არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

ყველა ადამიანს ერთნაირი შესაძლებლობა აქვს, რომ გაიცნოს ღმერთი?

ყველა ადამიანს ერთნაირი შესაძლებლობა აქვს, რომ გაიცნოს ღმერთი?

იესომ კითხვას, თუ რომელი იყო უდიდესი მცნება, ასეთი პასუხი გასცა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). თუმცა, სანამ ადამიანი შეიყვარებს ღმერთს, ჯერ უნდა გაიცნოს ის (იოანე 17:3). ყველა ადამიანს ერთნაირი შესაძლებლობა აქვს, რომ გაიცნოს ღმერთი?

ღვთის გაცნობის უმთავრესი წყარო ბიბლიაა (2 ტიმოთე 3:16). დღეს ბევრისთვის შესაძლებელია, რომ ჰქონდეს ბიბლია. შესაძლოა, მათთვის არაერთხელ შეუთავაზებიათ, მიეღოთ საფუძვლიანი ცოდნა ღვთის შესახებ ბიბლიის შესწავლის მეშვეობით (მათე 28:19). ზოგიერთი მოსიყვარულე ქრისტიანულ ოჯახში იზრდება და მშობლები ყოველდღიურად ასწავლიან ღვთის შესახებ (კანონი 6:6, 7; ეფესოელები 6:4).

სხვებს განსხვავებულ პირობებში უწევთ ცხოვრება. ზოგი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც მშობლებისგან სითბოსა და სიყვარულს ვერ გრძნობდა, და მათთვის შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენა იყო (2 ტიმოთე 3:1—5). ასეთ გარემოში აღზრდილი ადამიანებისთვის, შეიძლება, რთული იყოს იმის წარმოდგენა, რომ ღმერთი მოსიყვარულე ზეციერი მამაა. ზოგს სკოლაშიც არ უვლია და რაკი წერა-კითხვა კარგად არ იცის, არ შეუძლია ბიბლიის წაკითხვა. ზოგს კი გონება ცრუ რელიგიის სწავლებებით აქვს დაბინდული ან ისეთ ოჯახში, გარემოში ან ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება აკრძალულია (2 კორინთელები 4:4). უნდა დავასკვნათ, რომ ასეთ ვითარებაში მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა არა აქვთ, გაიცნონ ღმერთი და შეიყვარონ ის?

იესომ იცოდა, რომ ზოგიერთი ადამიანი შეხვდებოდა ისეთ დაბრკოლებას, რომელიც მათ ღვთის შეყვარებასა და მისადმი მორჩილებაში შეუშლიდა ხელს (მათე 19:23, 24). თუმცა იესომ შეახსენა თავის მოწაფეებს, რომ „ღვთისთვის . . . ყველაფერი შესაძლებელია“, მათ შორის იმ პრობლემების მოგვარებაც კი, რომელიც ადამიანისთვის გადაულახავი ჩანს (მათე 19:25, 26).

დავფიქრდეთ შემდეგ ფაქტებზე: იეჰოვა ღმერთმა იზრუნა, რომ მისი სიტყვა, ბიბლია, ყველა დროის ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნი ყოფილიყო. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ სასიხარულო ცნობა ღვთისა და დედამიწის მიმართ მისი განზრახვის შესახებ „მთელ მსოფლიოში“ ნაქადაგები იქნება (მათე 24:14). დღეს იეჰოვას მოწმეები ამ სასიხარულო ცნობას 230-ზე მეტ ქვეყანაში ქადაგებენ და დაახლოებით 500 ენაზე გამოსცემენ ბიბლიურ ლიტერატურას. მათ კი, ვისაც არა აქვს ბიბლიის წაკითხვის შესაძლებლობა, ღვთის გაცნობა მის ქმნილებებზე დაკვირვებით შეუძლიათ (რომაელები 1:20).

გარდა ამისა, ღვთის სიტყვა ამბობს: „იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას. თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს“ (1 მატიანე 28:9). მართალია, იეჰოვა არ იძლევა დაპირებას, რომ ყველა ადამიანს მისი გაცნობის ერთნაირი შესაძლებლობა მიეცემა, მაგრამ ის ზრუნავს იმაზე, რომ ამის გაკეთება წრფელი გულის მქონე ყველა ადამიანმა შეძლოს. ის იმაზეც იზრუნებს, რომ ისინი, ვისაც არ ჰქონია მისი გაცნობის შესაძლებლობა, მკვდრეთით აღდგნენ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში და მიეცეთ ამის საშუალება (საქმეები 24:15).