არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 32

ახალგაზრდებო, ნათლობის შემდეგაც განაგრძეთ სულიერი წინსვლა!

ახალგაზრდებო, ნათლობის შემდეგაც განაგრძეთ სულიერი წინსვლა!

„ყოველმხრივ გავიზარდოთ სიყვარულით“ (ᲔᲤᲔᲡ. 4:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 56 გაითავისეთ ჭეშმარიტება

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა გააკეთა ბევრმა ახალგაზრდამ, რომ მონათლულიყო?

 ᲧᲝᲕᲔᲚᲬᲚᲘᲣᲠᲐᲓ ათასობით ახალგაზრდა ინათლება. თუ შენც გადადგი ეს ნაბიჯი, დარწმუნებული იყავი, რომ შენი სულიერი და-ძმები და იეჰოვა შენთან ერთად ხარობენ (იგავ. 27:11). ერთი წუთით დაფიქრდი, რამდენი რამ გააკეთე, რომ აქამდე მოსულიყავი. შესაძლოა არაერთი წელი გულმოდგინედ სწავლობდი ბიბლიას. ამან დაგარწმუნა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. მეტიც, გაიცანი და შეიყვარე ბიბლიის ავტორი. ღვთის სიყვარულმა აღგძრა, თავი მიგეძღვნა მისთვის და მონათლულიყავი, რისთვისაც შესაქები ხარ.

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ალბათ, ნათლობამდე უკვე არაერთხელ გამოიცადა შენი რწმენა, თუმცა წლების სვლასთან ერთად ახალ-ახალ გამოცდებსაც შეხვდები. სატანა შეეცდება გაგინელოს იეჰოვასადმი სიყვარული და ჩამოგაშოროს მას (ეფეს. 4:14). რა უნდა გააკეთო, რომ ეს არ მოხდეს? რა დაგეხმარება, რომ უერთგულო იეჰოვას და შენს აღთქმას? უნდა განაგრძო სულიერი ზრდა ანუ ქრისტიანული მოწიფულობისკენ სწრაფვა (ებრ. 6:1). რა დაგეხმარება ამაში?

ᲠᲐ ᲓᲐᲒᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲡᲣᲚᲘᲔᲠ ᲬᲘᲜᲡᲕᲚᲐᲨᲘ

3. რისი გაკეთება გვმართებს ყველას ნათლობის შემდეგ?

3 ნათლობის შემდეგ ყველას გვმართებს, გავითვალისწინოთ ეფესოელი ქრისტიანებისთვის მიცემული პავლეს რჩევა, კერძოდ ის, რომ „ზრდადასრულებული“ გამხდარიყვნენ (ეფეს. 4:13). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლე ეუბნებოდა მათ, რომ გაეგრძელებინათ სულიერი ზრდა. ამის უკეთ დასანახვებლად მან სულიერი ზრდა ბავშვის ზრდას შეადარა. მშობლებს ახარებთ ახალშობილი, მაგრამ ის უნდა გაიზარდოს და განვითარდეს და დროთა განმავლობაში „ყოველივე ბავშვური“ მოიშოროს (1 კორ. 13:11). იგივე პრინციპი მოქმედებს ჩვენზეც. ნათლობის შემდეგ უნდა განვაგრძოთ სულიერი ზრდა. მოდი განვიხილოთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც ამაში დაგვეხმარება.

4. რა დაგეხმარება სულიერ ზრდაში? ახსენით (ფილიპელები 1:9).

4 უფრო მეტად შეიყვარე იეჰოვა. ფაქტია, უკვე გიყვარს იეჰოვა, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია გაიღრმაო ეს სიყვარული. რა დაგეხმარება ამაში? ერთ-ერთი საშუალება პავლემ ფილიპელების 1:9-ში მოიხსენია (წაიკითხეთ). როგორც ამ მუხლიდან ჩანს, პავლე ლოცულობდა, რომ ფილიპელ ქრისტიანებს უფრო და უფრო გაეღრმავებინათ სიყვარული ცოდნასთან და გამჭრიახობასთან ერთად. ცოდნა და გამჭრიახობა ჩვენც დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ იეჰოვა. რაც მეტად გავეცნობით იეჰოვას, მით მეტად შევიყვარებთ მას და დავაფასებთ მის თვისებებსა და იმას, რას და როგორ აკეთებს. უფრო მეტად შევეცდებით, ვასიამოვნოთ მას და გული არ ვატკინოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩავწვდეთ, რა არის ღვთის ნება და როგორ შევასრულოთ ის.

