არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში

ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში

ღირსეული ქორწინება, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში

„ქორწილი იყო გალილეის კანაში . . . ქორწილში იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ დაპატიჟებული“ (იოანე 2:1, 2).

1. რაზე ამახვილებს ყურადღებას ცნობა, რომელიც კანაში იესოს ყოფნის შესახებ მოგვითხრობს?

იესოს, დედამისსა და ზოგ მის მოწაფეს ესმოდათ, თუ რა სიხარული მოაქვს ღირსეულ ქორწილს ღვთის ხალხისთვის. ქრისტემ ერთ-ერთი ქორწილი გამორჩეულიც კი გახადა იმით, რომ იქ პირველი სასწაული მოახდინა და სტუმრებს მეტი სიამოვნება მიანიჭა (იოანე 2:1—11). ალბათ, თქვენც დასწრებიხართ იმ ქრისტიანთა ქორწილს, რომლებსაც სურთ, იყვნენ ბედნიერნი და ერთად ემსახურონ იეჰოვას. შეიძლება თავად აპირებთ ქორწილის გადახდას ან გსურთ, მეგობარს დაეხმაროთ, რომ მისმა ქორწილმა კარგად ჩაიაროს. რა შეიძლება გაკეთდეს ღირსეული ქორწინებისთვის?

2. რას გვეუბნება ბიბლია ქორწილების შესახებ?

2 ქრისტიანებმა იციან, რომ ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვაში მოცემული რჩევები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც დაქორწინებას აპირებს (2 ტიმოთე 3:16, 17). ბიბლიაში დაწვრილებით არ არის მოცემული, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ქრისტიანული ქორწილი. ეს გასაგებიცაა, რადგან ტრადიციები და კანონები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მაგალითად, ძველ ისრაელში ქორწილის დროს არანაირი ოფიციალური ცერემონიალი არ ტარდებოდა. ქორწილის დღეს ნეფეს პატარძალი თავის ან მამამისის სახლში მიჰყავდა (დაბადება 24:67; ესაია 61:10; მათე 1:24). ასეთი სახე ჰქონდა მაშინ ქორწილს, რაც განსხვავდება დღევანდელი მრავალი ქორწილისგან.

3. კანაში ყოფნისას რომელ ღონისძიებაში მიიღო იესომ მონაწილეობა?

3 ისრაელებს კარგად ესმოდათ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა დაქორწინებას ნიშნავდა. ამის შემდეგ დაქორწინებულ წყვილს შეიძლება წვეულება გაემართა, როგორც ეს იოანეს 2:1-შია მოხსენიებული. ბიბლიის მრავალი თარგმანი ამ მუხლს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ქორწილი იყო კანაში“. მაგრამ დედნის ენიდან ეს სიტყვა მართებულად არის გადმოტანილი, როდესაც ნათარგმნია, როგორც „ქორწილი“ ანუ „საქორწილო წვეულება“ * (მათე 22:2—10; 25:10; ლუკა 14:8). ბიბლიის ზემოხსენებული მონაკვეთიდან ნათლად ჩანს, რომ იესო იყო ებრაულ ქორწილში და გარკვეული წვლილი შეიტანა იმაში, რომ მასზე დასწრება სასიამოვნო ყოფილიყო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ქორწილები განსხვავდება იესოს დროინდელი ქორწილებისგან.

4. როგორი ქორწილის გადახდას ამჯობინებს ზოგი ქრისტიანი და რატომ?

4 დღეს მრავალ ქვეყანაში ქრისტიანებს, რომელთაც დაქორწინება სურთ, გარკვეული სახელმწიფო კანონების დაცვა მოეთხოვებათ. მათ შეუძლიათ, დაქორწინდნენ, ოღონდ კანონის ფარგლებში. ეს შეიძლება იყოს პატარა, უბრალო ცერემონიალი, რომელსაც გაუძღვება მოსამართლე, ქალაქის მერი ან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი რელიგიური პირი. ზოგი ამჯობინებს, ამ პროცედურაზე ახლო ნათესავები და მეგობრები მიიწვიოს მოწმეებად და თავიანთი სიხარულის გასაზიარებლად (იერემია 33:11; იოანე 3:29). მსგავსად ამისა, სხვებმა, შესაძლოა, არ გადაიხადონ დიდი ქორწილი, რაც კარგ ორგანიზებასა და დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ნაცვლად ამისა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მათ შეიძლება ვიწრო წრეში აღნიშნონ. რასაც უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა მოწიფულ ქრისტიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ (რომაელები 14:3, 4).

