არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა

შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა

შენ შეგიძლია გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა

სარა-ჯეინი ცხრამეტი წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ საკვერცხის კიბო ჰქონდა. ოპერაციის შემდეგ, ყველაფერი კარგად მიდიოდა და მომავალს უკვე იმედის თვალით უყურებდა. იმდენად კარგად იყო რომ, როდესაც 20 წლის გახდა დაინიშნა და ქორწილისთვის მზადებაც კი დაიწყო. იმავე წელს კიბომ კვლავ იჩინა თავი და სარა-ჯეინმა შეიტყო, რომ ერთი კვირის სიცოცხლეღა დარჩენოდა. სარა-ჯეინი 2000 წლის ივნისში გარდაიცვალა, სწორედ მაშინ, როცა 21 წელი შეუსრულდა.

საავადმყოფოში სარა-ჯეინის მოსანახულებლად მისულებს აოცებდა მომავლისადმი, ღვთისა და ბიბლიისადმი მისი ღრმა რწმენა. მიუხედავად ასეთი საშინელი ტრაგედიისა, სარა-ჯეინს მკვდრეთით აღდგომისა და თავის მეგობრებთან კვლავ შეხვედრის მტკიცე იმედი ჰქონდა (იოანე 5:28, 29). „კვლავ გნახავთ ყველას ღვთის ახალ ქვეყნიერებაში“, — ამბობდა ის.

ზოგი ასეთ რწმენას თავის მოტყუებად მიიჩნევს. „საიქიო ცხოვრება განა სხვა რა არის თუ არა უმწეოთა რწმენა, — კითხულობს ლუდოვიკ კენედი, — რომ უკანასკნელი საყვირის ხმაზე უზრუნველი ცხოვრება დადგება, იქნება საკვების სიუხვე და ბუკ-ნაღარა; რომ სადღაც ამწვანებულ სამოთხეში კარგ დროს გაატარებენ მათთან, ვინც მათზე ადრე წავიდა ან მოგვიანებით მივა?“. ეს კი სხვა კონტრ-კითხვას წამოჭრის: რა უფრო გონივრულია გწამდეს, რომ „არსებობს მხოლოდ ეს ცხოვრება და ჯობია მისით დავტკბეთ“ — როგორც კენედი ამბობს, თუ გვწამდეს ღმერთი და გვჯეროდეს მისი დანაპირები მკვდრეთით აღდგომის? სარა-ჯეინმა ეს უკანასკნელი არჩია. როგორ განივითარა ასეთი რწმენა?

„ეძიეთ ღმერთი... და იპოვით“

ადამიანისადმი რწმენა და ნდობა რომ გქონდეს, კარგად უნდა იცნობდე მას და იცოდე, რას ფიქრობს და რას აკეთებს; გულსაც უნდა უსმინო და გონებასაც. ღვთისადმი ჭეშმარიტი რწმენის განსავითარებლადაც იგივე რამ არის აუცილებელი. უნდა გაიცნო ის, გაიგო, რა თვისებებით ხასიათდება და როგორი პიროვნებაა, რამდენად საიმედო და სანდოა მისი სიტყვა და საქმე (ფსალმუნი 9:11; 144:1—21).

ზოგის აზრით ეს შეუძლებელია. ისინი ამბობენ, რომ თუ საერთოდ არსებობს ღმერთი, ძალიან შორს არის და, ამასთანავე, იდუმალებით არის მოცული. „თუ ღმერთი ისეთი ქრისტიანებისთვის, როგორც სარა-ჯეინი იყო, ასე რეალურია, — კითხვას სვამს ერთ-ერთი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი — რატომ დანარჩენებსაც არ გაგვაცნობს თავს?“ მაგრამ არის თუ არა ღმერთი ძალიან შორს და, ამასთანავე, მიუწვდომელი? ათენში ფილოსოფოსებთან და სწავლულებთან საუბრისას მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „ღმერთმა, შემოქმედმა სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა“ ადამიანები ყველაფრით უზრუნველყო, რათა „ეძიათ ღმერთი... და ეპოვათ [იგი]“. შემდეგ დასძინა: „[ის] შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:24—27).

მაშ როგორ უნდა „ეძიო ღმერთი... და იპოვო“? ზოგიერთმა ეს უბრალოდ სამყაროზე დაკვირვებით გააკეთა. ზოგისთვის ესსაკმარისია შემოქმედის არსებობაში დასარწმუნებლად a (ფსალმუნი 18:2; ესაია 40:26; საქმეები 14:16, 17). ისინი პავლე მოციქულის მსგავსად ფიქრობენ, რომ „[ღვთის] უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა“ (რომაელთა 1:20; ფსალმუნი 103:24).