5, 6. რა დაგვეხმარება, გავიღრმაოთ იეჰოვასადმი სიყვარული? ახსენით.

5 იეჰოვასადმი სიყვარულის გაღრმავებაში მისი ძის უკეთ გაცნობაც დაგვეხმარება, რომელიც მამის განსახიერება იყო (ებრ. 1:3). იესოს კი ყველაზე კარგად ოთხი სახარება გვაცნობს. ასე რომ, თუ გინდა, ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას მიეჩვიო, სახარებებით დაიწყე. კითხვის დროს განსაკუთრებით იესოს თვისებებს დააკვირდი. მასთან ურთიერთობა არავის უჭირდა. ის ბავშვებსაც სითბოთი და სიყვარულით ეპყრობოდა (მარ. 10:13—16). არც მოწაფეები იძაბებოდნენ მის გვერდით და თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს (მათ. 16:22). იესომ თავისი მაგალითით დაგვანახვა, როგორია ზეციერი მამა. არც იეჰოვა გვიკეტავს მასთან მისასვლელ გზას და ყოველთვის მზად არის ჩვენი ლოცვების მოსასმენად. ლოცვაში შეგვიძლია თავისუფლად გადავუშალოთ მას გული და არ გვქონდეს იმის შიში, რომ ბრალს დაგვდებს. მას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე (1 პეტ. 5:7).

6 გარდა ამისა, იესოს ებრალებოდა ხალხი. აი, რას ვიგებთ მათეს სახარებიდან: „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით გასაცოდავებულნი და დაფანტულნი იყვნენ“ (მათ. 9:36). რას გვეუბნება ეს იეჰოვაზე? პასუხს თავად იესო გვცემს: „არ სურს ჩემს ზეციერ მამას, რომ ამ მცირეთაგან თუნდაც ერთი დაიღუპოს“ (მათ. 18:14). გულს გვითბობს იმის ცოდნა, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას ჩვენდამი. ასე რომ, რაც მეტად გავეცნობით იესოს, მით მეტად შეგვიყვარდება იეჰოვა.

7. რა მხრივ დაგეხმარება მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა?

7 თუ კრებაში უფრო ახლოს გაეცნობი მოწიფულ და-ძმებს, ესეც დაგეხმარება, გაიზარდო სულიერად და უფრო მეტად შეიყვარო იეჰოვა. თუ მათ დააკვირდები, დაინახავ, რომ ისინი ბედნიერები არიან, და ერთი წუთითაც არ ნანობენ იმას, რომ იეჰოვას მსახურება აირჩიეს. სთხოვე მათ, მოგიყვნენ იეჰოვას მსახურებაში თავს გადამხდარი შემთხვევები, ხოლო როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დადგები, რჩევა ჰკითხე. ბიბლიაშიც ხომ წერია, რომ „მრჩეველთა სიმრავლეს ხსნა მოაქვს“ (იგავ. 11:14).

როგორ უნდა მოემზადო საკუთარი პოზიციის დასაცავად სკოლაში, როცა ევოლუციის თეორიაზე მოგიწევს საუბარი? (იხილეთ აბზაცები 8, 9).

8. რა დაგეხმარება ეჭვების გაფანტვაში?

