არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

წუხილი მოსალოდნელ საშიშროებაზე

წუხილი მოსალოდნელ საშიშროებაზე

„როცა სირენის ხმას ვიგებ გული მიჩქროლდება და თავშესაფრისკენ გავრბივარ, თუმცა იქაც ვერ ვმშიდდები — ამბობს ალიონა. — ყველაზე საშინლად კი თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ამ დროს ქუჩაში ვარ და დასამალ ადგილს ვერსად ვპოულობ. ერთხელ ქუჩაში ისე შევშინდი, რომ ტირილი დავიწყე და სუნთქვა შემეკრა. როცა რამდენიმე საათის შემდეგ ძლივს დავმშვიდდი, სირენის ხმა კვლავ გაისმა“.

ალიონა

ომის გარდა ჩვენს სიცოცხლეს არაერთი საშიშროება უქმნის საფრთხეს. მაგალითად, თქვენთვის ან საყვარელი ადამიანისთვის მომაკვდინებელი დაავადების დიაგნოზის დასმა შესაძლოა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყოს. ზოგს მომავალზე ფიქრი აშფოთებს, რადგან შიშის თვალით უყურებს მას. ისინი ფიქრობენ: „ხომ არ მოუწევთ ჩვენს შვილებს ან შვილიშვილებს ომებითა და დამნაშავეობით სავსე მსოფლიოში ცხოვრება, სადაც ეპიდემიები, დაბინძურებული გარემო და შეცვლილი კლიმატი საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს?“ როგორ დავაღწიოთ თავი მსგავს მშფოთვარე ფიქრებს?

წინდახედულ ადამიანს ესმის, რომ საფრთხისგან დაცული არ არის, ამიტომ ის „ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 27:12). როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას რომ გავუფრთხილდეთ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს. ძალადობის შემცველი გართობა და შემაძრწუნებელი კადრებით სავსე ახალი ამბები საწუხარს გვმატებს როგორც ჩვენ, ისე ჩვენს შვილებს. ძალადობრივი სცენებისთვის თვალის არიდება სულაც არ ნიშნავს, რომ რეალობას თვალს არ ვუსწორებთ. ღმერთმა ჩვენი გონება იმისთვის კი არ შექმნა, რომ ბოროტებით ავავსოთ, არამედ იმისთვის, რომ ვიფიქროთ იმაზე, „რაც ჭეშმარიტია . . . რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია“. თუ ასე მოვიქცევით, „მშვიდობის ღმერთი“ შინაგან სიმშვიდეს მოგვცემს (ფილიპელები 4:8, 9).

ლოცვის ძალა

ნამდვილი რწმენა წუხილის დაძლევაში გვეხმარება. ბიბლია მოგვიწოდებს: „ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტრე 4:7). სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი რომ ვიპოვოთ, ღმერთს დახმარება, სიბრძნე და გაბედულება უნდა ვთხოვოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ „რასაც უნდა ვთხოვდეთ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:15).

მეუღლესთან, ავისთან ერთად

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „ამ ქვეყნიერების მმართველი“ ღმერთი კი არა, სატანაა. ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (იოანე 12:31; 1 იოანე 5:19). ამიტომაც ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს, რომ ლოცვისას ღვთისთვის ეთხოვათ: „გვიხსენი ბოროტისგან“ (მათე 6:13). „როცა სირენის ხმა მესმის, იეჰოვას ვთხოვ, რომ დამშვიდებაში დამეხმაროს. ამ დროს მეუღლე მირეკავს და ჩემთან ერთად ლოცულობს. ლოცვა ძალიან მეხმარება“, — გვიზიარებს ალიონა. ბიბლია სწორედ ამას ამბობს: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს, ყველასთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას“ (ფსალმუნი 145:18).

მომავლის იმედი

მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ლოცვისას ღვთისთვის ეთხოვათ: „მოვიდეს შენი სამეფო“ (მათე 6:10). ღვთის სამეფო სამუდამოდ აღმოფხვრის ყოველგვარ საწუხარს. „მშვიდობის მთავრის“, იესოს, მეშვეობით ღმერთი შეწყვეტს „ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ესაია 9:6; ფსალმუნი 46:9). „ის [ღმერთი] სამართლიან განაჩენს გამოიტანს ხალხებისთვის . . . ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს . . . არავინ დააფრთხობს მათ“ (მიქა 4:3, 4). ბედნიერი ოჯახები „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს“ (ესაია 65:21). „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

რაც არ უნდა ვიფრთხილოთ, ჩვენზე „დრო და შემთხვევა“ ყოველთვის მოქმედებს და სავსებით შესაძლებელია, რომ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდეთ (ეკლესიასტე 9:11). საუკუნეებია, რაც ომები, ძალადობა და დაავადებები მრავალ კარგ ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. რა იმედი არსებობს ამ უდანაშაულო მსხვერპლთათვის?

მილიონობით ადამიანს, რომელთა ზუსტი რაოდენობაც მხოლოდ ღმერთმა უწყის, სიცოცხლე კვლავ დაუბრუნდება. დღეს კი ამ ადამიანებს სიკვდილის ძილით სძინავთ და მათ ხსოვნას ღვთის სრულყოფილი მეხსიერება ინახავს იმ დრომდე, სანამ „ყველანი, ვინც სამარხებში არიან . . . გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). ბიბლია საუბრობს მკვდრეთით აღდგომის იმედზე და გვარწმუნებს, რომ „ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის“ (ებრაელები 6:19). ღმერთმა კი „ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი [იესო]“ (საქმეები 17:31).

საწუხარი შესაძლოა მათაც გაუჩნდეთ, ვინც ღვთისმოსაწონად ცხოვრებას ცდილობს. ბრძნულად მოქმედებით, ლოცვის მეშვეობით ღმერთთან დაახლოებითა და ბიბლიური იმედისადმი რწმენის გაძლიერებით პოლმა, ჯანეტმა და ალიონამ შეძლეს გამკლავებოდნენ თავიანთ საწუხარს. დაე, მათ მსგავსად „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით“ (რომაელები 15:13).