5. რატომ სურს ბევრ ქრისტიანს, რომ თავიანთ ქორწილში ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წარმოითქვას და რას ეხება ეს მოხსენება?

5 ქრისტიანთა უმეტესობას სურს, თავიანთ ქორწილში ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წარმოითქვას *. მათ ესმით, რომ იეჰოვაა ქორწინების დამფუძნებელი და ის თავის სიტყვაში გონივრულ რჩევებს იძლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ქორწინებამ წყვილს ბედნიერება და კმაყოფილება მოუტანოს (დაბადება 2:22—24; მარკოზი 10:6—9; ეფესოელები 5:22—33). ბევრ წყვილს სურს, მათი სიხარული მეგობრებმა და ნათესავებმა გაიზიარონ. მაგრამ, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კანონები, პროცედურები და ადგილობრივი წეს-ჩვეულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან? ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში? ზოგი ქორწილი შეიძლება საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც თქვენ გინახავთ ან, რაც თქვენს ქვეყანაშია მიღებული. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც ღვთის მსახურთათვის მნიშვნელოვანია.

ღირსეული ქორწინება კანონიერი ქორწინებაა

6, 7. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ქორწინებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონები და როგორ შეგვიძლია მათი დაცვა?

6 მართალია, იეჰოვაა ქორწინების დამფუძნებელი, მაგრამ ადამიანთა მთავრობებსაც აქვთ ქორწინების ფორმალურ მხარეზე გარკვეული უფლებამოსილება. ეს მართებულია. იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). მოციქულმა პავლემაც აღნიშნა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ, რადგან ყველა ხელისუფლება ღვთისგანაა. არსებულ ხელისუფალთ ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (რომაელები 13:1; ტიტე 3:1).

7 ბევრ ქვეყანაში კეისარი, ანუ სახელმწიფო მოხელე, უფლებამოსილია, განსაზღვროს, ვის აქვს დაქორწინების უფლება. ამგვარად, ორი ქრისტიანი, რომელთაც ბიბლიის საფუძველზე დაქორწინების უფლება აქვთ, კეთილსინდისიერად ემორჩილება ადგილობრივ სახელმწიფო კანონებს. ამაში შეიძლება შედიოდეს სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისგან ქორწინებაზე ნებართვის აღება და ქორწინების რეგისტრირება. როდესაც კეისარ ავგუსტუსმა მოითხოვა, ჩატარებულიყო მოსახლეობის აღწერა, მარიამი და იოსები დაემორჩილნენ მის ბრძანებას და ბეთლემში წავიდნენ, ‘რათა აღწერილიყვნენ’ (ლუკა 2:1—5).

8. რა პასუხისმგებლობას აკისრებს ქორწინება წყვილს და რა ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეებს ესმით ეს?

8 როდესაც ორი ქრისტიანი კანონიერად ქორწინდება, ღვთის თვალში ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლები არიან. იეჰოვას მოწმეები მრავალჯერ არ იმეორებენ ქორწინების ცერემონიალს და არც ქორწინების 25-ე და 50-ე წლისთავზე დებენ ხელმეორედ საქორწილო აღთქმას (მათე 5:37). (ზოგი ეკლესია არ სცნობს სახელმწიფოს მიერ კანონიერად აღიარებულ ქორწინებას და აცხადებს, რომ ქორწინება სინამდვილეში კანონიერი არ არის, თუ მღვდელმა ან რომელიმე სასულიერო პირმა არ ჩაატარა საქორწილო რიტუალი და წყვილი ცოლ-ქმრად არ გამოაცხადა). ბევრ ქვეყანაში მთავრობა იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლებს ქორწინების რეგისტრირების უფლებას აძლევს. თუ შესაძლებელია, ეს გაკეთდება სამეფო დარბაზში, სადაც წარმოითქმება საქორწინო მოხსენება. სამეფო დარბაზი არის იეჰოვას მოწმეების ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ადგილი. ამიტომ ის შესაფერისი ადგილია იმისათვის, რომ წარმოითქვას მოხსენება იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც იეჰოვას მიერ არის დაფუძნებული.

