არჩეულ მასალაზე გადასვლა

ცვლის ღმერთი თავის გადაწყვეტილებებს?

ცვლის ღმერთი თავის გადაწყვეტილებებს?

ბიბლია გვპასუხობს:

 დიახ, ზოგ შემთხვევაში ღმერთი ცვლის თავის გადაწყვეტილებებს; მაგალითად მაშინ, როცა ადამიანები იცვლებიან. ძველად, როდესაც ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით ისრაელს თავისი განაჩენის შესახებ განუცხადა, ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „იქნებ მოგისმინონ და მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან და მეც გადავიფიქრო ის უბედურება, რომლის დატეხვასაც ვუპირებ მათ მათი ბოროტი საქმეების გამო“ (იერემია 26:3).

 ბიბლიის ბევრ სხვა თარგმანში სიტყვა „გადავიფიქრო“ ნათარგმნია, როგორც „ვინანებ“, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ღმერთმა შეცდომა დაუშვა. თუმცა დედანში, ებრაულ ენაზე ეს სიტყვა „აზრის ან განზრახვის შეცვლას“ ნიშნავს. ერთმა სწავლულმა აღნიშნა: „თუ ადამიანი იცვლება, ღმერთიც ცვლის თავის განაჩენს“.

 ღმერთი კი ცვლის თავის გადაწყვეტილებებს საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვალდებულია, ყოველთვის ასე მოიქცეს. ბიბლიაში მოთხრობილია შემთხვევები, როცა ღმერთმა არ შეიცვალა აზრი:

  •   ღმერთმა არ დართო ბალაკს ნება, გავლენა მოეხდინა მასზე ანუ შეეცვალა გადაწყვეტილება და დაეწყევლა ისრაელი (რიცხვები 23:18—20).

  •   მას შემდეგ, რაც ისრაელის მეფე საულზე ბოროტმა საბოლოოდ იმძლავრა, ღმერთმა უარყო იგი, როგორც ისრაელის მეფე და აღარც შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება (1 სამუელი 15:28, 29).

  •   ღმერთი შეასრულებს თავის დანაპირებს, რომლის თანახმადაც თავისი ძე მარადიულად იმსახურებს მღვდლად. ღმერთი არასდროს შეცვლის ამ გადაწყვეტილებას (ფსალმუნი 110:4).

ბიბლიაში ხომ წერია, რომ ღმერთი არასდროს იცვლება?!

 დიახ, ბიბლიაში მართლაც წერია: „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“ (მალაქია 3:6). სხვა ბიბლიურ მუხლშიც ღმერთზე მსგავსი აზრია ჩაწერილი: „[ღმერთი] ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკობი 1:17). თუმცა ეს ბიბლიური მონაკვეთები არ გამორიცხავს ზემოთქმულს, ანუ იმას, რომ ღმერთი ცვლის თავის გადაწყვეტილებებს. ღმერთი არასდროს იცვლება და არც მისი ნორმები სიყვარულთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით (კანონი 32:4; 1 იოანე 4:8). მიუხედავად ამისა, ღმერთმა შეიძლება სხვადასხვა დროს განსხვავებული მითითებები მისცეს ხალხს. მაგალითად, ერთხელ ღმერთმა ორი სრულიად განსხვავებული მითითება მისცა მეფე დავითს, თუ როგორ მოქცეულიყო ორ თითქმის ერთნაირ სიტუაციაში (2 სამუელი 5:18—25).

ნანობს ღმერთი, ადამიანები რომ შექმნა?

 რა თქმა უნდა, არა, თუმცა მას გულს სტკენს ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმეტესობა არ აღიარებს და უარყოფს მას. ბიბლიაში ვკითხულობთ, თუ რას გრძნობდა ღმერთი, როცა უყურებდა წარღვნამდელ პერიოდში მცხოვრებ ხალხს: „დამწუხრდა იეჰოვა, რომ შექმნა ადამიანები დედამიწაზე და გული ეტკინა“ (დაბადება 6:6). ამ ბიბლიურ მუხლში ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც „დამწუხრდა“, „აზრის შეცვლას“ ნიშნავს. ღმერთმა შეიცვალა თვალსაზრისი იმ ადამიანებზე, რომლებიც წარღვნამდე ცხოვრობდნენ, რადგან ისინი გაბოროტდნენ (დაბადება 6:5, 11). მართალია, ღმერთი დამწუხრდა, რომ მათ არასწორი კურსი აირჩიეს, მაგრამ მას ადამიანთა მთელ მოდგმაზე არ შეუცვლია თვალსაზრისი. ღმერთმა წარღვნის დროს ნოე და მისი ოჯახი გადაარჩინა და მათი მეშვეობით ადამიანთა მოდგმას არსებობის საშუალება მისცა (დაბადება 8:21; 2 პეტრე 2:5, 9).