არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქმრებო, სუფევს თქვენს ოჯახში სიმყუდროვე?

ქმრებო, სუფევს თქვენს ოჯახში სიმყუდროვე?

როგორი გარემო უნდა შეუქმნან ქმრებმა ცოლებს? ბევრი იმ რწმენით აღიზარდა, რომ ქმრის მთავარი საზრუნავი ოჯახის ფინანსურად უზრუნველყოფაა. მაგრამ ზოგ ცოლს, რომელსაც მატერიალურად ყველაფერი აქვს, ემოციური მხარდაჭერა აკლია და ხშირად შიშის გრძნობაც კი ეუფლება. მაგალითად, ესპანელი როზა თავისი ქმრის შესახებ ამბობს: „ჩემი ქმარი გარეთ სხვა ადამიანია, სახლში კი — სულ სხვა. მე უხეშად მეპყრობა, სხვებისთვის კი ძალიან თავაზიანია“. ნიგერიელი ჯოი კი გვიზიარებს: «როცა ჩემს ქმარს რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მეუბნებოდა: „რასაც გეუბნები, ის უნდა გააკეთო, რადგან შენი ქმარი ვარ“».

როგორ შეუძლია ქმარს სიყვარულით შეასრულოს თავისი როლი ოჯახში? რა დაეხმარება მას, სახლი მყუდრო გარემოდ აქციოს? (რუთი 1:9).

რას ამბობს ბიბლია ქმრის პასუხისმგებლობაზე

მართალია, ღვთის თვალში კაციც და ქალიც თანასწორია, მაგრამ ბიბლია თითოეულ მათგანს, ცოლსაც და ქმარსაც, ინდივიდუალურ მოვალეობებს აკისრებს. რომაელების 7:2-ში ნათქვამია, რომ ცოლი ქმრის კანონს ემორჩილება. ბევრ დაწესებულებას ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც მეთვალყურეობას უწევს საქმის წარმოებას. მსგავსად ამისა, ღმერთმა ქმარი დანიშნა ცოლის თავად (1 კორინთელები 11:3). ქმრებმა უნდა უხელმძღვანელონ თავიანთ ოჯახებს.

ქმრებო, როგორ უნდა შეასრულოთ ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება“ (ეფესოელები 5:25). მიუხედავად იმისა, რომ იესო დაქორწინებული არ ყოფილა, მის მაგალითზე დაფიქრება დაგეხმარებათ, კარგი ქმრები გახდეთ.

იესოს ცხოვრება საუკეთესო მაგალითია

იესო ცდილობდა, გამოეცოცხლებინა ხალხი და მათთვის ტვირთი შეემსუბუქებინა. დაჩაგრულ და პრობლემებით დამძიმებულ ხალხს იესო ეუბნებოდა: „მოდით ჩემთან . . . და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28, 29). ის ხშირად უყუჩებდა მათ ფიზიკურ ტკივილს და თავისი საუბრებით სულიერადაც აცოცხლებდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრს გული უწევდა იესოსკენ, რადგან სჯეროდათ, რომ ის მათ ტვირთს შეუმსუბუქებდა.

როგორ შეუძლიათ ქმრებს, მიჰბაძონ იესოს. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეუმსუბუქებდით ცოლს ტვირთს. ზოგ ცოლსაც ისეთივე გრძნობა ეუფლება, როგორიც როზას: „ვგრძნობდი, რომ ქმრის მოსამსახურე ვიყავი და მეტი არაფერი“. ამის საპირისპიროდ, ერთი მამაკაცი, სახელად კუეკუ, რომელსაც ბედნიერი ოჯახი აქვს, ამბობს: „მიყვარს ჩემი ცოლი და მინდა, ტვირთი შევუმსუბუქო. ამიტომ ხშირად ვთავაზობ დახმარებას“.

