არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

გამოცხადების 21:1 — „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა“

გამოცხადების 21:1 — „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა“

 „ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა; წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა განადგურებულიყო, და აღარც ზღვა იყო“ (გამოცხადება 21:1; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის“ (გამოცხადება 21:1; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ახსნა

 ამ მუხლში სიმბოლური ენით არის აღწერილი, როგორ ჩაანაცვლებს ღვთის ზეციერი სამეფო ადამიანთა ხელისუფლებებს. ღვთის სამეფო გაანადგურებს ბოროტებს და თავის მორჩილ ადამიანებზე იმმართველებს.

 მოციქულ იოანეს ღმერთმა მოსახდენი მოვლენები „ნიშნებით აჩვენა“, შესაბამისად, ამ წიგნში სიმბოლური ენაა გამოყენებული (გამოცხადება 1:1). აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ამ მუხლში ცა და დედამიწა პირდაპირი მნიშვნელობით არაა მოხსენიებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმბოლური გაგებით „ახალი ცა“ და „ახალი დედამიწა“ ბიბლიის სხვა მუხლებშიც მოიხსენიება (ესაია 65:17; 66:22; 2 პეტრე 3:13). ამ ბიბლიური მონაკვეთების გამოკვლევა გვეხმარება, ჩავწვდეთ ამ სიტყვების მნიშვნელობას.

 „ახალი ცა“. ბიბლიაში ზოგჯერ სიტყვა „ცა“ მმართველობების თუ ხელისუფლებების აღსაწერად გამოიყენება (ესაია 14:12—14; დანიელი 4:25, 26). ერთ წყაროში ნათქვამია, რომ წინასწარმეტყველურ ხილვებში „ცა სიმბოლურად მმართველ ძალასა და ხელისუფლებაზე მიანიშნებს“. a გამოცხადების 21:1-ში „ახალი ცა“ ცალსახად ღვთის სამეფოს აღწერს. ეს ზეციერი მთავრობა, რომელსაც „ზეციერი სამეფოც“ ეწოდება, არაერთხელაა მოხსენიებული როგორც გამოცხადების წიგნში, ისე ბიბლიის სხვა წიგნებში (მათე 4:17; საქმეები 19:8; 2 ტიმოთე 4:18; გამოცხადება 1:9; 5:10; 11:15; 12:10). ღვთის სამეფო, რომლის მეფეც იესოა, ჩაანაცვლებს „წინანდელ ცას“ ანუ ყველა ადამიანურ მმართველობას (დანიელი 2:44; ლუკა 1:31—33; გამოცხადება 19:11—18).

 „ახალი დედამიწა“. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირდაპირი გაგებით დედამიწა არასდროს განადგურდება (ფსალმუნი 104:5; ეკლესიასტე 1:4). მაშინ ისმის კითხვა, რა იგულისხმება სიმბოლურ დედამიწაში? ბიბლიაში ხშირად სიტყვა „დედამიწა“ კაცობრიობის აღსაწერად გამოიყენება (დაბადება 11:1; 1 მატიანე 16:31; ფსალმუნი 66:4; 96:1). აქედან გამომდინარე, „ახალი დედამიწა“ იმ ადამიანებს აღწერს, რომლებიც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან. „წინანდელი დედამიწა“ ანუ ღვთის სამეფოს მოწინააღმდეგე საზოგადოება მეტად აღარ იარსებებს.

 „აღარც ზღვა იყო“. ამ მუხლის ეს ნაწილიც სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. ზღვა მარტივად აღელდება ხოლმე და ხშირად შტორმებიც წარმოიქმნება. სწორედ ამიტომ ის ზუსტად ასახავს ღვთისგან გაუცხოებულ „ბობოქარ“ საზოგადოებას (ესაია 17:12, 13; 57:20; გამოცხადება 17:1, 15). როგორც ფსალმუნის 37:10-დანაც ვიგებთ, მათი არსებობაც წარსულს ჩაბარდება. აქ ვკითხულობთ: „ცოტაც და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი“.

კონტექსტი

 წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილია ის მოვლენები, რომლებიც „უფლის დღის“ განმავლობაში უნდა მომხდარიყო (გამოცხადება 1:10). ბიბლიური წინასწარმეტყველებების მიხედვით, ეს დღე 1914 წელს დაიწყო, როცა ღვთის სამეფოს მეფე, იესო, მმართველობას შეუდგა. b თუმცა მას მაშინვე არ დაუწყია მთელ დედამიწაზე მმართველობა. როგორც სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებებიდან ვიგებთ, „უფლის დღის“ დასაწყისში მსოფლიოში მდგომარეობა საგრძნობლად უნდა დამძიმებულიყო. ამ პერიოდს ბიბლიაში „ბოლო დღეები“ ეწოდება (2 ტიმოთე 3:1—5, 13; მათე 24:3, 7; გამოცხადება 6:1—8; 12:12). ამ მძიმე და ძნელად ასატანი დღეების დასასრულს ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს სიმბოლურ ძველ ცას და დედამიწას, რის შემდეგაც დედამიწაზე მშვიდობის ხანა დადგება. „ახალი დედამიწა“ ანუ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები მაშინ საუკეთესო გარემოში იცხოვრებენ და სრულყოფილი ჯანმრთელობით გაიხარებენ (გამოცხადება 21:3, 4).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით წიგნ „გამოცხადებაზე“.

a მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია, 1891, ტ. IV, გვ. 122.