არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?

რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმზე?

ბიბლია გვპასუხობს:

 შემოქმედმა ადამიანებში ჩადო სქესობრივი ურთიერთობის სურვილი და ეს ურთიერთობა მხოლოდ დაქორწინებულ კაცსა და ქალს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან (დაბადება 1:27, 28; ლევიანები 18:22; იგავები 5:18, 19). ბიბლია განსჯის უკანონო სქესობრივ კავშირს, იქნება ეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებსა თუ ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის (1 კორინთელები 6:18). ეს მოიცავს უშუალოდ ინტიმურ კავშირს, სხვა ადამიანის სასქესო ორგანოების ალერსს, ორალურ და ანალურ სექსს.

 მართალია, ბიბლია განსჯის ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ სიძულვილს არ აღვივებს ჰომოსექსუალისტების მიმართ. ქრისტიანები არ არიან ჰომოფობები. ბიბლია მათ მოუწოდებს, „პატივი სცენ ყველას“ (1 პეტრე 2:17).

 იბადება ვინმე ჰომოსექსუალისტად?

ბიბლია არაფერს ამბობს, საიდან იღებს სათავეს ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, თუმცა ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ დაბადებისთანავე ყველა ადამიანი ცუდისკენაა მიდრეკილი (რომაელები 7:21—25). მართალია, ბიბლია არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ საიდან ყალიბდება ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, მაგრამ ღვთის სიტყვა ცალსახად გმობს ერთსა და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის სქესობრივ კავშირს.

 როგორ ვასიამოვნოთ ღმერთს ასეთი მიდრეკილების მიუხედავად?

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება“ (კოლოსელები 3:5). იმისათვის რომ ჩაკლათ საკუთარ თავში არასწორი სურვილები, რაც უზნეობამდე მიგიყვანთ, უნდა გააკონტროლოთ თქვენი ფიქრები. თუ ხშირად კვებავთ გონებას ჯანსაღი აზრებით, ადვილად შეძლებთ, მოერიოთ არასწორ მიდრეკილებებს (ფილიპელები 4:8; იაკობი 1:14, 15). შეიძლება თავიდან გაგიჭირდეთ, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო გაგიადვილდებათ ამის გაკეთება. ღმერთი გპირდებათ, რომ დაგეხმარებათ „განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა“ (ეფესოელები 4:22—24).

 ასეთივე ბრძოლა აქვთ საკუთარ თავთან მილიონებს, რომელთაც საპირისპირო სქესის ადამიანები იზიდავთ. მაგალითად, ისინი, ვინც დაუქორწინებლები არიან და არც დაქორწინების პერსპექტივა აქვთ ან ჯანმრთელობის გამო დაკარგული აქვთ სქესობრივი ცხოვრების უნარი, შესაძლოა ხვდებოდნენ ცდუნებებს, რომელთა დაძლევაც დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდეთ. მიუხედავად ამისა, ისინი სიხარულს არ კარგავენ. მსგავსადვე შეუძლიათ მოიქცნენ ისინი, ვისაც თავისივე სქესის ადამიანები იზიდავთ, თუ სურთ, რომ ასიამოვნონ ღმერთს (კანონი 30:19).