ბიბლია აუცილებელია

ღვთისადმი ნამდვილი რწმენის განსავითარებლად, აუცილებელია გქონდეს კიდევ რაღაც, რაც მანვე გვიბოძა. რა არის ეს? ეს არის ბიბლია — ღვთივსულიერი სიტყვა — რითაც ღმერთი თავის ნებასა და განზრახვებს გვაცნობს (2 ტიმოთე 3:16, 17). „მაგრამ მოიცა, მოიცა, — იტყვის ზოგი, — როგორ შეიძლება ენდო იმას, რასაც ბიბლია ამბობს, როდესაც ხედავ, რომ ისინი, რომლებიც აცხადებენ, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად იქცევიან, შემაძრწუნებელ საქმეებს სჩადიან?“ მართალია, ქრისტიანული სამყაროს ისტორია სავსეა აღმაშფოთებელი ფარისევლობით, სისასტიკითა და უზნეობით, მაგრამ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია დაინახოს, რომ ქრისტიანული სამყარო მარტო პრეტენზიას აცხადებს ბიბლიურ პრინციპების დაცვაზე (მათე 15:8).

როგორც ბიბლია ამბობს, ბევრი იტყვის, ღმერთს ვემსახურებითო, მაგრამ, ფაქტობრივად, „თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ“. „მათ გამო, — თქვა მოციქულმა პეტრემ — დაიგმობა გზა ჭეშმარიტებისა“ (2 პეტრე 2:1, 2). იესო ქრისტემ თქვა, რომ ისინი ურჯულოების მოქმედნი იყვნენ, რომელთა ამოცნობაც მათივე ბოროტი საქმეებით ადვილი იქნებოდა (მათე 7:15—23). ქრისტიანული სამყაროს საქმეების გამო ღვთის სიტყვის უარყოფა იგივე იქნებოდა, რაც სანდო მეგობრისგან მიღებული წერილის გადაგდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც ეს წერილი გადმოგცათ, ცუდი რეპუტაციით სარგებლობს.

ღვთის სიტყვის გარეშე ნამდვილი რწმენის შეძენა შეუძლებელია. მხოლოდ ამ წიგნის ფურცლებიდან გვესაუბრება იეჰოვა თავის შეხედულებებზე. ის ნათელს ჰფენს ისეთ კითხვებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე აფიქრებს ადამიანებს, მაგალითად, რატომ უშვებს ღმრთი ტანჯვა წამებას და სადამდე გაგრძელდება ის (ფსალმუნი 118:105; რომაელთა 15:4). სარა-ჯეინმა ირწმუნა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა (1 თესალონიკელთა 2:13; 2 პეტრე 1:19—21). რატომ? არა იმიტომ რომ, უბრალოდ, მშობლების სიტყვას ენდო, არამედ იმიტომ, რომ დრო დაუთმო ყველა იმ საკითხის გულმოდგინედ შეფასებას, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ ბიბლია ღვთის უნიკალური გამოცხადებაა (რომაელთა 12:2). მაგალითად, ის აკვირდებოდა, როგორ ძლიერად მოქმედებდა ბიბლია იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მასში მოცემულ პრინციპებს ერთგულად იცავდნენ. ისეთი პუბლიკაციების დახმარებით, როგორიცაა „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ b (რუს) გულდასმით გამოიკვლია უამრავი აშკარა მტკიცება, რაც ბიბლიის ღვთივსულიერობას ამტკიცებს.

„რწმენა — მოსმენისაგან“

მაგრამ საკმარისი არ არის უბრალოდ ხელთ გქონდეს ბიბლია ან თუნდაც დაიჯერო, რომ იგი ღვთივსულიერია. „რწმენა, — წერს მოციქული პავლე, — მოსმენისაგან“ (რომაელთა 10:17). ბიბლიის ქონა კი არა მისი მოსმენა აშენებს ჩვენს რწმენას. ღვთის სიტყვის კითხვითა და შესწავლით „ისმენ“, თუ რას გეუბნება ღმერთი. ამის გაკეთება ახალგაზრდებსაც კი შეუძლიათ. პავლე ამბობს, რომ ტიმოთეს დედამისი და ბებიამისი „ბავშვობიდანვე“ ასწავლიდნენ „საღვთო წერილებს“. ეს რაიმე იდეოლოგიური დამუშავება ხომ არ იყო? არა! ტიმოთეს არც ძალას ატანდენენ და არც ატყუებდნენ. მან ირწმუნა ის, რაც მოისმინა და წაიკითხა (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15).

სარა-ჯეინმაც ასე ირწმუნა. პირველ საუკუნეში მცხოვრები ბერეელების მსგავსად, მანაც „მთელი გულმოდგინებით მიიღო სიტყვა [თავის მშობლებისგან თუ სხვა მასწავლებლებისგან]“. მას პატარაობისას, უეჭველია, სჯეროდა ის, რასაც მშობლები ეუბნებოდნენ. მოგვიანებით კი, როცა წამოიზარდა უკვე ბრმად აღარ იჯერებდა ყველაფერს, რასაც ასწავლიდნენ. ის „ყოველდღე არჩევდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).

