არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

მათეს 11:28—30 — „მოდით ჩემთან,.. და მე მოგასვენებთ თქვენ“

მათეს 11:28—30 — „მოდით ჩემთან,.. და მე მოგასვენებთ თქვენ“

 „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდებით. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია, ჩემი ტვირთი კი — მსუბუქი!“ (მათე 11:28—30; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“; ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის გამოცემა).

ახსნა

 იესო გულთბილად იწვევს მსმენელს თავისთან და არწმუნებს, რომ, თუ მისგან ისწავლიან, გამოცოცხლდებიან და შვებას პოვებენ.

 „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო“. იესო ამ თბილი სიტყვებით მიმართავდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე ტვირთად აწვათ რელიგიური წინამძღოლების მიერ დადგენილი წესები და ტრადიციები (მათე 23:4; მარკოზი 7:7). მათ ისედაც რთული ცხოვრება ჰქონდათ, რადგან ოჯახების სარჩენად მძიმედ შრომა უწევდათ.

 „მე გამოგაცოცხლებთ“. დაპირების თანახმად, იესო შვებას მოჰგვრიდა ყველას, ვინც მის გულთბილ მოწვევას გამოეხმაურებოდა. ის უხსნიდა ხალხს, თუ რას ითხოვდა სინამდვილეში ღმერთი მათგან (მათე 7:24, 25). ეს ცოდნა მათ ათავისუფლებდა ცრუ მოძღვრებებისა და დამთრგუნველი რელიგიური ტრადიციების მონობისგან (იოანე 8:31, 32). მართალია, იესოსგან ნასწავლის მიყოლა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ ამგვარად მოქცევა მათ სულის სიმხნევეს და შვებას ჰგვრიდა.

 „დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან“. ძველ დროში მუშები ხშირად იყენებდნენ უღელს — გათლილ ხეს, რომელსაც მძიმე ტვირთის გადასატანად მხრებზე იდგამდნენ. გადატანითი მნიშვნელობით „უღელი“ ნიშნავდა რელიგიური წინამძღოლების მორჩილებაში ყოფნას (ლევიანები 26:13; ესაია 14:25; იერემია 28:4). იესოს სიტყვები „ისწავლეთ ჩემგან“ შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს, როგორც „გახდით ჩემი მოწაფეები“. ასე რომ, იესო მოუწოდებდა თავის მსმენელებს, გამხდარიყვნენ მისი მიმდევრები და მიჰყოლოდნენ მის მაგალითს (იოანე 13:13—15; 1 პეტრე 2:21).

 „გამოცოცხლდებით“. ამ სიტყვებით იესო თავის მიმდევრებს იმას კი არ ჰპირდებოდა, რომ მათ ყველანაირი პრობლემა დაუყოვნებლივ მოუგვარდებოდათ, არამედ იმას, რომ იგრძნობდნენ სიმშვიდეს და ექნებოდათ მომავლის იმედი (მათე 6:25—32; 10:29—31). ვინც იესოსგან ნასწავლის თანახმად ცხოვრება დაიწყო და მისი მოწაფე გახდა, დაინახა, რომ ღვთის მსახურება დამამძიმებელი კი არა, გამომაცოცხლებელია (1 იოანე 5:3).

 „ჩემი უღელი ადვილი სატარებელია, ჩემი ტვირთი კი — მსუბუქი!“. იმდროინდელი რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით იესო რბილი და თავმდაბალი იყო (იოანე 7:47—49). ის უხეშად არავის ეპყრობოდა და არც არავის ჩაგრავდა; პირიქით, უშუალო და კეთილი იყო. იესო რეალურად აფასებდა მოწაფეების შესაძლებლობებს და მათგან იმაზე მეტს არ მოელოდა, ვიდრე შეეძლოთ (მათე 7:12; მარკოზი 6:34; ლუკა 9:11). ის მათ ასწავლიდა, თუ როგორ მოეპოვებინათ ღვთის მოწონება და ეცხოვრათ სუფთა სინდისით, რაც სულიერად გამოაცოცხლებდა მათ (მათე 5:23, 24; 6:14). იესოს დადებითი თვისებები არა მხოლოდ იზიდავდა ხალხს მისკენ, არამედ აღძრავდა, იესოს მსუბუქი უღელი დაედგათ და გამხდარიყვნენ მისი მოწაფეები.

კონტექსტი

 მათეს 11:28—30-ში ჩაწერილი სიტყვები იესომ გალილეაში ქადაგების დროს, ახ. წ. 31 წელს, წარმოთქვა. იესოს ეს თბილი მოწვევა მხოლოდ მათეს სახარებაში გვხვდება. თავად მათემ, ყოფილმა გადასახადების ამკრეფმა და იუდეველმა, კარგად იცოდა, თუ როგორ უჭირდა ხალხს რომაელი მმართველების მიერ დაწესებული გადასახადების გადახდა. მან ისიც კარგად უწყოდა, როგორ იჩაგრებოდნენ ისინი გახრწნილი რელიგიური სისტემის უღელქვეშ. ამ ყველაფრის ფონზე მათეს ძალიან გაახარებდა იმის დანახვა, როგორ იყენებდა იესო მამისგან, იეჰოვასგან, a მიღებულ ძალაუფლებას და თავისთან იწვევდა უბრალო და ჩაგრულ ხალხს (მათე 11:25—27).

 მათეს სახარებიდან კარგად ჩანს, რა შესანიშნავ თვისებებს ავლენდა იესო — აღთქმული მესია და ღვთის სამეფოს მომავალი მეფე (მათე 1:20—23; ესაია 11:1—5).

 უყურეთ ვიდეორგოლს, რომელიც ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით მათეს სახარებაზე.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.