არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავხდეთ უფრო სამართლიანები

როგორ გავხდეთ უფრო სამართლიანები

როგორ გავხდეთ უფრო სამართლიანები

ყოველივეს შემოქმედს, ჩვენს ღმერთს, დიდი სურვილი აქვს, რომ მისი შექმნილი ადამიანი ტკბებოდეს შინაგანი სიმშვიდით, განიცდიდეს დიდ ბედნიერებას და სხვის ბედნიერებაშიც შეჰქონდეს წვლილი. ის თავისი ერთგული მსახურებისგან მოითხოვს „სამართლის ქმნას, [და] სიკეთის სიყვარულს“ (მიქა 6:8). ამიტომ ჩვენი მხრიდან გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო, რომ მეტად ვიქმოდეთ სამართალს და მუდამ სიკეთე გვიყვარდეს. ამ საქმეში შესანიშნავ დახმარებას ჩვენივე შემოქმედის სიტყვა, ბიბლია, გაგვიწევს.

მოიშორეთ სიხარბე. სიხარბის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი სიყვარულია, ოღონდ არა უბრალოდ სენტიმენტალური ან რომანტიკული, არამედ — თავგანწირული სიყვარული. ასეთი „სიყვარული . . . კეთილია“ და „თავისას არ ეძებს“, — ნათქვამია 1 კორინთელების 13:4, 5-ში. უფრო მეტიც, ეს გრძნობა მხოლოდ ოჯახის წევრებითა და მეგობრებით არ შემოიფარგლება. „თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით?“, — იკითხა ერთხელ იესომ. შემდეგ კი თავადვე გასცა პასუხი და თქვა, თავიანთი მოყვარულები უღვთოებსაც ხომ უყვართო (მათე 5:46).

ნუ იქნებით მიკერძოებულნი. საქმეების 10:34, 35-ში ვკითხულობთ: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“. ქვეყნიერების აღსასრულის დროს ღმერთი არავის გაასამართლებს ეროვნების, სოციალური მდგომარეობისა თუ სქესის მიხედვით. მისთვის „არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი“ (გალატელები 3:28). გნებავთ, გახდეთ მიუკერძოებლები, მაშ, მიჰბაძეთ ღმერთს! მოდი, დოროთის მაგალითი განვიხილოთ და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა.

დოროთი ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში. ის იმდენად ვერ ეგუებოდა რასობრივ უთანასწორობას, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, შეიარაღებულ დაჯგუფებებს შეერთებოდა, რომლებიც შავკანიანთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ. იმ პერიოდში ის იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრო. გაოცება ვერ დამალა, როცა დაინახა, იქ მისულს, რა სითბოთი და სიყვარულით შეხვდნენ შავკანიანებიც და თეთრკანიანებიც. დოროთი მალევე მიხვდა, რომ ადამიანის შეცვლა შინაგანად მხოლოდ ღმერთს შეეძლო. მან თეთრკანიანი მოწმეებისგან ისეთი გულწრფელი სიყვარული იგრძნო, რომ გული აუჩუყდა და ტირილი აუვარდა. არადა იმდენად სძულდა თეთრკანიანები, რომ თვალს არ დაახამხამებდა, ისე ამოხოცავდა სულ ყველას.

მოიშორეთ ეგოიზმი. პირველ საუკუნეში იესოს ზოგი მიმდევარი, სანამ ქრისტიანი გახდებოდა, ლოთი, გამომძალველი, მლანძღველი და ღრეობის მოყვარული იყო. მაგრამ ღვთის დახმარებით მათ ეს უარყოფითი თვისებები სიყვარულით, სიკეთით და სხვა კარგი თვისებებით ჩაანაცვლეს (1 კორინთელები 5:11; 6:9—11; გალატელები 5:22). დღესაც მილიონებმა რადიკალურად შეცვალეს თავიანთი ცხოვრება და ღვთისკენ შემობრუნდნენ. ამის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენს აზერბაიჯანელი ფირუდინი.

ფირუდინი ობოლთა თავშესაფარში იზრდებოდა. იქ ხშირად მოსდიოდა სხვა ბიჭებთან ჩხუბი. გავიდა წლები და ფირუდინი აღმოსავლური ორთაბრძოლების მწვრთნელი გახდა. „მაგარი დაუნდობელი და უხეში ვინმე ვიყავი. სუფრაზე ჩემს ცოლს, ზაჰრას რამის მოტანა რომ დავიწყებოდა, თუნდაც კბილის საჩიჩქნის, არ ვპატიობდი და ვცემდი. თუ ქუჩაში ვინმე ჩემს ცოლს შეხედავდა, დავიჭერდი და მაგრად მივბეგვავდი ხოლმე“, — გვიყვება ფირუდინი.

