არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იესოს უნდა მივმართოთ ლოცვით?

იესოს უნდა მივმართოთ ლოცვით?

სოციოლოგებმა ამასწინათ სხვადასხვა აღმსარებლობის 800-ზე მეტი ახალგაზრდა გამოკითხეს. კითხვაზე: „სჯეროდათ თუ არა, რომ იესო პასუხობდა მათ ლოცვებს“, რესპოდენტთა 60 პროცენტზე მეტმა უყოყმანოდ განაცხადა თანხმობა. თუმცა ერთმა გოგონამ გადახაზა ის ადგილი, სადაც ეწერა „იესო“ და „ღმერთი“ მიაწერა.

თქვენ რას ფიქრობთ? იესოს უნდა მივმართავდეთ ლოცვით, თუ ღმერთს? * პასუხის მისაღებად, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ასწავლიდა იესო თავის მოწაფეებს ლოცვის თაობაზე.

იესოს სწავლების თანახმად, ვის უნდა მივმართოთ ლოცვით?

იესომ არა მარტო გვასწავლა, არამედ პირადი მაგალითითაც გვაჩვენა, ვის უნდა მივმართოთ ლოცვით.

იესო ლოცვით თავის ზეციერ მამას მიმართავდა, რითაც მაგალითი დაგვიტოვა

იესო ასწავლიდა: როდესაც ერთმა მოწაფემ მას სთხოვა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“, იესომ უთხრა, რომ ლოცვა მამის მიმართ უნდა წარმოეთქვათ (ლუკა 11:1, 2). ლოცვისკენ იესომ მთაზე ქადაგების დროსაც მოუწოდა თავის მსმენელებს და უთხრა: „ლოცვით მიმართე დაფარულში მყოფ შენს მამას“. სიტყვებით, „თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“, იესომ დაარწმუნა ისინი, რომ ღმერთი ისმენდა მათ ლოცვებს (მათე 6:6, 8). სიკვდილის წინა ღამეს, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, ის მოგცემთ“ (იოანე 16:23). ამგვარად, იესომ გვასწავლა, რომ ლოცვით უნდა მივმართოთ იესოს მამას, იეჰოვას, რომელიც ჩვენი მამაც არის (იოანე 20:17).

იესოს მაგალითი: იესო, როგორც სხვებს ასწავლიდა, თავადაც ისე ლოცულობდა: „ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო“ (ლუკა 10:21). ერთხელ «იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო და თქვა: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე“» (იოანე 11:41). როცა კვდებოდა, მან ილოცა „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული“ (ლუკა 23:46). ზეციერი მამისადმი, „ცისა და დედამიწის უფლისადმი“, აღვლენილი ლოცვებით იესომ ნათლად დაგვანახვა, ვის უნდა მივმართოთ ლოცვით (მათე 11:25; 26:41, 42; 1 იოანე 2:6). იესოს პირველი მოწაფეებიც ასე ლოცულობდნენ?

ვის მიმართავდნენ ლოცვით იესოს პირველი მოწაფეები?

იესოს ზეცად ამაღლებიდან რამდენიმე კვირა არ იყო გასული, რომ მოწინააღმდეგეებმა მის მოწაფეებს დაშინება და მუქარა დაუწყეს (საქმეები 4:18). ცხადია, ისინი ამ დროს ლოცულობდნენ, მაგრამ ვის მიმართ? „მათ ერთსულოვნად მიმართეს ღმერთს ხმამაღლა“ და სთხოვეს დახმარება მისი „წმინდა მსახურის, იესოს სახელით“ (საქმეები 4:24, 30). ასე რომ, იესოს მოწაფეები ლოცვასთან დაკავშირებით იესოს მითითებას მიჰყვებოდნენ. ისინი ლოცვით ღმერთს მიმართავდნენ და არა თავად იესოს.

წლების შემდეგ, მოციქულმა პავლემ აღწერა, თუ როგორ ლოცულობდნენ ის და მისი თანამსახურნი. თანაქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში ის ამბობს: „ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ, ვმადლობთ ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას“ (კოლოსელები 1:3). პავლემ თანამორწმუნეებს შემდეგი სიტყვებიც მისწერა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით ყოველთვის მადლობდეთ ყველაფრისთვის ჩვენს ღმერთსა და მამას“ (ეფესოელები 5:20). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლე მოუწოდებდა სხვებს, ლოცვით მიემართათ მისი ღმერთისა და მამისთვის, ოღონდ იესო ქრისტეს სახელით (კოლოსელები 3:17).

პირველი ქრისტიანების მსგავსად, იესოსადმი ჩვენს სიყვარულს იმით ცხადვყოფთ, თუ ლოცვასთან დაკავშირებულ მის მითითებას მივყვებით (იოანე 14:15). თუ ლოცვით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ზეციერ მამას მივმართავთ, ჩვენთვის აზრს მოკლებული არ იქნება ფსალმუნის 116:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები: „სიყვარულით ვივსები, რადგან იეჰოვა ისმენს ჩემს ხმას . . . ჩემი სიცოცხლის ყოველ დღეს მოვუხმობ მას“ *.

^ აბზ. 3 წმინდა წერილების თანახმად, ღმერთი და იესო არ არიან თანასწორნი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-4 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 11 ჩვენი ლოცვები ღვთისთვის მისაღები რომ იყოს, მთელი გულით უნდა ვეცადოთ მისი მოთხოვნების თანახმად ცხოვრებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-17 თავი.