9. ა) რა შეიძლება მოისურვოს ქრისტიანმა წყვილმა კანონიერად დაქორწინების შემდეგ? ბ) რა წვლილი შეაქვთ უხუცესებს საქორწილო ცერემონიალის დაგეგმვაში?

9 ზოგან კანონით მოითხოვება, რომ წყვილი დაქორწინდეს სახელმწიფო დაწესებულებაში ან საქორწილო რიტუალი შეასრულოს სახელმწიფო მოხელემ. ქორწინების კანონიერად რეგისტრირების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ქრისტიანები ამჯობინებენ, იმავე ან მომდევნო დღეს სამეფო დარბაზში წაკითხულ იქნას საქორწინო მოხსენება. (სასურველი არ არის, რომ ქორწინების რეგისტრირებიდან ბიბლიური მოხსენების წარმოთქმამდე მრავალი დღე გავიდეს, რადგან წყვილი უკვე დაქორწინებულია ღვთისა და ადამიანების, მათ შორის ქრისტიანული კრების, წინაშე). თუ წყვილს სურს, რომ ქორწინების რეგისტრირების შემდეგ სამეფო დარბაზში მოხსენება იქნას წაკითხული, საჭიროა, კრების სამსახურებრივი კომიტეტისგან წინასწარ ჰქონდეთ ნებართვა აღებული. მას შემდეგ, რაც უხუცესები წყვილს კარგ რეკომენდაციას გაუწევენ, მათ უნდა იზრუნონ, მოხსენება ისეთ დროს წარმოითქვას, რომ ხელი არ შეეშალოს კრების შეხვედრების ჩატარებას ან სხვა დაგეგმილ ღონისძიებებს (1 კორინთელები 14:33, 40). ისინი, წყვილის თხოვნით, აგრეთვე გადახედავენ დარბაზის სათანადოდ გაფორმების საკითხს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაკეთდეს თუ არა განცხადება საქორწინო მოხსენების წარმოთქმის თაობაზე.

10. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის კანონი მოითხოვს ქორწინების რეგისტრირება სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდეს, რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან საქორწინო მოხსენებაზე?

10 უხუცესის მიერ წარმოთქმულ საქორწინო მოხსენებაში სითბო უნდა იგრძნობოდეს; ის გამამხნევებელი უნდა იყოს და არავის ღირსება არ უნდა შელახოს. თუ წყვილი მოხსენების წარმოთქმამდე უკვე კანონიერად დაქორწინდა, მომხსენებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ისინი კეისრის კანონის თანახმად, ცოლ-ქმარი არიან. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ ქორწინების რეგისტრირების დროს წყვილს არ დაუდია საქორწილო აღთქმა, მათ ეს მოხსენების წარმოთქმის დროს შეუძლიათ გააკეთონ *. თუ აღთქმა დაიდო რეგისტრირების დროს, მაგრამ ახალდაქორწინებულებს სურთ, რომ ის იეჰოვასა და კრების წინაშეც წარმოთქვან, ეს მათ წარსულ დროში უნდა გააკეთონ. ამით ისინი ცხადყოფენ, რომ უკვე ‘შეუღლებულები’ არიან (მათე 19:6; 22:21).

11. როგორ ქორწინდება ზოგ ქვეყანაში წყვილი და რა გავლენას ახდენს ეს საქორწინო მოხსენებაზე?