8 გათავისუფლდი ეჭვებისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატანა შეეცდება, ხელი შეგიშალოს სულიერ წინსვლაში. მას სურს, დაგაეჭვოს ამა თუ იმ ბიბლიურ სწავლებაში. მაგალითად, შეიძლება ევოლუციის თეორიით შეეცადოს, გაგიჩინოს ეჭვები. შესაძლოა ადრე არც კი გიფიქრია ამ საკითხზე, მაგრამ დღეს უკვე სკოლაში გასწავლიან ევოლუციის თეორიას და ის არგუმენტები, რომლებიც მასწავლებლებს მის მხარდასაჭერად მოჰყავთ, შესაძლოა ლოგიკურად და დამაჯერებლადაც კი ჟღერს. თუმცა, დიდი ალბათობით, მასწავლებლებს სერიოზულად არც კი უფიქრიათ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს. გახსოვდეს იგავების 18:17-ში ჩაწერილი პრინციპი: „სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალი ჩანს, სანამ მეორე არ მოვა და თავისას არ იტყვის“. ნაცვლად იმისა, რომ ბრმად დაიჯერო ყველაფერი, რასაც სკოლაში უტყუარ ფაქტად ასაღებენ, ჩვენი პუბლიკაციების დახმარებით გულდასმით გამოიკვლიე ბიბლიაში მოცემული არგუმენტები. ესაუბრე და-ძმებს, რომელთაც ერთ დროს სწამდათ ევოლუციის და ჰკითხე, რამ დაარწმუნათ მოსიყვარულე შემოქმედის არსებობაში. b ასეთი საუბრები დაგეხმარება, შეიხსენო ის მტკიცებულებები, რომლებიც შემოქმედის არსებობაზე მოწმობს.

9. რას სწავლობ მელისას შემთხვევიდან?

9 ერთ დას, მელისას, c შემოქმედების საკითხის გამოკვლევა ძალიან დაეხმარა. ის ამბობს: «სკოლაში ევოლუციის თეორიას ისე გასწავლიან, რომ საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს. თავიდან არ მინდოდა ამ საკითხის გამოკვლევა, რადგან ვფიქრობდი, ვაითუ ევოლუციის თეორია სიმართლე აღმოჩნდეს-მეთქი. მაგრამ იმაზეც დავფიქრდი, რომ იეჰოვა ჩვენგან გაუაზრებელ მსახურებას არ მოითხოვს. ამიტომ გადავწყვიტე, ეს საკითხი გამომეკვლია. წავიკითხე წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ და ბროშურები „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. ვფიქრობ, ეს უფრო ადრეც უნდა გამეკეთებინა».

10, 11. რა დაგეხმარება ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში? (1 თესალონიკელები 4:3, 4).

10 არ აჰყვე ცდუნებას. მოზარდობის წლებში სქესობრივი ლტოლვა შეიძლება მოზღვავებული გქონდეს და თანატოლებიც შეეცადონ უზნეო საქციელში შენს აყოლიებას. სატანასაც ის უნდა, რომ სურვილებს აჰყვე. რა დაგეხმარება ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში? (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:3, 4). იეჰოვას გაანდე შენი გრძნობები და სთხოვე, ძალა მოგცეს (მათ. 6:13). გახსოვდეს, რომ იეჰოვას შენი დახმარება უნდა და არა გაკიცხვა (ფსალმ. 103:13, 14). დახმარებისთვის ღვთის სიტყვასაც მიმართე. ზემოთ მოხსენიებულ მელისას უწმინდურ ფიქრებთანაც უწევდა ბრძოლა. ის ამბობს: „ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ასეთი ფიქრების მოშორებაში მეხმარებოდა და შემახსენებდა, რომ იეჰოვა იყო ჩემი ღმერთი და მის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი“ (ფსალმ. 119:9).

11 მარტო ნუ დარჩები შენს პრობლემებთან. მოუყევი მშობლებს, რასთან გიწევს ბრძოლა. მშობლებთან ასეთ საკითხებზე საუბარი ადვილი არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს ამის გაკეთება. მელისა ამბობს: „ლოცვაში გამბედაობა ვთხოვე ღმერთს და მამას დაველაპარაკე. მასთან საუბრის შემდეგ გულზე მომეშვა. ვიცოდი, რომ ამით გული გავუხარე იეჰოვას“.

12. რა დაგეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში?

