არჩეულ მასალაზე გადასვლა

ურთიერთგამომრიცხავი აზრებია ბიბლიაში ჩაწერილი?

ურთიერთგამომრიცხავი აზრებია ბიბლიაში ჩაწერილი?

ბიბლია გვპასუხობს:

 არა, რადგან ბიბლიის ყველა წიგნი ურთიერთშეთანხმებულია. მართალია, ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი შეიძლება ურთიერთსაპირისპირო გვეჩვენებოდეს, მაგრამ მათ სწორად გაგებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ქვემოთ მოყვანილ ფაქტორებს მივიღებთ მხედველობაში:

  1.   ყურადღება მიაქციეთ კონტექსტს. კონტექსტის გაუთვალისწინებლად ერთი და იმავე ავტორის მიერ დაწერილ წიგნში მოცემული აზრებიც კი შეიძლება ურთიერთსაპირისპირო მოგვეჩვენოს.

  2.   მხედველობაში მიიღეთ ის, თუ როგორ აღიქვამს მოვლენებს ამა თუ იმ წიგნის დამწერი. ერთი და იმავე მოვლენის თვითმხილველებმა შესაძლოა ეს მოვლენა სხვადასხვა სიტყვებით აღწერონ და სხვადასხვა დეტალები მოიხსენიონ.

  3.   გაითვალისწინეთ ისტორიული ფონი და ადგილობრივი ადათ-წესები.

  4.   განსაზღვრეთ, ესა თუ ის სიტყვა პირდაპირი გაგებითაა გამოყენებული თუ გადატანითი მნიშვნელობით.

  5.   ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ესა თუ ის მოქმედება შეიძლება შემსრულებელს კი არ მიეწეროს, არამედ დამკვეთს. a

  6.   ისარგებლეთ ბიბლიის ზუსტი თარგმანით.

  7.   ნუ ეცდებით, რომ ის, რასაც ბიბლია ამბობს, მოარგოთ გავრცელებულ მცდარ სწავლებებსა თუ დოგმებს.

 ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან დავინახავთ, თუ რატომ თვლის ზოგი, რომ ბიბლიაში ურთიერთგამომრიცხავი აზრებია ჩაწერილი და რატომ არ შეესაბამება ეს სინამდვილეს.

1. კონტექსტი

  თუ ღმერთმა მეშვიდე დღეს დაისვენა, როგორღა აგრძელებს შრომას? წიგნ „დაბადებაში“ ვკითხულობთ, რომ ღმერთი „მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისგან ისვენებს“. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მან დედამიწაზე თავისი შემოქმედებითი საქმიანობა დაასრულა (დაბადება 2:2—4). იესომ კი თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს“. ნიშნავს ეს იმას, რომ მისი სიტყვები ეწინააღმდეგება წიგნ „დაბადებაში“ ნათქვამს? არა, რადგანაც იესო შემოქმედებაზე კი არა, ღვთის სხვა საქმეებზე საუბრობდა (იოანე 5:17). ამ საქმეებში შედიოდა ის, რომ ღმერთი შთაგონებით აწერინებდა ადამიანებს ბიბლიურ წიგნებს, ხელმძღვანელობდა და ზრუნავდა მათზე (ფსალმუნი 20:6; 105:5; 2 პეტრე 1:21).

2, 3: ავტორისეული აღქმა და ისტორიული ფონი

  სად განკურნა იესომ უსინათლო კაცი? ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ იესომ უსინათლო კაცი მაშინ განკურნა, როცა „იერიხონს უახლოვდებოდა“. მათეს სახარებაში კი ნათქვამია, რომ იესომ ორ უსინათლოს დაუბრუნა თვალისჩინი მაშინ, როცა „იერიხონიდან გამოდიოდა“ (ლუკა 18:35—43; მათე 20:29—34). ფაქტიურად, მათესა და ლუკას მონათხრობი ერთმანეთს ავსებს. როგორც ჩანს, მათემ ყურადღება უსინათლოების რაოდენობაზე გაამახვილა, მაშინ, როცა ლუკამ ყურადღება იმას მიაქცია, თუ რა უთხრა იესომ ერთ-ერთ მათგანს. რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ იესოს დროს იერიხონი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ქალაქის ძველი, ებრაული ნაწილი დაახლოებით კილომეტრ-ნახევრით იყო დაშორებული ქალაქის შედარებით ახალი, რომაული ნაწილისგან. როგორც ჩანს, იესო ამ ორ ქალაქს შორის იმყოფებოდა, როცა ეს სასწაული მოახდინა.

