არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რომის გზები უძველესი საინჟინრო ხელოვნების ნიმუში

რომის გზები უძველესი საინჟინრო ხელოვნების ნიმუში

რომის გზები უძველესი საინჟინრო ხელოვნების ნიმუში

რომის ყველაზე ცნობილ ისტორიულ ძეგლთაგან რომელს დაასახელებდით? ალბათ კოლოსეუმს, რომლის ნახვაც რომში შეგიძლიათ. თუ დავფიქრდებით რომის მიერ შექმნილ ნაგებობებზე, რომლებმაც ჟამთა სვლას გაუძლო და ისტორიაშიც თავისი კვალი დატოვა, პირველ რიგში ალბათ გზები გაგვახსენდება.

რომის გზები მხოლოდ სავაჭრო და სამხედრო მიმოსვლისთვის არ იყო განკუთვნილი. ეპიგრაფიკის დარგის სპეციალისტი რომოლო სტაჩიოლი ამბობს, რომ გზებით „ვრცელდებოდა იდეები, ხელოვნების დარგები და ფილოსოფიური თუ რელიგიური სწავლებები“, მათ შორის — ქრისტიანული.

ძველად რომის გზები მნიშვნელოვან მიღწევად ითვლებოდა. საუკუნეების განმავლობაში რომაელებმა გაიყვანეს გზების ფართო ქსელი, რომელიც მთლიანობაში 80 000-ზე მეტ კილომეტრს მოიცავდა და იმ ტერიტორიაზე გადიოდა, რომელიც ახლა 30-ზე მეტ ქვეყანას ეკუთვნის.

პირველი მნიშვნელოვანი გზა, რომელსაც ჩვენ ალბათ უფრო მაგისტრალს ვუწოდებდით, იყო ვია პუბლიკა, იგივე ვია აპია ანუ აპიუსის გზა. გზების დედოფლად ცნობილი ეს გზა რომს აკავშირებდა საპორტო ქალაქ ბრუნდიზიუმთან (ამჟამად ბრინდიზი), რომელიც გზას უხსნიდა მათ, ვისაც აღმოსავლეთისკენ ჰქონდა გეზი აღებული. ეს გზა ატარებს ცენზორის, აპიუს კლავდიუს ცეკუსის, სახელს, რომელმაც მისი მშენებლობა ძვ. წ. დაახლოებით 312 წელს დაიწყო. ასევე რომში გადიოდა სალარიისა და ფლამინიუსის გზები, რომლებიც აღმოსავლეთით ადრიატიკის ზღვისკენ მიდიოდა, რაც ბალკანეთისკენ, რაინისა და დუნაისკენ ხსნიდა გზას. აურელიას გზა მიდიოდა ჩრდილოეთით, გალიისკენ და იბერიის ნახევარკუნძულის მიმართულებით, ხოლო ოსტენსის გზა — ოსტიისკენ, რომელიც მოსახერხებელი ნავსადგური იყო აფრიკაში მიმავალი გემებისთვის.

რომის უდიდესი სამშენებლო პროექტი

სავალი გზები მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რომში მანამდეც კი, სანამ ახალ გზებს გაიყვანდნენ. რომი დაარსდა იქ, სადაც ძველი გზები იყრიდა თავს, სწორედ იმ ადგილას, სადაც მდინარე ტიბრის ერთადერთი ფონი იყო. როგორც ძველი წყაროებიდან ვიგებთ, რომაელებმა გზების გასაუმჯობესებლად კართაგენელებს მიბაძეს. მაგრამ რომაელების წინამორბედები ამ მხრივ სინამდვილეში, ეტრუსკები იყვნენ. მათ მიერ გაყვანილი გზების შემორჩენილი ნაწილების ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ასე რომ, ვიდრე რომაელები გზების გაყვანას დაიწყებდნენ, ამ ტერიტორიაზე უკვე არსებობდა სავალი გზები. ეს გზები, შესაძლოა, საქონლის ერთი საძოვრიდან მეორეზე წასასხმელად გამოიყენებოდა. ასეთი გზები მგზავრობას ართულებდა, რადგან მშრალ ამინდში მტვრიანი იყო, ხოლო წვიმის დროს — ტალახიანი. რომაელებს ხშირად სწორედ აქ გაჰყავდათ გზები.

რომის გზები საგულდაგულოდ იყო დაპროექტებული, რის წყალობითაც ისინი გამძლე, პრაქტიკული და ლამაზი იყო. გზების უმრავლესობა პირდაპირი იყო, და მგზავრი უმოკლესი გზით მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში გზები ბუნებრივი რელიეფის გათვალისწინებით შენდებოდა. იქ, სადაც შესაძლებელი იყო, მთაგორიან ადგილებში, რომაელ ინჟინრებს გზები გაჰყავდათ ფერდობის შუაში, იმ მხარეს, რომელსაც მზე უდგებოდა. ასეთი სახით, ეს მაქსიმალურად საუკეთესო პირობებს უქმნიდა მგზავრებს ცუდ ამინდშიც კი.

