არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

„ჭეშმარიტებას ხელების გარეშე ჩავეჭიდე“

„ჭეშმარიტებას ხელების გარეშე ჩავეჭიდე“

ხშირად, როცა ადამიანები ვარდებიან ან თავს ვერ იმაგრებენ, რაღაცას ხელებით ეჭიდებიან, მაგრამ მე ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ხელები არა მაქვს. შვიდი წლის ვიყავი, როცა ორივე ხელის ამპუტაცია დამჭირდა, რადგან სხვანაირად ვერ გადავრჩებოდი.

დავიბადე 1960 წელს. დედაჩემი 17 წლის იყო, როცა გამაჩინა. მამამ დედა ჩემ დაბადებამდე მიატოვა. დედაჩემი თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ერთ პატარა ქალაქ მაგდებურგში (გერმანიის ყოფილი დემოკრატიული რესპუბლიკა). იქაური მოსახლეობის უმეტესობა ათეისტი იყო და ჩვენი ოჯახიც იზიარებდა მათ შეხედულებას.

ცოტა რომ წამოვიზარდე, სულ ბაბუას გვერდით ვიყავი. ის ბევრ რამეს მავალებდა. მაგალითად, ხშირად ხეზე ამიშვებდა ხოლმე და ტოტებს მაჭრევინებდა. უდარდელი და ლაღი ბავშვობა მქონდა, თუმცა საკმაოდ ცელქი და ხიფათიანი ვიყავი.

უბედური შემთხვევა, რომელმაც თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება

შვიდი წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა. მაშინ მეორე კლასში ვიყავი. ერთხელ, სკოლიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძზე ავძვერი; თითქმის 8 მეტრის სიმაღლეზე ვიყავი ასული, როცა მოულოდნელად დენმა დამარტყა. გონზე საავადმყოფოში მოვედი; ხელებს ვეღარ ვგრძნობდი, რადგან საშინლად მქონდა დამწვარი; სისხლი რომ არ მომწამვლოდა, ორივე ხელის ამპუტაცია დამჭირდა. ამ ამბავმა ჩემი ოჯახის წევრები გაანადგურა. მე ჯერ ბავშვი ვიყავი და ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, როგორ აისახებოდა ეს ჩემს მომავალზე.

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სკოლაში განვაგრძე სწავლა. რადგან უხელო ვიყავი და თავის დაცვა არ შემეძლო, ბავშვები მასხრად მიგდებდნენ, ხელს მკრავდნენ და ხან რას მესროდნენ და ხან — რას. ასეთი დამამცირებელი სიტყვები და სასტიკი მოპყრობა დიდ ტკივილს მაყენებდა. ბოლოს ბირკენვერდერის სკოლა-ინტერნატში გადამიყვანეს, რომელიც ინვალიდებისთვის იყო განკუთვნილი. ვინაიდან ეს სკოლა საკმაოდ შორს იყო ჩემი სახლიდან, ჩემიანები თითქმის ვერ მინახულებდნენ. მათ მხოლოდ არდადეგების დროს ვნახულობდი. შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო ათი წელი მათ გარეშე ვიზრდებოდი.

ვეჩვევი ხელების გარეშე ცხოვრებას

ბევრი რამის კეთება ფეხების დახმარებით ვისწავლე. წარმოგიდგენიათ, ფეხის თითებით ვიჭერ ჩანგალს, კოვზს, კბილის ჯაგრისს და სავარცხელს! ასეთი უნარ-ჩვევები დროთა განმავლობაში გამოვიმუშავე. ლაპარაკის დროს ჟესტიკულაციაც კი ვისწავლე ფეხებით. ასე რომ, ხელების მაგივრობას ფეხები მიწევს.

მოზარდობის წლებში სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვამ გამიტაცა. ხანდახან წარმოვიდგენდი, რომ ხელის ისეთი პროთეზი მქონდა, რომლის მეშვეობითაც ყველაფრის გაკეთება შემეძლო. 14 წლის ასაკში სიგარეტის წევა დავიწყე. ამან უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემმატა, თითქოს სხვებისგან არაფრით განვსხვავდებოდი. საკუთარ თავს ვარწმუნებდი: „ეს მეც შემიძლია. მწეველები უკვე ზრდასრულები არიან, მნიშვნელობა არა აქვს, ხელები აქვთ თუ არა“.

საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში ჩავები, რომ რაღაცით დაკავებული ვყოფილიყავი. გავწევრიანდი გერმანიის სოციალისტური პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა. იქ მდივნად ვმუშაობდი; სხვა წევრებთან შედარებით საკმაოდ საპასუხისმგებლო მდგომარეობა მეკავა. გარდა ამისა, ვმღეროდი კლუბში; ვმონაწილეობდი პოეზიის საღამოებსა და სპორტის ისეთ სახეობებში, რომლებიც ინვალიდებისთვის იყო განკუთვნილი. აგრეთვე ჩემს ქალაქში ერთ კომპანიაში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, ხოლო მოგვიანებით ამ კომპანიამ სამუშაოზე ამიყვანა. სრულწლოვანი რომ გავხდი, მინდოდა, თავი სრულფასოვან ადამიანად მეგრძნო, ამიტომ ხელის პროთეზს ხშირად ვხმარობდი.

ჭეშმარიტებას ჩავეჭიდე

ერთ დღეს სამსახურში მივდიოდი; სანამ მატარებელი მოვიდოდა, ერთი მამაკაცი მომიახლოვდა და მკითხა, რამდენად რეალურად მესახებოდა, რომ ღმერთს შეეძლო ჩემთვის ორივე ხელი დაებრუნებინა. ამ კითხვამ საგონებელში ჩამაგდო. მართალია, ძალიან მინდოდა, ხელები მქონოდა, მაგრამ ეს დაუჯერებლად მიმაჩნდა. მე ათეისტი ვიყავი და არ მჯეროდა ღვთის არსებობის. იმ მომენტში ერთი სული მქონდა, რაც შეიძლება მალე გავცლოდი იქაურობას.

ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა თავისთან მიმიპატიჟა. ყავას რომ ვსვამდით, მისმა მშობლებმა ღმერთზე ჩამოაგდეს ლაპარაკი. მაშინ პირველად გავიგე, რომ თურმე ღმერთს იეჰოვა ერქვა (ფსალმუნი 83:18). თუმცა გულში გავიფიქრე: „რა მნიშვნელობა აქვს სახელს, როცა ღმერთი არ არსებობს. მე დავუმტკიცებ ამ ხალხს, რომ ცდებიან!“. იმდენად დარწმუნებული ვიყავი საკუთარი შეხედულების სისწორეში, რომ დავთანხმდი, სხვა დროსაც გვესაუბრა ამ საკითხზე. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ვერ შევძელი იმის დამტკიცება, რომ ღმერთი არ არსებობდა.

რაც უფრო მეტს ვიგებდი ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესახებ, მით უფრო მეცვლებოდა თვალსაზრისი ღმერთზე. ამ წინასწარმეტყველებებიდან ბევრი შესრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ასობით ან ათასობით წლით ადრე იყო დაწერილი. ბიბლიურ თემებზე მსჯელობისას მიმდინარე მოვლენებს იმ წინასწარმეტყველებების შუქში განვიხილავდით, რომლებიც მათეს 24-ე, ლუკას 21-ე და 2 ტიმოთეს მე-3 თავებშია ჩაწერილი. როგორც სიმპტომები ეხმარება ექიმს, პაციენტს სწორი დიაგნოზი დაუსვას, ისე ამ მუხლებში აღწერილი მოვლენების თანხვედრამ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ. * ვხედავდი, რომ ეს წინასწარმეტყველებები ზედმიწევნით სრულდებოდა, ამიტომ მოკრძალებით განვიმსჭვალე ღვთის მიმართ.

დავრწმუნდი, რომ რასაც ვსწავლობდი, ჭეშმარიტება იყო. დროთა განმავლობაში ლოცვაც დავიწყე და სიგარეტიც გადავაგდე, მიუხედავად იმისა, რომ ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე აქტიური მწეველი ვიყავი. დაახლოებით ერთი წელი ვსწავლობდი ბიბლიას. 1986 წლის 27 აპრილს აბაზანაში მოვინათლე, რადგან იმ დროს მოწმეთა საქმიანობა აკრძალული იყო აღმოსავლეთ გერმანიაში.

სხვების დახმარება

აკრძალვის გამო და-ძმების სახლებში პატარ-პატარა ჯგუფებად ვიკრიბებოდით, ამიტომ ძალიან ცოტას თუ ვიცნობდი თანაქრისტიანებს შორის. ჩემდა გასაკვირად, მთავრობამ დასავლეთ გერმანიაში გადასვლის უფლება მომცა, სადაც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა ნებადართული იყო. მაშინ პირველად დავესწარი კონგრესს, სადაც ერთად შეკრებილი ათასობით და-ძმა ვიხილე. ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო!

ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ აკრძალვა მოიხსნა, ამიტომ თავისუფლად შეგვეძლო იეჰოვა ღმერთისთვის გვეცა თაყვანი. მინდოდა, უფრო მეტი დრო დამეთმო ქადაგებისთვის. თუმცა უცხო ადამიანებთან ურთიერთობა მაშინებდა. თავს უხერხულად ვგრძნობდი ჩემი გარეგნობის გამო, თანაც მთელი ბავშვობა სკოლა-ინტერნატში მქონდა გატარებული, სადაც მხოლოდ ინვალიდები სწავლობდნენ. მაგრამ 1992 წელს გადავწყვიტე, ჩემი ძალები მომესინჯა და ერთი თვე 60 საათი მექადაგა, რასაც შესანიშნავად გავართვი თავი. ამან დიდი სიხარული მომანიჭა. ამგვარად, თითქმის სამი წლის განმავლობაში თვეში 60 საათს ვქადაგებდი.

არასდროს დამავიწყდება ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „სუსტია ვინმე და მე არა ვარ სუსტი?“ (2 კორინთელები 11:29). მართალია, შეზღუდული შესაძლებლობები მაქვს, მაგრამ გონებაც მიჭრის და საუბარიც შემიძლია და რატომ არ უნდა დავეხმარო სხვებს?! კარგად მესმის მათი, ვისაც ჩემ მსგავსად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ვიცი, რას ნიშნავს, როცა გულით გინდა რაღაცის კეთება, მაგრამ არ შეგიძლია. ვცდილობ, გავამხნეო ის ადამიანები, ვინც ასე გრძნობს თავს; მათი დახმარება ბედნიერებას მანიჭებს.

დიდ ბედნიერებას მანიჭებს სხვებისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგება

იეჰოვა ყოველდღე მაძლიერებს

გულახდილად რომ ვთქვა, დროდადრო გულგატეხილობა მეუფლება. უბრალოდ მინდა, რომ სრულფასოვანი ადამიანივით ვიცხოვრო. მართალია, დამოუკიდებლად ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ ეს გაცილებით დიდი დროის, ძალისხმევის და ენერგიის ფასად მიჯდება. ჩემი ცხოვრების დევიზი ასეთია: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13). იეჰოვა გამუდმებით მაძლევს აღმატებულ ძალას, რათა თავი გავართვა ყოველდღიურ საქმეებს. მას არასდროს მივუტოვებივარ, ამიტომ მეც ბოლომდე მისი ერთგული ვიქნები.

ღმერთმა დიდად მაკურთხა და ახლა სწორედ ისეთი ოჯახი მაქვს, როგორსაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი. მყავს მოსიყვარულე და თანამგრძნობი მეუღლე ელკე. მეტიც, მივეკუთვნები მილიონობით სულიერი და-ძმისგან შემდგარ დიდ მსოფლიო ოჯახს.

ჩემს ძვირფას მეუღლესთან, ელკესთან ერთად

აგრეთვე ნუგეშს მგვრის იმის ცოდნა, რომ ღვთის დაპირების თანახმად დედამიწაზე სამოთხე იქნება, სადაც ის შექმნის „ყველაფერს ახალს“ და მეც უწინდებურად ხელები მექნება (გამოცხადება 21:5). ეს დანაპირები ჩემთვის რეალური განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს მიერ მოხდენილ სასწაულებზე ვფიქრობ. ერთხელ მან მყისიერად განკურნა ხელგამხმარი კაცი, ხოლო სხვა შემთხვევაში ერთ მამაკაცს ყური გაუმთელა (მათე 12:13; ლუკა 22:50, 51). იეჰოვას დაპირებები და იესოს სასწაულები მარწმუნებს, რომ მალე სრულფასოვანი ადამიანი გავხდები.

ყველაზე დიდი კურთხევა ისაა, რომ იეჰოვა ღმერთი გავიცანი. ის ჩემთვის გახდა მამა და მეგობარი, რომელიც მანუგეშებს და მაძლიერებს. მეც იმავეს ვგრძნობ, რასაც მეფე დავითი: „იეჰოვაა ჩემი ძალა . . . შემეწია იგი და ხარობს ჩემი გული“ (ფსალმუნი 28:7). ამ ძვირფას ჭეშმარიტებას არასდროს შეველევი, რადგან ერთ დროს მას ხელების გარეშე ჩავეჭიდე.

^ აბზ. 17 ბოლო დღეების ნიშანთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-9 თავი «ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?». გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე www.ps8318.com.