შენ შეგიძლია შეიძინო ჭეშმარიტი რწმენა

შენც შეგიძლია შეიძინო ჭეშმარიტი რწმენა — ისეთი, როგორიც პავლეს მიერ ებრაელ ქრისტიანთა მიმართ მიწერილ წერილში განიმარტება. მან თქვა, რომ ასეთი რწმენა «არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ [„იმედით შევყურებთ“, აქ], დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ» (ებრაელთა 11:1). თუ ასეთი რწმენა გექნება, სრულიად დარწმუნებული იქნები, რომ შენი იმედები და მოლოდინი, არგეთვე ღვთის დანაპირები, რომ მეკვდრეთით ადღგენა იქნება, განხორციელდება. შენ დარწმუნდები, რომ ასეთი იმედების საფუძველია არა სასურველის რეალობად მიჩნევა, არამედ საიმედო დანაპირები, რომელიც აუცილებლად შესრულდება. შენ გაიგებ, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს (იესო ნავეს ძე 21:45; 23:14; ესაია 55:10, 11; ებრაელთა 6:18). ღვთის მიერ აღთქმული ახალი ქვეყნიერება იმდენად რეალური გახდება შენთვის, რომ გონებით უკვე იქ იქნები (2 პეტრე 3:13). რწმენის თვალით დაინახავ, რომ იეჰოვა ღმერთი, იესო ქრისტე და ღვთის სამეფო რეალობაა და არა შეთხზული.

ჭეშმარიტი რწმენის შეძენისას მარტო არ იქნები. თავისი სიტყვა ადვილად გასაგები რომ ყოფილიყო იეჰოვამ დედამიწაზე ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა, რომელიც მართალ ადამიანებს ღვთისადმი რწმენის განვითარებაში ეხმარება (იოანე 17:20; რომაელთა 10:14, 15). მიიღე ყოველგვარი დახმარება, რომელსაც იეჰოვა თავის ორგანიზაციის მეშვეობით გთავაზობს (საქმეები 8:30, 31). და რადგან რწმენა ღვთის სულიწმიდის ნაყოფია, გამუდმებით ილოცე იმაზე, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი რწმენის განვითარებაში დაგეხმაროს (გალატელთა 5:22, სსგ).

არ შეგაჩერონ სკეპტიკოსებმა, რომლებიც დასცინიან მათ, ვინც ღვთისა და მისი სიტყვისადმი რწმენას ავლენენ (1 კორინთელთა 1:18—21; 2 პეტრე 3:3, 4). ჭეშმარიტ რწმენას ასეთი თავდასხმებისას შენი რწმენის გაძლიერებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს (ეფესელთა 6:16). სარა-ჯეინმა სწორედ ეს გამოსცადა და საავადმყოფოში მის მოსანახულებლად მისულთ რწმენის შეძენისკენ მოუწოდებდა. „გაითავისეთ ჭეშმარიტება, შეისწავლეთ ღვთის სიტყვა, ღვთის ორგანიზაციასთან მჭიდრო ურთიერთობა გქონდეთ, გამუდმებით ილოცეთ, იყავით აქტიურნი იეჰოვასთვის მსახურებაში“ (იაკობი 2:17, 26).

ერთმა მედდამ, რომელმაც ღვთისა და მკვდრეთით აღდგომისადმი მისი რწმენა დაინახა, უთხრა: „ვხედავ, რომ შენ ნამდვილად გწამს ეს!“. როდესაც ჰკითხეს თუ რა აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავისი ავადმყოფობის მიუხედავად, ოპტიმისტური განწყობილება შეენარჩუნებინა, სარა-ჯეინმა უპასუხა: „იეჰოვასადმი რწმენა. ის ჩემი ნამდვილი მეგობარია და უსაზღვროდ მიყვარს“.

[სქოლიოები]

a იხილეთ წინგი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

b გამოქვეყნებულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 6 გვერდზე]

ტიმოთეს „ბავშვობიდანვე“ ასწავლიდნენ დედა და ბებია „საღვთო წერილებს“

[სურათი 6 გვერდზე]

ბერეელებმა ქება დაიმსახურეს იმისათვის, რომ ყოველდღე არჩევდნენ წერილებს.

[საავტორო უფლება]

From “Photo-Drama of Creation,” 1914

[სურათები 7 გვერდზე]

ბიბლიის მოსმენა აშენებს რწმენას და არა უბრალოდ მისი ქონა.

[სურათი 7 გვერდზე]

„კვლავ გიხილავთ ყველას ღვთის ახალ ქვეყნიერებაში“.