11 ზოგ ქვეყანაში შეიძლება კანონით არ მოითხოვება საქორწილო ცერემონიალი და არც სახელმწიფო მოხელესთან მისვლა. წყვილი კანონიერად დაქორწინებულად ითვლება, როდესაც ხელმოწერილ ქორწინების მოწმობას სახელმწიფო მოხელეს წარუდგენენ. შემდეგ ხდება საქორწინო მოწმობის რეგისტრაციაში გატარება. ამგვარად წყვილი ოფიციალურად ცოლ-ქმრად ცხადდება და ეს დღე არის მათი დაქორწინების თარიღი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი სახით დაქორწინებულ წყვილს შესაძლოა სურდეს, რომ რეგისტრირების შემდეგ სულიერად მოწიფულმა ძმამ სამეფო დარბაზში ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წაიკითხოს. მომხსენებელი ყველა დამსწრის გასაგონად აღნიშნავს, რომ წყვილი რეგისტრაციაში გატარდა და უკვე დაქორწინებულია. აღთქმა უნდა დაიდოს მე-10 აბზაცისა და იქვე მინიშნებული სქოლიოს შესაბამისად. სამეფო დარბაზში მყოფი ყველა დამსწრე იზიარებს ახალდაქორწინებულთა სიხარულს და სარგებლობას იღებს ღვთის სიტყვაზე დაფუძნებული რჩევებიდან (ქებათა ქება 3:11).

ტრადიციული და სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება

12. რა არის ტრადიციული ქორწინება და რის გაკეთებაა რეკომენდებული ასეთი ქორწინების შემდეგ?

12 ზოგ ქვეყანაში წყვილი ტრადიციულად (ტომში მიღებული წეს-ჩვეულების თანახმად) ქორწინდება. აქ საუბარი არ არის ორ პიროვნებაზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და არც იმათზე, რომლებიც ერთმანეთთან სამოქალაქო ქორწინებაში (ამ დროს წყვილი კანონიერი რეგისტრირების გარეშე ცხოვრობს ერთად) არიან, თუმცა შეიძლება გარკვეული სტატუსი აქვთ, მაგრამ მათი ქორწინება ბოლომდე არ არის კანონიერი *. აქ საუბარია ქორწინებაზე, რომელიც ამა თუ იმ ტომში ან მხარეში მიღებული ტრადიციის თანახმად ხდება. ამაში შეიძლება შედიოდეს ურვადის გადახდა და აღება, რომლის საფუძველზეც წყვილი კანონიერად და, ბიბლიური ნორმების შესაბამისად, დაქორწინებულად ითვლება. მთავრობა ასეთ ტრადიციულ ქორწინებას კანონიერად მიიჩნევს. ჩვეულებრივ, შესაძლებელია ტრადიციული ქორწინების რეგისტრირება და ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წყვილი იღებს ქორწინების მოწმობას. ეს მოწმობა იცავს წყვილისა და მათი მომავალი შვილების უფლებებს; იგი იცავს აგრეთვე ცოლის უფლებებს მისი დაქვრივების შემთხვევაში. კრებამ ტრადიციულად დაქორწინებული წყვილები უნდა აღძრას, რაც შეიძლება მალე გაიარონ რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ მოსეს კანონის თანახმად, ოფიციალურად ხდებოდა ქორწინებისა და ბავშვის დაბადების რეგისტრირება (მათე 1:1—16).

13. ტრადიციული ქორწინების შემდეგ, რის გაკეთება იქნებოდა მიზანშეწონილი საქორწინო მოხსენების წარმოთქმისას?

13 ასეთი ტრადიციული პროცესის შემდეგ წყვილი ცოლ-ქმარი მაშინ ხდება, როდესაც ისინი ამას კანონიერად აფორმებენ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთი სახით კანონიერად დაქორწინებულ წყვილს შესაძლოა სურდეს, სამეფო დარბაზში წაკითხულ იქნას საქორწინო მოხსენება და ერთმანეთს საქორწილო აღთქმა მისცენ. ასეთ შემთხვევაში მომხსენებელი აღნიშნავს, რომ წყვილი კეისრის კანონის თანახმად უკვე დაქორწინებულია. ამგვარი მოხსენება მხოლოდ ერთხელ უნდა წარმოითქვას. დაქორწინება — ამ შემთხვევაში კანონიერი ტრადიციული ქორწინება — ერთხელ ხდება და ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებაც ერთხელ იკითხება. ამ ორი რამის რაც შეიძლება მალე — სასურველია იმავე დღეს — გაკეთება ქორწინებას ღირსეულს ხდის საზოგადოების თვალში.

14. რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა იმ შემთხვევაში, თუ მის ქვეყანაში მიღებულია როგორც ტრადიციული, ისე სახელმწიფო მოხელის მიერ გაფორმებული ქორწინება?