მაგრამ, როგორ გაჰყავდათ რომაელებს გზები? ამის მრავალი ხერხი არსებობდა, მაგრამ აქ ძირითადად იმ მეთოდზე მოგითხრობთ, რომელსაც არქეოლოგიურმა გათხრებმა მოჰფინა ნათელი.

თავდაპირველად გზას კარგად აპროექტებდნენ. ამ საქმიანობას მიწისმზომელები ასრულებდნენ. შემდეგ კი ყველაზე შრომატევადი საქმე, რაც უშუალოდ გზების გაყვანას ეხებოდა, ეკისრებოდათ ლეგიონერებს, შავ მუშებსა და მონებს. გზის გასწვრივ ორი პარალელური თხრილი გაჰყავდათ. მათ შორის მინიმალური მანძილი 2, 4 მეტრი იყო, თუმცა, უმეტესწილად, ეს მანძილი 4 მეტრს შეადგენდა, მოსახვევებში კი — უფრო მეტსაც. მთლიანობაში, გაყვანილი გზის სიგანე თავისი შარაგზებით, რომლებიც გზას ორივე მხარეს გასდევდა, ზოგან 10 მეტრსაც კი აღწევდა. ორ თხრილს შორის არსებულ მიწას იღებდნენ, სანამ მყარ ნიადაგამდე არ ჩავიდოდნენ, შემდეგ კი წარმოქმნილ ღრმულს სხვადასხვა მასალის სამი-ოთხი ფენით ავსებდნენ. პირველ ფენად მოზრდილ ქვებსა და ლოდის ნამტვრევებს იყენებდნენ. შემდეგი ფენა იყო კირდუღაბში არეული ღორღი ან კენჭები, რასაც ზემოდან ხრეშს ან დამტვრეულ ქვებს აყრიდნენ.

რომის ზოგი გზის ზედაპირი მთლიანად მოხრეშილი იყო. თუმცა, არსებობდა მოკირწყლული გზებიც, რომლებსაც იმდროინდელი ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა. ასეთ გზებზე აგებდნენ ქვის დიდ ფილებს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, კლდიდან იღებდნენ. გზებს ორივე მხარეს დაქანება ჰქონდათ, რათა წვიმის წყალი ნაპირებისკენ, თხრილებში წასულიყო. ასეთი კონსტრუქციის წყალობით გზებმა დროის დინებას გაუძლო და ზოგმა დღევანდლამდეც კი მოაღწია.

აპიუსის გზის გაყვანიდან დაახლოებით 900 წლის შემდეგ ბიზანტიელმა ისტორიკოსმა პროკოპიმ მას „საოცარი“ უწოდა. ის წერდა ქვის ფილებზე, რომლითაც მოკირწყლული იყო გზები: „ამ გზამ საუკუნეებს გაუძლო; მასზე გავლილი ურიცხვი ეტლისა და ურმის მიუხედავად მისი რელიეფი არანაირად არ შეცვლილა და არც სიგლუვე დაუკარგავს“.

როგორ იქცეოდნენ მშენებლები, როცა გზის გაყვანისას, მაგალითად, მდინარეებს ხვდებოდნენ? ისინი ხიდებს აგებდნენ, რომელთაგან ზოგიერთმა დღემდე მოაღწია, რაც რომაელების ბრწყინვალე საინჟინრო ხელოვნებაზე მეტყველებს. გვირაბები, რომლებიც რომის საგზაო ქსელში გვხვდება, შესაძლოა, ნაკლებად ცნობილია, თუმცა მათი გაყვანა გაცილებით რთული უნდა ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ ტექნიკურ შესაძლებლობებს. ერთ ცნობარში ნათქვამია: „რომაელი ინჟინრების . . . მიერ შესრულებულ სამუშაოს საუკუნეების განმავლობაში ბადალი არ მოეძებნება“. ამის მაგალითია ფურლოსთან არსებული გვირაბი, რომელიც ფლამინიუსის გზაზე მდებარეობს. ახ. წ. 78 წელს ინჟინრების მიერ გულმოდგინედ შედგენილი პროექტის შემდეგ კლდეში გაიყვანეს გვირაბი, რომლის სიგრძე იყო 40 მეტრი, სიგანე და სიმაღლე კი — 5 მეტრი. ეს მართლაც საოცარი მიღწევა იყო, თუ მხედველობაში მივიღებთ იმდროინდელ ტექნიკას. გზის ასეთი ქსელის შექმნა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წამოწყება იყო.

მგზავრები და იდეების განვრცობა

ჯარისკაცები თუ ვაჭრები, მქადაგებლები თუ მოგზაურები, მსახიობები თუ გლადიატორები — ყველანი ამ გზებით სარგებლობდნენ. მგზავრები ფეხით დღეში დაახლოებით 25 — 30 კილომეტრს გადიოდნენ. მათ მანძილის შესახებ ინფორმაციის ნახვა ქვის სვეტებზე შეეძლოთ. ქვის ამ სვეტებს სხვადასხვანაირი ფორმა ჰქონდათ; ჩვეულებრივ, ისინი ცილინდრული იყო და გზებზე ყოველ 1 480 მეტრში, ანუ ერთი რომაული მილის მანძილზე, იყო განლაგებული. გზად შეხვდებოდით ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლებოდა ცხენების გამოცვლა, საჭმლის ყიდვა და, ზოგ შემთხვევაში, ღამის გათევაც კი. ზოგან, ასეთი მომსახურების ადგილებში, პატარა ქალაქებიც კი გაშენდა.

