არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„კრიმინალურმა ცხოვრებამ და ფულის სიყვარულმა დიდი ტკივილი მომაყენა“

„კრიმინალურმა ცხოვრებამ და ფულის სიყვარულმა დიდი ტკივილი მომაყენა“
  • დაბადების წელი: 1974

  • ქვეყანა: ალბანეთი

  • წარსულში: მძარცველი, ნარკოტიკების გამსაღებელი, პატიმარი

მოკლე ბიოგრაფია

 დავიბადე ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. მამაჩემი ცდილობდა, პატიოსანი შრომით ერჩინა ოჯახი. ბევრს მუშაობდა, მაგრამ მატერიალურად მაინც გვიჭირდა. ბავშვობაში საკმაოდ მტკივნეულად აღვიქვამდი ჩვენს მდგომარეობას. მახსოვს, ნახევრად მშიერი ვიყავი ხოლმე, რომ აღარაფერი თქვა იმაზე, რომ წესიერი ფეხსაცმელიც კი არ მქონდა.

 ქურდობა ძალიან პატარა ასაკში დავიწყე. ვფიქრობდი, რომ ამით ოჯახს ვეხმარებოდი. მალე პოლიციასთან პრობლემები შემექმნა, ამიტომ 14 წლის ასაკში, 1988 წელს, მამაჩემმა გამოსასწორებელ სკოლაში გამგზავნა. იქ ორი წელი გავატარე და შემდუღებლის პროფესიას დავეუფლე. იქიდან რომ დავბრუნდი, მინდოდა, პატიოსნად მეშრომა, მაგრამ სამსახურს ვერ ვპოულობდი. იმ დროს ალბანეთში პოლიტიკური არეულობის გამო ძალიან ბევრი იყო უმუშევრად დარჩენილი. იმედგაცრუებულმა ისევ ძველ მეგობრებთან დავიჭირე საქმე და ქურდობა დავიწყე. რაღაც დროის შემდეგ დაგვაპატიმრეს და სამწლიანი პატიმრობა მოგვისაჯეს.

 ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი. ეკონომიკა თითქმის ჩამოშლილი იყო, ამიტომ ქვეყანა ქაოსში იყო გახვეული. სწორედ ამ პერიოდში ვიშოვე ძალიან ბევრი ფული კრიმინალური საქმიანობით. ერთ-ერთი შეიარაღებული ძარცვის დროს ჩემი ორი თანამზრახველი დააპატიმრეს, მე კი სხვა ქვეყანაში გაქცევით ვუშველე თავს. იმ პერიოდში დავქორწინდი იულინდაზე. მოგვიანებით ვაჟი შეგვეძინა.

 ბოლოს ინგლისში დავფუძნდით. ძალიან მინდოდა ცოლ-შვილთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ ცუდი ჩვევები იმდენად მქონდა ძვალ-რბილში გამჯდარი, რომ არაფრის შეცვლა არ შემეძლო. მალე კიდევ ერთი უკანონო საქმე წამოვიწყე — ნარკოტიკებს ვასაღებდი და დიდ ფულს ვატრიალებდი.

 გაინტერესებთ, რას ფიქრობდა იულინდა ჩემს საქმიანობაზე? აი რას ამბობს ის: „ალბანეთში გავიზარდე; ჩემი ოცნება იყო, სიღარიბისთვის თავი დამეღწია. ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ კი უკეთესად მეცხოვრა. მეგონა, ბედნიერებისთვის ფული იყო საჭირო, ამიტომ ყველანაირად ვუწყობდი ხელს არტანს, რომ ეთაღლითა, ექურდა და ნარკოტიკები გაესაღებინა“.

„ყველანაირად ვუწყობდი ხელს არტანს, რომ ეთაღლითა, ექურდა და ნარკოტიკები გაესაღებინა“, — იულინდა.