14 ზოგან, სადაც ტრადიციული ქორწინება კანონიერად ითვლება, არსებობს საშუალებები იმისათვის, რომ ქორწინება სახელმწიფოს მიერ იქნას რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში ქორწინების რეგისტრირებას, ჩვეულებრივ, სახელმწიფო მოხელე ახდენს; ამ დროს წყვილი დებს აღთქმას და ხელს აწერს. ზოგი ქრისტიანი წყვილი ტრადიციულ ქორწინებას ასეთ ქორწინებას არჩევს. კანონით არ მოითხოვება ორივეს — ტრადიციული და სახელმწიფო მოხელის მიერ ჩატარებული — საქორწილო ცერემონიალის გავლა, რადგან ორივე კანონიერია. ამ შემთხვევაშიც მართებულია საქორწინო მოხსენებისა და აღთქმის შესახებ მე-9 და მე-10 აბზაცებში მოცემული ინფორმაციის გამოყენება. მნიშვნელოვანია, წყვილი ისე დაქორწინდეს, რომ იგი ღირსეული იყოს, როგორც ღვთის, ისე ადამიანის თვალში (ლუკა 20:25; 1 პეტრე 2:13, 14).

შეინარჩუნეთ ღირსეული ქორწინება

15, 16. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქორწინება ღირსეული იყოს?

15 როდესაც სპარსეთის მეფეს ქორწინებაში პრობლემები წარმოექმნა, ერთ-ერთმა მრჩეველმა, მემუქანმა, მას სასიკეთო რჩევა მისცა — ‘ყველა ცოლს პატივი მიეგო თავისი პატრონისთვის’ (ესთერი 1:20). ქრისტიანული ოჯახები არ საჭიროებენ მეფისგან ასეთ მითითებას; ცოლები პატივს მიაგებენ ქმრებს. ქრისტიანი ქმრებიც ‘პატივს მიაგებენ’ და აქებენ ცოლებს (იგავები 31:11, 30; 1 პეტრე 3:7). იმისათვის, რომ ერთმანეთს პატივი სცენ, მეუღლეები არ უნდა დაელოდონ დაქორწინებიდან წლების გასვლას. ერთმანეთისადმი პატივისცემა მათ თავიდანვე, ქორწინების დღიდანვე, უნდა გამოავლინონ.

16 ქორწინებისადმი პატივისცემა მხოლოდ ახალდაქორწინებულებმა არ უნდა გამოავლინონ. პატივისცემა უნდა იგრძნობოდეს საქორწინო მოხსენებაშიც, რომელსაც ქრისტიანი უხუცესი წარმოთქვამს. მომხსენებელმა უშუალოდ წყვილს უნდა მიმართოს. ვინაიდან საქორწინო მოხსენება ღირსეულად უნდა წარმოითქვას, მომხსენებელმა მასში არ უნდა ჩართოს ხუმრობები ან ანეგდოტები. ის მოხსენებაში, აგრეთვე, არ უნდა შეეხოს მეტისმეტად პირადულ საკითხებს, რაც წყვილსა თუ აუდიტორიას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. ნაცვლად ამისა, ის ეცდება, მოხსენება წარმოითქვას გულთბილად, იყოს გამამხნევებელი და ყურადღება გამახვილდეს ქორწინების დამფუძნებელსა და მის დიდებულ რჩევებზე. დიახ, უხუცესის მიერ ღირსეულად წარმოთქმული საქორწინო მოხსენება გარკვეულ წვლილს შეიტანს ქორწინებაში, რომელიც პატივს მიაგებს იეჰოვა ღმერთს.

17. რატომ უნდა დაიცვან ქრისტიანებმა ქორწინებასთან დაკავშირებული კეისრის კანონები?