ქრისტეს დაბადების შემდეგ, მალევე, კეისარმა ავგუსტუსმა გზების მოვლის პროგრამა შეიმუშავა. მან დანიშნა პირები, რომლებსაც ერთ ან უფრო მეტ გზაზე უნდა ეზრუნათ. კეისარმა რომის ფორუმზე, ანუ მოედანზე აღმართა miliarium aureum-ად წოდებული ოქროს სვეტი. ამ სვეტზე ოქროთი მოვარაყებული ბრინჯაოს ასოებით გაკეთებული იყო წარწერა, რომელიც მიანიშნებდა, რომ იქ რომში მიმავალი ყველა გზა მთავრდებოდა. აქედან წარმოიშვა გამონათქვამი: „ყველა გზა რომში მიდის“. ავგუსტუსს აგრეთვე ჰქონდა მთელი იმპერიის გზათა სისტემის რუკები. როგორც ჩანს, გზების ეს ქსელი საუკეთესოდ აკმაყოფილებდა იმდროინდელ ნორმებს და ხალხის მოთხოვნილებებს.

ძველ დროს მგზავრობის გასაადვილებლად ზოგიერთი მგზავრი იყენებდა იტინერარიუმებს ანუ გზამკვლევებს. მათში მოცემული ინფორმაცია აჩვენებდა, რა მანძილი იყო სხვადასხვა გასაჩერებელ ადგილებს შორის; აგრეთვე მათში აღნიშნული იყო, თუ რა სახის მომსახურება იყო ხელმისაწვდომი კონკრეტულ ტერიტორიაზე. ასეთი გზამკვლევები ძვირი ღირდა, ამიტომ ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი.

მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა გზამკვლევები, სასიხარულო ცნობის მახარობელი ქრისტიანები წინასწარ გეგმავდნენ ხანგრძლივ მოგზაურობებს და დიდ მანძილებს გადიოდნენ. როდესაც მოციქული პავლე აღმოსავლეთით მიდიოდა, თავის თანამედროვეთა მსგავსად ზღვით არჩევდა ხოლმე მგზავრობას ზურგის ქარის გამო (საქმეები 14:25, 26; 20:3; 21:1—3). ხმელთაშუაზღვისპირეთში ზაფხულის თვეებში ქარი დასავლეთის მხრიდან უბერავს. მაგრამ, როცა პავლე დასავლეთისკენ მიემართებოდა, ის სახმელეთო გზით, რომის საგზაო ქსელით, სარგებლობდა. სწორედ ასე მოიქცა პავლე მეორე და მესამე მისიონერული მოგზაურობების დროს (საქმეები 15:36—41; 16:6—8; 17:1, 10; 18:22, 23; 19:1) *. ახ. წ. დაახლოებით 59 წელს პავლე აპიუსის გზით მიდიოდა რომში და რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით 74 კილომეტრში, აპიუსის ხალხმრავალ მოედანზე, შეხვდა თანამორწმუნეებს. სხვები კი რომიდან 14 კილომეტრში, სამ ფუნდუკად წოდებულ, მგზავრთა დასვენებისთვის განკუთვნილ ადგილას ელოდებოდნენ პავლეს (საქმეები 28:13—15). ახ. წ. დაახლოებით 60 წელს პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგა „მთელ მსოფლიოში“ (კოლოსელები 1:6, 23). ამაში გზათა ქსელმა დიდი წვლილი შეიტანა.

ამგვარად, რომის გზები ჩვენამდე მოღწეული მართლაც რომ საოცარი ისტორიული ძეგლია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებაში (მათე 24:14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 18 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ატლასი „ეწვიეთ მადლიან ქვეყანას“, გვერდი 33. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 14 გვერდზე]

რომაული სვეტი.

[სურათი 15 გვერდზე]

აპიუსის გზა (რომის გარეუბანი).

[სურათი 15 გვერდზე]

გზა ძველ ოსტიაში (იტალია).

[სურათი 15 გვერდზე]

ურმის ნაკვალევი (ავსტრია).

[სურათი 15 გვერდზე]

რომის გზის მონაკვეთი მანძილის აღმნიშვნელი სვეტებით (იორდანია).

[სურათი 16 გვერდზე]

ძველი სამარხები აპიუსის გზაზე რომიდან მოშორებით.

[სურათი 16 გვერდზე]

ფურლოს გვირაბი ფლამინიუსის გზაზე (მარკეს ოლქი, იტალია).

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ტიბერიუსის ხიდი ემილიას გზაზე რიმინიში (იტალია).

[სურათი 17 გვერდზე]

პავლე თანამორწმუნეებს აპიუსის ხალხმრავალ მოედანზე შეხვდა.

[სურათის საავტორო უფლებები 15 გვერდზე]

Far left, Ostia: ©danilo donadoni/Marka/age fotostock; far right, road with mileposts: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.