ერთხელ, როცა ფირუდინმა გაიგო, რომ თურმე იესო იმ ჯარისკაცებისთვის ლოცულობდა, რომლებმაც ის ძელზე გააკრეს და მათთვის ღმერთს პატიებას სთხოვდა, სერიოზულად ჩაფიქრდა საკუთარ პიროვნებაზე (ლუკა 23:34). „ამას მარტო ღვთის შვილი თუ გააკეთებდა“, — გაიფიქრა მან. ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდა, უფრო ახლოს გაცნობოდა ღმერთს. როცა იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის უფასო შესწავლა შესთავაზეს, ის სიხარულით დასთანხმდა. დროთა განმავლობაში „ეს შარიანი კაცი“ შეიცვალა და უკვე იმდენად კარგად ექცეოდა ზაჰრას, რომ ისიც შეუერთდა თავის ქმარს ბიბლიის შესწავლაში. დღეს ორივენი ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები არიან და მათ ოჯახში მშვიდობა და სიყვარული სუფევს.

რასაკვირველია, როგორი ცვლილებებიც არ უნდა მოვახდინოთ ჩვენში, მთელ მსოფლიოს მაინც ვერ შევცვლით. ჩვენ არა, მაგრამ ღმერთს კი აქვს განზრახული, დედამიწაზე ახალი, სამართლიანი ცხოვრების დამყარება. ბოლოს და ბოლოს მისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია. დავფიქრდეთ ერთ რამეზეც: როგორც შესავალ სტატიაში მოყვანილი 2 ტიმოთეს მე-3 თავის 1—4 მუხლებიდან დავინახეთ, ბიბლიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობა. როგორც სხვა წინასწარმეტყველებები, ეს წინასწარმეტყველებაც ზედმიწევნით სრულდება. ამიტომ იმის დაჯერება, რომ ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს უსამართლობას, სულაც არ არის გულუბრყვილობა და უაზრობა. დიახ, ღმერთი ყოველ მიზეზ გარეშე აღასრულებს ამ ჩანაფიქრს. მაგრამ საინტერესოა, როგორ.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

ჰაიდი სამართლის ძიებაში

«საშინლად ვიყავი გამწარებული ამდენ ომებს, შიმშილს, რასიზმს და ათასნაირ უსამართლობას რომ ვუყურებდი. მინდოდა, ადამიანის უფლებათა დამცველ რომელიმე ორგანიზაციაში მემუშავა და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი გავხდი. მაგრამ ამით ბევრი ვერაფერი შევცვალე.

ვფიქრობდი, რომ უსამართლობის წინააღმდეგ გაცილებით რადიკალური ზომების მიღება იყო საჭირო და ჰიპურ მოძრაობას შევუერთდი. მაგრამ იქაც დიდი იმედგაცრუება ვნახე. დავინახე, რომ მათგან ბევრი უფრო მეტად უზნეობით, ნარკოტიკებით და როკენროლით იყო გატაცებული და საერთოდ არ ადარდებდა უსამართლო სისტემის შეცვლა. ამან მთლად შემშალა ჭკუიდან და ღრმა დეპრესიაში ჩავვარდი.

ერთხელ ერთი იეჰოვას მოწმე შემხვდა და ბიბლიიდან წამაკითხა, რომ ღმერთი დედამიწაზე დიდ ცვლილებებს გეგმავდა. მახსოვს, წავიკითხეთ გამოცხადების 21:3, 4, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთი მოსწმენდს ყველას ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, რაც ხშირად თან სდევს უსამართლობას. „ნეტავ, მართლა შესრულდება ეს სიტყვები?“ — ჩემთვის გავიფიქრე.

მაგრამ როცა ბიბლიაში წავიკითხე, თუ რამხელა ძალას ფლობს ღმერთი და როგორ სიყვარულს ავლენს ჩვენ მიმართ, ჩემი ეჭვები ნელ-ნელა გაქრა. იეჰოვას მოწმეებს შორის არსებულმა სიყვარულმაც მეტად დამარწმუნა ამაში. ახლა მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა ღმერთი თავის განზრახვას შეასრულებს».

[სურათი 6 გვერდზე]

მიჰბაძეთ ღმერთს სიყვარულში და გახდით მიუკერძოებლები

[სურათი 6 გვერდზე]

ფირუდინი და ზაჰრა