12 გაითვალისწინე ბიბლიური პრინციპები. თანდათან მშობლები მეტ თავისუფლებას მოგცემენ და თავად მოგიწევს გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ჯერ ცხოვრებისეული გამოცდილება არ გაქვს. რა დაგეხმარება, ისეთი შეცდომა არ დაუშვა, რომელიც იეჰოვასთან ურთიერთობას გაგიფუჭებდა? (იგავ. 22:3). ერთ დას, კარის, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში იმის გააზრება დაეხმარა, რომ მოწიფულ ქრისტიანს ყველაფერში წესების დადგენა არ სჭირდება. ის მიხვდა, რომ ადამიანი მხოლოდ კანონებით კი არ უნდა ხელმძღვანელობდეს, არამედ კარგად ესმოდეს ბიბლიური პრინციპებიც. ასე რომ, ბიბლიის კითხვისას დაფიქრდი: როგორ ჩანს ბიბლიის ამ მონაკვეთიდან იეჰოვას თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე? რა სახელმძღვანელო პრინციპის დანახვა შეიძლება აქედან? როგორ დაგეხმარება ამ პრინციპის გათვალისწინება? (ფსალმ. 19:7; ეს. 48:17, 18). ბიბლიის კითხვა და მასში მოცემულ პრინციპებზე დაფიქრება გაგიადვილებს იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებას. სულიერ ზრდასთან ერთად დაინახავ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე წესების დადგენა არ გჭირდება, რადგან კარგად გესმის იეჰოვას თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე.

ვის დაუმეგობრდა ეს ახალგაზრდა და? (იხილეთ აბზაცი 13).

13. რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ კარგ მეგობრებს? (იგავები 13:20).

13 იმეგობრე მათთან, ვისაც იეჰოვა უყვარს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შენს სულიერ ზრდაზე გავლენას იქონიებს ის, თუ ვისთან იმეგობრებ (წაიკითხეთ იგავების 13:20). ამაზე მოწმობს ერთი დის, სარას, შემთხვევაც. ის მიხვდა, რომ სიხარულს კარგავდა. აი, რა დაეხმარა მას სიხარულის დაბრუნებაში: «ჩემს ცხოვრებაში დროულად გამოჩნდნენ კარგი მეგობრები. მე და ერთი ახალგაზრდა და ერთად ვემზადებოდით „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის. კიდევ ერთი დის დახმარებით კრებაზე კომენტარების გაკეთება დავიწყე. ჩემი მეგობრების დამსახურებაა, რომ პირად შესწავლასა და ლოცვას მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, უფრო დავუახლოვდი იეჰოვას და სიხარულიც დავიბრუნე».

14. როგორ შეიძინა ჯულიენმა კარგი მეგობრები?

14 როგორ უნდა დაუმეგობრდე მათ, ვინც კარგ გავლენას მოახდენს შენზე? ერთი ახალგაზრდა ძმა ჯულიენი, რომელიც ამჟამად უხუცესად მსახურობს, ასეთ რამეს ამბობს: „მსახურების დროს კარგი მეგობრები გავიჩინე. მათი სიხარული მეც გადმომედო. ამიტომ პიონერობა დავისახე მიზნად. მივხვდი, აქამდე ბევრს ვკარგავდი, მხოლოდ ჩემს ტოლებთან რომ ვმეგობრობდი. მოგვიანებით ბეთელშიც შევიძინე კარგი მეგობრები. მათი დახმარებით უფრო ჯანსაღი სახის გართობაზე გადავერთე და იეჰოვასაც უფრო დავუახლოვდი“.

15. რა ურჩია პავლემ ტიმოთეს? (2 ტიმოთე 2:20—22).

15 როგორ უნდა მოიქცე, თუ მიხვდები, რომ ვისთანაც მეგობრობ კრებაში, მთლად კარგ გავლენას არ ახდენს შენზე? გაითვალისწინე ტიმოთესთვის მიცემული პავლეს რჩევა. მას თავი შორს უნდა დაეჭირა მათგან, ვისაც სულიერი ხედვა აკლდა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:20—22). გაუფრთხილდი იეჰოვასთან მეგობრობას, რისთვისაც ამდენი გიშრომია და არავის მისცე საშუალება, გაგიფუჭოს ზეციერ მამასთან ურთიერთობა (ფსალმ. 26:4).

ᲓᲐᲘᲡᲐᲮᲔ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲡᲣᲚᲘᲔᲠ ᲖᲠᲓᲐᲨᲘ ᲓᲐᲒᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ!

16. როგორი მიზნები უნდა დაისახო?