17 ალბათ, ამ სტატიაში კანონიერ ქორწინებასთან დაკავშირებულ მრავალ დეტალს შენიშნავდით. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თქვენს ქვეყანას არ ეხება. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას მოწმეებმა ქორწინებასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ ადგილობრივი კანონებისადმი, კეისრის მოთხოვნებისადმი, პატივისცემა გამოავლინონ (ლუკა 20:25). პავლემ მოგვიწოდა: „ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც გადასახადი — გადასახადი, ვისაც ხარკი — ხარკი ... ვისაც პატივი — პატივი“ (რომაელები 13:7). მართლაც, მართებულია, რომ ქრისტიანებმა ღვთის ამ ღონისძიებისადმი პატივისცემა ქორწინების დღიდანვე გამოავლინონ.

18. ქორწინებასთან დაკავშირებით კიდევ რას უნდა მიექცეს ყურადღება და სად შეგვიძლია ამის შესახებ ინფორმაციის ნახვა?

18 ხშირ შემთხვევაში ქრისტიანები დაქორწინების შემდეგ საქორწილო სუფრას შლიან. გავიხსენოთ, რომ იესოც ესწრებოდა ქორწილს. თუ ქრისტიანი წყვილი ქორწილის გადახდას აპირებს, როგორ დაეხმარება მათ ბიბლიური რჩევები, ისეთი ქორწილი გადაიხადონ, რომ ამითაც პატივი მიაგონ ღმერთს და, ამასთანავე, ამ ქორწილმა დადებით შუქში წარმოაჩინოს როგორც ახალდაქორწინებულები, ისე ქრისტიანული კრება? მომდევნო სტატიაში სწორედ ამ საკითხზე იქნება საუბარი *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იგივე სიტყვა შეიძლება ითარგმნოს „ნადიმად“ და იგი ქორწილთან არ იყოს დაკავშირებული (ესთერი 9:22).

^ აბზ. 5 იეჰოვას მოწმეები ქორწილის დროს კითხულობენ 30-წუთიან მოხსენებას სათაურით: „ღვთის თვალში ღირსეული ქორწინება“. მასში განიხილება ბიბლიური რჩევები წიგნიდან „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ და იეჰოვას მოწმეთა სხვა პუბლიკაციებიდან. ეს მოხსენება სასარგებლოა როგორც წყვილისთვის, ისე ყველა დამსწრისთვის.

^ აბზ. 10 თუ ადგილობრივი კანონი სხვა რამეს არ მოითხოვს, უნდა წარმოითქვას აღთქმა, რომელიც პატივს მიაგებს ღმერთს. ნეფემ უნდა თქვას: „მე [ნეფის სახელი] ცოლად გირთავ შენ [პატარძლის სახელი] და აღგითქვამ, რომ მეყვარები და ვიზრუნებ შენზე ღვთის კანონის თანახმად, რომელიც ქრისტიანი ქმრებისთვის წმინდა წერილებშია მოცემული და ასე იქნება მანამ, სანამ ერთად ვიცხოვრებთ დედამიწაზე ცოლქმრული კავშირით გაერთიანებულნი“. პატარძალმა უნდა თქვას: „მე [პატარძლის სახელი] ცოლად მოგყვები შენ [ნეფის სახელი] და აღგითქვამ, რომ მეყვარები, ვიზრუნებ შენზე და დიდ პატივს გცემ ღვთის კანონის თანახმად, რომელიც ქრისტიანი ცოლებისთვის წმინდა წერილებშია მოცემული და ასე იქნება მანამ, სანამ ერთად ვიცხოვრებთ დედამიწაზე ცოლქმრული კავშირით გაერთიანებულნი“.

^ აბზ. 12 სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებით ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1962 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდი 287 (ინგლ.).

^ აბზ. 18 იხილეთ აგრეთვე სტატია „დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწილის დღე“, გვერდი 28.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული დაქორწინების დროს როგორც კანონიერი, ისე სულიერი მხარეებით?

• რის გაკეთება შეიძლება სურდეთ ქრისტიანებს სახელმწიფო კანონის თანახმად დაქორწინების შემდეგ მალევე?

• რატომ წარმოითქმება საქორწინო მოხსენება სამეფო დარბაზში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

ძველ ისრაელში დაქორწინების ნიშნად სიძეს პატარძალი თავის ან მამის სახლში მიჰყავდა.

[სურათი 21 გვერდზე]

ტრადიციული ქორწინების შემდეგ ქრისტიანებს შეიძლება სურდეთ, სამეფო დარბაზში წაკითხულ იქნას მოხსენება.