4. პირდაპირი გაგებით და გადატანითი მნიშვნელობით

  განადგურდება დედამიწა? ბიბლიაში, ეკლესიასტეს 1:4-ში, ნათქვამია, რომ „დედამიწა მარადიულად რჩება“. ზოგის აზრით, ეს მუხლი ეწინააღმდეგება ბიბლიაში ნათქვამ სიტყვებს, რომ „მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება“ (2 პეტრე 3:10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). ბიბლიაში სიტყვა „დედამიწა“ გამოყენებულია, როგორც პირდაპირი გაგებით და ისე გადატანითი მნიშვნელობით — ერთ შემთხვევაში იგულისხმება ჩვენი პლანეტა, ხოლო მეორე შემთხვევაში მასზე მცხოვრები ხალხი (დაბადება 1:1; 11:1). როცა 2 პეტრეს 3:10-ში ვკითხულობთ, რომ „მიწა“ ანუ „დედამიწა“ გადაიბუგება, ეს მიუთითებს არა პლანეტის განადგურებაზე, არამედ „უღვთოთა დაღუპვაზე“ (2 პეტრე 3:7).

5. მოქმედების სხვისთვის მიწერა

  ვინ გადასცა კაპერნაუმში იესოს ცენტურიონის თხოვნა? მათეს 8:5, 6-ში ვკითხულობთ, რომ ცენტურიონი (ასისთავი) თვითონ მივიდა იესოსთან, ლუკას 7:3-ში კი წერია, რომ ცენტურიონმა მას იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა. ეს, ერთი შეხედვით, უზუსტობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ მართალია, თხოვნა ასისთავს ეკუთვნოდა, მაგრამ მან ის იესოს უხუცესების პირით შეუთვალა.

6. ზუსტი თარგმანი

  ყველანი ვცოდავთ? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ პირველი ადამიანისგან, ადამისგან ყველამ მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა (რომაელები 5:12). ზოგ თარგმანში კი საპირისპირო რამაა ნათქვამი, რომ თითქოსდა კარგი ადამიანი „არ სცოდავს“ (1 იოანე 3:6). ბერძნულ დედნისეულ ტექსტში ეს ზმნა აწმყო დროშია და განგრძობით მოქმედებას გამოხატავს. მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვასა და განზრახ არაერთხელ ჩადენილ ცოდვას შორის განსხვავება აშკარაა. ასე რომ, ბიბლიის ზოგიერთი თარგმანი ნათელს ჰფენს ამ ვითომდა ურთიერთსაპირისპირო აზრს, როდესაც ამ ფრაზას შემდეგნაირად თარგმნის: „გამუდმებით არ სცოდავს“ („ფილიპსის თარგმანი“).

7. ბიბლია და გავრცელებული მცდარი სწავლებები

  იესო ღვთის თანასწორია თუ მასზე დაბლა მდგომი? ერთხელ იესომ თქვა: „მე და მამა ერთნი ვართ“. ეს სიტყვები შეიძლება, ერთი შეხედვით, ეწინააღმდეგებოდეს მისსავე ნათქვამს: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 10:30; 14:28). ეს მუხლები სწორედ რომ გავიგოთ, უბრალოდ კი არ უნდა მოვარგოთ არაბიბლიურ სამების დოგმატს, არამედ უნდა გამოვიკვლიოთ, რას ამბობს სინამდვილეში ბიბლია იეჰოვასა და იესოზე. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა არა მხოლოდ იესოს მამაა, არამედ იესოს ღმერთიც, რომელსაც თავად იესოც სცემს თაყვანს (მათე 4:10; მარკოზი 15:34; იოანე 17:3; 20:17; 2 კორინთელები 1:3). ასე რომ, იესო არ არის ღვთის თანასწორი.

 თუ გავითვალისწინებთ იესოს სიტყვების — „მე და მამა ერთნი ვართ“ — კონტექსტს, დავინახავთ, რომ ის საუბრობდა იმაზე, რომ მას და მის მამას, იეჰოვა ღმერთს, ერთი მიზანი აერთიანებდათ. იესომ მოგვიანებით თქვა: „მამა ერთობაშია ჩემთან, მე კი — მამასთან“ (იოანე 10:38). იესოსა და მის მოწაფეებსაც ერთი აზრი ჰქონდათ. სწორედ ამიტომ სთხოვდა მამას მათზე: „მე მივეცი მათ დიდება, რომელიც შენ მომეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი. მე მათთან ერთობაში ვარ, შენ კი — ჩემთან“ (იოანე 17:22, 23).

a მაგალითად, ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია, რომ ტაჯ-მაჰალი „მოგოლთა იმპერატორმა, შაჰ-ჯაჰანმა ააშენა“. თუმცა, იგი უშუალოდ მას არ აუშენებია, რადგან იმავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ მშენებლობაში „20 000-ზე მეტი მუშა იღებდა მონაწილეობას“.