16 დაისახე ღირებული მიზნები. ისეთი მიზნებისკენ ისწრაფე, რომლებიც რწმენის განმტკიცებასა და ქრისტიანული თვისებების დახვეწაში დაგეხმარება (ეფეს. 3:16). მაგალითად, შეეცადე ბიბლიის კითხვასა და პირად შესწავლას რეგულარული სახე მისცე (ფსალმ. 1:2, 3). ან უფრო ხშირად და შინაარსიანად ილოცე. უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინე, როცა ირჩევ, რით გაერთო ან რაში გამოიყენო დრო (ეფეს. 5:15, 16). დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვას გაახარებს იმის დანახვა, რასაც შენი სულიერი ზრდისთვის აკეთებ.

რა მიზანი დაისახა ამ დამ? (იხილეთ აბზაცი 17).

17. რას მოგიტანს სხვების დახმარება?

17 თუ სხვებს დაეხმარები, ესეც შენს სულიერ ზრდას მოემსახურება. იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). ეს სიტყვები შენზეც გამართლდება, თუ შენს დროსა და ახალგაზრდულ ჯან-ღონეს სხვების დასახმარებლად გამოიყენებ. მაგალითად, შეეცადე, შენს კრებაში მოხუც და დაუძლურებულ და-ძმებს დაეხმარო. გაეგზავნე მათ საყიდლებზე ან ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება ასწავლე. თუ ძმა ხარ, მიზნად დაისახე, მომსახურედ იმსახურო, რომ და-ძმებისთვის უფრო მეტის კეთება შეძლო (ფილ. 2:4). სიკეთე შეგიძლია სხვებსაც გაუკეთო, თუ სასიხარულო ცნობას უქადაგებ (მათ. 9:36, 37). შენს მიზნებში შეგიძლია პიონერობა, ბეთელში მსახურება ან თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა ჩართო.

18. როგორ დაგეხმარება სრული დროით მსახურება სულიერ ზრდაში?

18 სრული დროით მსახურება უფრო მეტად შეუწყობს ხელს შენს სულიერ წინსვლას. მაგალითად, პიონერად მსახურებამ შეიძლება გაგიხსნას გზა, რომ სამეფოს მახარობელთა სკოლაში ისწავლო, ბეთელში იმსახურო ან სამშენებლო პროექტებში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა პიონერი და კეტლინი ამბობს: „მოწიფულ და-ძმებთან ერთად მსახურება ძალიან დამეხმარა ნათლობის შემდეგ სულიერ ზრდაში. მათი შემხედვარე მეც მომინდა, რომ უკეთ გამომეკვლია ბიბლია და უკეთესი მასწავლებელი გავმხდარიყავი“.

19. რა ჯილდოს მოგიტანს სულიერი წინსვლა?

19 თუ გააგრძელებ სულიერ წინსვლას, იეჰოვა ბევრი რამით დაგაჯილდოებს. უაზრო მიზნების გამო ფუჭად არ გალევ შენს ახალგაზრდულ წლებს (1 იოან. 2:17). მცდარი ნაბიჯების გადადგმასაც მოერიდები და აუტკივარ თავსაც არ აიტკიებ. პირიქით, თავად გამოცდი, რა არის ნამდვილი წარმატება და სიხარული (იგავ. 16:3). შენი მაგალითით სხვა ახალგაზრდებსაც გაამხნევებ და არა მარტო მათ (1 ტიმ. 4:12). რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის იგრძნობ შინაგან სიმშვიდესა და კმაყოფილებას, რაც იეჰოვას მოსაწონად ცხოვრებასა და მასთან მეგობრობას მოაქვს (იგავ. 23:15, 16).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები

a ძალიან გვიხარია, როცა ახალგაზრდები ინათლებიან. მაგრამ ნათლობით ყველაფერი არ მთავრდება, მათ კვლავაც უნდა განაგრძონ სულიერი წინსვლა. მართალია, ამ სტატიაში, ძირითადად, იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეუძლიათ ახალმონათლულებს სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვა, მაგრამ განხილული რჩევების მიყოლა ყველას შეგვიძლია.

c ზოგი სახელი შეცვლილია.