იესო ყურადღებიანი და თანამგრძნობი იყო. ერთი საწყალი ქალი 12 წელი მძიმე დაავადებით იტანჯებოდა. როდესაც გაიგო, რომ იესო განკურნების სასწაულებრივ ძალას ფლობდა, თავისთვის ამბობდა: „ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო“. ქალი მართალი იყო. ის იესოს მიუახლოვდა, ტანსაცმლის კიდეს შეეხო და მყისვე გამოჯანმრთელდა. ასეთი საქციელის გამო ზოგი ალბათ განსჯიდა ქალს, მაგრამ იესომ შენიშნა, რომ ის გამოუვალ მდგომარეობაში იყო. * იესომ ქალს თბილად მიმართა: „შვილო, . . . განიკურნე მძიმე დაავადებისგან“. იესოს ქალი არც უხერხულ მდგომარეობაში ჩაუგდია და არც საყვედური დასცდენია. ის თანაგრძნობით მოეკიდა ავადმყოფს. ასეთი მოქმედებით იესომ ცხადყო, რომ თანაგრძნობა შეეძლო (მარკოზი 5:25—34).

როგორ შეუძლიათ ქმრებს მიჰბაძონ იესოს. თუ თქვენი ცოლი თავს შეუძლოდ გრძნობს, ყურადღებიანი და მომთმენი იყავით მის მიმართ. ეცადეთ, თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ და გაუგოთ. რიკარდო ამბობს: „თუ ვხედავ, რომ ჩემი ცოლი გაღიზიანებულია, განსაკუთრებით ვცდილობ, ისეთი რამ არ ვთქვა, რაც უარეს მდგომარეობაში ჩააგდებდა“.

იესო ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს. იესოს უყვარდა მეგობრებთან საუბარი და ამას ხშირად აკეთებდა. „რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“, — თქვა მან (იოანე 15:15). მართალია, ზოგჯერ იესოს განმარტოება უნდოდა საფიქრელად და ლოცვისთვის, მაგრამ ის ხშირად გულს ღვრიდა მოწაფეებთან. წინა საღამოს, სანამ ბოროტმოქმედივით მოკლავდნენ, იესომ გულწრფელად უთხრა მათ, რომ ღრმად იყო დამწუხრებული (მათე 26:38). მეგობრებთან საუბარი მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა მათ იმედი გაუცრუეს (მათე 26:40, 41).

იესოს მაგალითზე დაკვირვება დაეხმარება მამაკაცებს, უკეთესი ქმრები და უკეთესი მამები გახდნენ

როგორ შეუძლიათ ქმრებს მიჰბაძონ იესოს. ესაუბრეთ ცოლებს. უთხარით, რას გრძნობთ და რას ფიქრობთ. ცოლმა შეიძლება დაიჩივლოს, რომ მისი ქმარი გარეთ კომუნიკაბელურია, შინ კი სიტყვაძუნწი. ნახეთ, რას გრძნობს ანა, რომლის ქმარიც მასთან გახსნილია: „ვგრძნობ, რომ ქმარს მართლა ვუყვარვარ, ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს“.

სიჩუმეს ცოლის დასასჯელ იარაღად ნუ გამოიყენებთ. „როცა ჩემზე გაბრაზებული იყო, ჩემი ქმარი დღეები არ მელაპარაკებოდა და ამით თავს დამნაშავედ და დამცირებულად მაგრძნობინებდა“. ედვინი კი ცდილობს, რომ იესოს მიჰბაძოს: „როცა ვბრაზდები, ცოლს მაშინვე არ ვეპასუხები, არამედ შესაფერის მომენტს ვარჩევ პრობლემაზე სასაუბროდ“.

ზემოთ მოხსენიებულმა ჯოიმ შენიშნა, რომ მისი ქმარი მას შემდეგ შეიცვალა, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ჯოი იხსენებს: „ის უკეთესი გახდა, ცდილობს, იესოს მიჰბაძოს და უფრო მოსიყვარულე ქმარი იყოს“. ბიბლიური მითითებები მილიონობით წყვილს დაეხმარა უკეთესი მეუღლეები გამხდარიყვნენ. გინდათ, თქვენც მათ შორის იყოთ? თუ ასეა, სთხოვეთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს, უფასოდ შეგასწავლოთ ბიბლია.

^ აბზ. 10 მოსეს კანონის თანახმად, თავისი მდგომარეობის გამო, ეს ქალი უწმინდურად ითვლებოდა და ყველა, ვისაც ის შეეხებოდა, გაუწმინდურდებოდა (ლევიანები 15:19, 25).