 2002 წელს ყველაფერი შეიცვალა. პოლიციამ დიდი რაოდენობის ნარკოტიკი აღმომიჩინა, რის გამოც კიდევ ერთხელ ამოვყავი თავი ციხეში. ფულის შოვნის ყველანაირი გეგმა ჩაგვეფუშა და ჩვენს ოცნებებსაც წერტილი დაესვა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 ბიბლია ჩემს ცხოვრებაზე ისე ახდენდა გავლენას, რომ ვერც კი ვაცნობიერებდი. 2000 წელს ჩემმა მეუღლემ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მას ძალიან სიამოვნებდა ბიბლიურ თემებზე საუბარი, მე კი — არა, რადგან მეგონა, რომ მოსაწყენი იყო. იულინდა გვიყვება: „მორწმუნე ოჯახში გავიზარდე და ყოველთვის ვაფასებდი ბიბლიას. სულ მაინტერესებდა, რას ასწავლიდა ეს წიგნი, ამიტომ მოწმეებს სიამოვნებით დავთანხმდი შესწავლაზე. მივხვდი, რომ, რასაც ბიბლია ასწავლიდა, სიმართლე იყო. ამ წიგნმა ჩემს ცხოვრებაზე გარკვეულწილად იქონია გავლენა, მაგრამ რაღაც-რაღაცებში ჯერ კიდევ მჭირდებოდა თვალსაზრისის შეცვლა. მაგალითად, ვერ ვთავისუფლდებოდი იმ აზრისგან, რომ ბედნიერება ფულში იყო. არტანი ბოლოს რომ დააპატიმრეს, თითქოს ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა. ბოლომდე გავიაზრე, რომ ბიბლიის თვალსაზრისი ფულთან დაკავშირებით სრული ჭეშმარიტება იყო. მანამდე ფულის გამო ყველაფერზე მივდიოდით, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც ვერ ვგრძნობდით. მივხვდი, რომ ბიბლიური ნორმებით უნდა მეცხოვრა“.

 2004 წელს, როცა ციხიდან გამათავისუფლეს, მინდოდა, ისევ ნარკოტიკებით მევაჭრა. თუმცა იულინდა სრულიად განსხვავებულად ფიქრობდა. მან მითხრა: „ფული აღარ მჭირდება. მინდა, რომ ქმარი გვერდით მყავდეს და ჩვენს შვილებს მამის მზრუნველობა არ მოაკლდეთ“. გაოგნებული ვუსმენდი, მაგრამ მისმა სიტყვებმა სერიოზულად დამაფიქრა. წლები ისე გადიოდა, რომ ოჯახის გვერდით არ ვიყავი. ჩემს ცხოვრებას გადავავლე თვალი და დავინახე, რომ ფულს გამოდევნებულმა ძალიან ბევრი ტკივილი მივაყენე საკუთარ თავს. გადავწყვიტე, რადიკალურად შემეცვალა ჩემი ცხოვრება და მთლიანად გამეწყვიტა ურთიერთობა ძველ მეგობრებთან.

 გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როცა ცოლ-შვილთან ერთად იეჰოვას მოწმეების შეხვედრას დავესწარი. აღფრთოვანებული ვიყავი ამ ხალხის გულწრფელობისა და სიყვარულის შემხედვარე. ბოლოს მეც დავიწყე ბიბლიის შესწავლა.

ერთ დროს ვფიქრობდი, რომ ბედნიერება ფულში იყო.

 ბიბლიიდან დავინახე, რომ „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და [ზოგიერთებმა], ვისაც ამგვარმა სიყვარულმა სძლია, ... მრავალი ტკივილი მიაყენეს საკუთარ თავს“ (1 ტიმოთე 6:9, 10). ეს მე მწარე გაკვეთილით ვისწავლე. ძალიან ვწუხდი განვლილი ცხოვრების და იმ ტკივილის გამო, რომელიც საკუთარ თავს და ჩემს ოჯახს მივაყენე (გალატელები 6:7). როცა გავიგე, რა ძლიერ ვუყვარვართ იეჰოვას და მის ძეს, იესოს, სურვილი გამიჩნდა, ჩემს თვისებებზე მემუშავა და უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი. ვცდილობდი, სხვებზე უფრო მეტი მეფიქრა, ვიდრე საკუთარ თავზე, და ოჯახთან ერთად უფრო დიდი დრო გამეტარებინა.

კურთხევები

 ძალიან დამეხმარა ბიბლიური რჩევა: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (ებრაელები 13:5). დღეს სუფთა სინდისი მაქვს და თავს მშვიდად ვგრძნობ. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ! ჩვენი ქორწინებაც უფრო განმტკიცდა და ოჯახის წევრებსაც უფრო ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.

 ერთ დროს ვფიქრობდი, რომ ბედნიერება ფულში იყო, მაგრამ მწარედ ვცდებოდი. კრიმინალურმა ცხოვრებამ და ფულის სიყვარულმა დიდი ტკივილი მომაყენა. მდიდრები არ ვართ, მაგრამ გვაქვს ის, რაც ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია — იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა. მთელი ოჯახი მას ვემსახურებით, რაც უდიდეს სიხარულს გვანიჭებს!

არტანი ცოლ-შვილთან ერთად იეჰოვას მოწმეების კონგრესზე