არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

საწუხარი ყოველი ფეხის ნაბიჯზეა

საწუხარი ყოველი ფეხის ნაბიჯზეა

„მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად წავედი, მაგრამ ორცხობილების მეტი ვერაფერი ვიპოვე, თანაც ცეცხლის ფასი ედო! მეორე დღეს კი მაღაზიაში საერთოდ აღარაფერი დამხვდა“ (პოლი, ზიმბაბვე).

„ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ჩვენ მიტოვებას აპირებდა. როგორ უნდა ამეტანა ღალატი? რა ბედი ეწეოდათ ჩემს შვილებს?“ (ჯანეტი, შეერთებული შტატები).

„როგორც კი სირენის ხმას გავიგონებ, მაშინვე თავშესაფრისკენ გავრბივარ და იატაკზე ვწვები. რეაქტიული ჭურვების აფეთქების შემდეგ ისეთი შეშინებული ვარ, რომ ხელები საათობით მიკანკალებს“ (ალიონა, ისრაელი).

დღეს საწუხარით აღსავსე, „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ გვიწევს ცხოვრება (2 ტიმოთე 3:1). მრავალ ადამიანს ფინანსური კრიზისი, ოჯახის დანგრევა, ომი, მომაკვდინებელი ეპიდემიები და სტიქიური თუ ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურებები დიდ დარტყმას აყენებს. ამას გარდა, ბევრს პირადი საწუხარიც აქვს. მაგალითად, ზოგს ასეთი ფიქრები ტანჯავს: „კიბოდ ხომ არ გადამექცევა კანზე წანაზარდი?“ ან „როგორ მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება ჩემს შვილიშვილებს?“.

წუხილი ყოველთვის არ არის ცუდი. ბუნებრივია, რომ გამოცდაზე გასვლამდე, აუდიტორიის წინაშე წარდგომამდე ან დამსაქმებელთან გასაუბრებამდე სტრესს განვიცდით. მართალია, საფრთხისადმი ჯანსაღი შიში ზიანის თავიდან არიდებაში გვეხმარება, მაგრამ გადაჭარბებული და გამუდმებული წუხილი დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ახლახან ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ, რომელშიც 68 000-ზე მეტმა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ცხადყო, რომ უმნიშვნელო საწუხარიც კი ზრდის ნაადრევი სიკვდილის რისკს. სწორედ ამიტომ დასვა იესომ შემდეგი კითხვა: „რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ერთი წყრთით გაიხანგრძლივოს?“. ნამდვილად, წუხილი ვერავის გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ ურჩია იესომ მსმენელებს: „ნუღარ წუხხართ“ (მათე 6:25, 27). მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი?

წუხილის შემსუბუქებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ შევიძენთ სიბრძნეს, განვივითარებთ ღვთისადმი ძლიერ რწმენას და გვექნება მომავლის უტყუარი იმედი. შეიძლება დღეს არ გვიწევს დიდ საწუხართან ბრძოლა, მაგრამ მომავალში ამისგან არავინაა დაზღვეული. მომდევნო სტატიებიდან გავიგებთ, როგორ დაეხმარა ამ რჩევების გამოყენება პოლს, ჯანეტსა და ალიონას საწუხართან გამკლავებაში.