაკვეთში დაწერილიყო. და მაინც, ეს პაწაწინა პაპირუსის ნაგლეჯი იყო და არის ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ყველაზე ძველი ხელნაწერის ფრაგმენტი, რაც კი აღმოუჩენიათ.

რას გვიმჟღავნებს რაილენდსის პაპირუსი

რატომ არის იოანეს სახარების ეს ფრაგმენტი ასე მნიშვნელოვანი ბიბლიის მოყვარულთათვის? სულ მცირე, ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში, ამ ფრაგმენტის ფორმატი გვიმჟღავნებს, თუ რამდენად აფასებდნენ ადრეული ქრისტიანები საღვთო წერილებს.

რატომ არის იოანეს სახარების ეს ფრაგმენტი ასე მნიშვნელოვანი ბიბლიის მოყვარულთათვის?

ახ. წ. მეორე საუკუნეში შესრულებული ხელნაწერები ორი სახით გვხვდებოდა — გრაგნილის და კოდექსის. გრაგნილებს პაპირუსის ან პერგამენტის ნაჭრებისგან ამზადებდნენ, რომლებსაც ერთმანეთზე აწებებდნენ ან აკერებდნენ, შემდეგ კი ახვევდნენ და საჭიროებისამებრ შლიდნენ. საწერად ძირითადად მის ერთ მხარეს იყენებდნენ.

თუმცა რობერტსის მიერ აღმოჩენილ ფრაგმენტს წარწერა ორივე მხარეს აქვს, რაც შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ის არის კოდექსის ფრაგმენტი და არა გრაგნილის. კოდექსი მზადდებოდა პერგამენტის ან პაპირუსის ნაჭრებისგან, რომლებსაც ისე აკერებდნენ, რომ წიგნის ფორმა ჰქონოდა.

რით უპირატესობდა კოდექსი გრაგნილზე? პირველი საუკუნის ქრისტიანები მახარობლები იყვნენ (მათე 24:14; 28:19, 20). ისინი ყველგან ავრცელებდნენ ბიბლიურ ცნობას, სადაც კი ხალხს შეხვდებოდნენ, იქნებოდა ეს სახლებში, ბაზრებსა თუ ქუჩებში (საქმეები 5:42; 17:17; 20:20). ასე რომ, წმინდა წერილების კოდექსის სახით ქონა მათთვის ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა.

კოდექსი აგრეთვე იმის საშუალებას იძლეოდა, რომ კრებებს გაეკეთებინათ წმინდა წერილების ასლები, რათა თითოეულ ქრისტიანს საკუთარი ეგზემპლარი ჰქონოდა. ამგვარად სახარებების ასლები გამუდმებით კეთდებოდა, რამაც ძალიან შეუწყო ხელი ქრისტიანობის გავრცელებას.

მეორე მიზეზი ის არის, რომ რაილენდსის პაპირუსი გვეხმარება, დავრწმუნდეთ, თუ რამდენად ზუსტად არის ბიბლიის ორიგინალი ტექსტი ჩვენამდე მოღწეული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაგმენტი იოანეს სახარების რამდენიმე მუხლს შეიცავს, მისი შინაარსი თითქმის სრულად ეთანხმება იმას, რასაც დღეს ჩვენს ბიბლიებში ვკითხულობთ. რაილენდსის პაპირუსი ცხადყოფს, რომ ბიბლიის ტექსტის არაერთხელ გადაწერის მიუხედავად, მან ჩვენამდე უცვლელად მოაღწია.

რაილენდსის პაპირუსი არის ერთ-ერთი იმ ათასობით ფრაგმენტსა და ხელნაწერს შორის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბიბლიის ორიგინალი ტექსტი უცვლელია. ვერნერ კელერი თავის წიგნში „ბიბლია როგორც ისტორია“, წერს: „ეს ძველი [ხელნაწერები] ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბიბლიის ტექსტი, რომელსაც დღეს ჩვენ ვკითხულობთ, სანდო და ზუსტია“.

ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ რწმენას არქეოლოგიურ აღმოჩენებზე არ აფუძნებენ. მათ სწამთ რომ, „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). თუმცა, ძალიან გამამხნევებელია, როცა ასეთი უძველესი განძი იმას ამტკიცებს, რასაც ბიბლია ოდითგანვე ამბობდა: „იეჰოვას სიტყვა მარადიულად რჩება“ (1 პეტრე 1:25).

^ აბზ. 8 უცხო სიტყვათა ლექსიკონის განმარტებით, „პალეოგრაფია“ არის „ისტორიულ-ფილოლოგიური დისციპლინა, რომელიც ძველი დამწერლობის ძეგლებს შეისწავლის“. დროის სვლასთან ერთად იცვლება დამწერლობის სტილიც. სწორედ ამ ცვლილებების საფუძველზეა შესაძლებელი ხელნაწერების დათარიღება, თუკი მას სხვა ზუსტად დათარიღებულ ხელნაწერებს შევადარებთ.