არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 10

სულიერი ქმნილებები რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე?

სულიერი ქმნილებები რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე?
  • ეხმარებიან ანგელოზები ადამიანებს?

  • როგორ ახდენენ გავლენას ბოროტი სულიერი ქმნილებები ადამიანებზე?

  • უნდა გვეშინოდეს ბოროტი სულიერი ქმნილებების?

1. რატომ არის საჭირო ანგელოზების შესახებ მეტის გაგება?

როცა ვინმეს ახლოს გაცნობა გვსურს, ჩვეულებრივ, მისი ოჯახითაც ვინტერესდებით. მსგავსად ამისა, იეჰოვა ღმერთს რომ დავუახლოვდეთ, უფრო მეტი უნდა გავიგოთ ანგელოზების შესახებ, რომლებიც მისი ზეციერი ოჯახის წევრები არიან. ბიბლია ანგელოზებს „ღვთის ძეებს“ უწოდებს (იობი 38:7). რა როლს ასრულებენ ისინი ღვთის განზრახვის განხორციელებაში? ერევიან ანგელოზები ადამიანთა ცხოვრებაში? ახდენენ გავლენას შენს ცხოვრებაზე? და თუ ახდენენ, როგორ?

2. საიდან გაჩნდნენ ანგელოზები და რამდენი ანგელოზი არსებობს?

2 ანგელოზები ბიბლიაში ასობით მუხლში არიან მოხსენიებულნი. განვიხილოთ რამდენიმე ასეთი მუხლი, რომელთა დახმარებითაც უფრო მეტს გავიგებთ ანგელოზების შესახებ. საიდან გაჩნდნენ ანგელოზები? კოლოსელების 1:16-ში ნათქვამია: „მისი [იესო ქრისტეს] მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე“. როგორც აქედან ჩანს, ყველა ანგელოზი იეჰოვამ შექმნა თავისი პირმშოს მონაწილეობით. რამდენი ანგელოზი არსებობს? ბიბლიის თანახმად, მათი რიცხვი ასობით მილიონს შეადგენს და მათგან ყველა „ძალით ძლიერია“ (ფსალმუნი 103:20). *

3. რას ვიგებთ ანგელოზების შესახებ იობის 38:4—7-დან?

3 ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, ნათქვამია, რომ დედამიწის შექმნისას „ღვთის ძეები ყიჟინებდნენ“ (იობი 38:4—7). აქედან გამომდინარე, ანგელოზები ადამიანისა და თვით დედამიწის შექმნამდეც კი არსებობდნენ. ამ ბიბლიური მუხლებიდან ისიც ჩანს, რომ ანგელოზებს გრძნობები აქვთ. მე-7 მუხლში ნათქვამია, რომ ისინი ერთად ჟრიამულობდნენ“. ყურადღება მიაქციე, რომ „ღვთის ძეები“ ერთად ხარობდნენ. იმ დროს ყველა ანგელოზი სულიერი ქმნილებებისგან შემდგარი ერთიანი ოჯახის წევრი იყო და იეჰოვა ღმერთს ემსახურებოდა.

ანგელოზები ეხმარებიან და იცავენ ადამიანებს

4. როგორ ცხადყოფს ბიბლია, რომ ერთგული ანგელოზები დაინტერესებულნი არიან ადამიანთა კეთილდღეობით?

4 ანგელოზები პირველი ადამიანების შექმნის მოწმენი იყვნენ და იმ დროიდან მოყოლებული ეს ერთგული სულიერი ქმნილებები დაინტერესებულნი არიან ადამიანთა კეთილდღეობით და იმით, რომ ღვთის განზრახვა შესრულდეს (იგავები 8:30, 31; 1 პეტრე 1:11, 12). დროთა განმავლობაში ანგელოზები იმის მოწმენიც გახდნენ, რომ ადამიანთა უმრავლესობამ არ ისურვა მოსიყვარულე შემოქმედის მსახურება. რა თქმა უნდა, ეს გულსატკენია ერთგული ანგელოზებისთვის. მაგრამ თუ რომელიმე ადამიანი იეჰოვას უბრუნდება, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „ხარობენ ღვთის ანგელოზები“ (ლუკა 15:10). ვინაიდან ანგელოზებს ადამიანთა ხვედრი აღელვებთ, იეჰოვას მათი მეშვეობით არაერთხელ განუმტკიცებია და დაუცვია დედამიწაზე თავისი ერთგული მსახურები (წაიკითხეთ ებრაელების 1:7, 14). ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.

„ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა და ლომებს პირი აუკრა“ (დანიელი 6:22)

5. როგორ ეხმარებოდნენ ანგელოზები ადამიანებს, როგორც ამას ბიბლიიდან ვიგებთ?

5 ორმა ანგელოზმა ღვთისმოშიში ლოტი და მისი ქალიშვილები ბოროტებითა და აღვირახსნილობით სავსე ქალაქების, სოდომისა და გომორას, განადგურებამდე უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა და დაღუპვას გადაარჩინა (დაბადება 19:15, 16). საუკუნეების შემდეგ წინასწარმეტყველი დანიელი მტრებმა ლომების ხაროში ჩააგდეს, მაგრამ ის ცოცხალი დარჩა. ამის მიზეზი დანიელმა შემდეგი სიტყვებით ახსნა: „ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამოგზავნა და ლომებს პირი აუკრა“ (დანიელი 6:22). პირველ საუკუნეში ანგელოზმა მოციქული პეტრე საპყრობილიდან დაიხსნა (საქმეები 12:6—11). იესოს ანგელოზები მოემსახურნენ მაშინ, როცა დედამიწაზე მსახურებას შეუდგა (მარკოზი 1:13). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესოს ანგელოზი მოევლინა და „განამტკიცა იგი“ (ლუკა 22:43). რამდენად მანუგეშებელი იქნებოდა ეს იესოსთვის მისი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან წუთებში!

6. ა) როგორ იცავენ დღეს ღვთის ხალხს ანგელოზები? ბ) რა კითხვების გარშემო გვექნება მსჯელობა?

6 დღეს ანგელოზები ასე აშკარად აღარ ევლინებიან დედამიწაზე ღვთის მსახურებს. მიუხედავად ამისა, ღვთის ძლიერი ანგელოზები ადამიანის თვალისთვის უხილავად კვლავაც იცავენ მის ხალხს, განსაკუთრებით სულიერი ზიანისგან. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო და იხსნის მათ“ (ფსალმუნი 34:7). რატომ არის ეს სიტყვები ჩვენთვის მანუგეშებელი? იმიტომ რომ არსებობენ ბოროტი სულიერი ქმნილებები, რომელთაც ჩვენი განადგურება სურთ! ვინ არიან ისინი? საიდან გაჩნდნენ? რას აკეთებენ იმისათვის, რომ ზიანი მოგვაყენონ? პასუხების მისაღებად მოკლედ განვიხილოთ, თუ რა მოხდა ათასწლეულების წინათ კაცობრიობის ისტორიაში.

სულიერი ქმნილებები, რომლებიც ჩვენი მტრები არიან

7. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა სატანის ბოროტი მცდელობა?

7 როგორც ამ წიგნის მე-3 თავიდან გავიგეთ, ერთმა ანგელოზმა სხვების მმართველად გახდომა მოინდომა და ღმერთს დაუპირისპირდა. მოგვიანებით ეს ანგელოზი ცნობილი გახდა როგორც სატანა ეშმაკი (გამოცხადება 12:9). სატანა მხოლოდ ევას შეცდომაში შეყვანას როდი დასჯერდა. მომდევნო 16 საუკუნის განმავლობაში სატანამ ღმერთს თითქმის ყველა ადამიანი ჩამოაშორა. გამონაკლისი იყო მხოლოდ რამდენიმე ერთგული ადამიანი, მაგალითად აბელი, ენოქი და ნოე (ებრაელები 11:4, 5, 7).

8. ა) როგორ იქცა ზოგი ანგელოზი დემონად? ბ) როგორ გადაურჩნენ დემონები ნოეს დროს მომხდარ წარღვნას?

8 ერთგული მამაკაცის, ნოეს დღეებში იეჰოვას სხვა ანგელოზებიც დაუპირისპირდნენ. მათ დატოვეს ღვთის ზეციერი ოჯახი, დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ხორცი შეისხეს. რა მიზნით? დაბადების 6:2-ში ვკითხულობთ: „ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“. მაგრამ იეჰოვა ღმერთმა აღკვეთა ამ ანგელოზების ბოროტი ქმედება და ნება არ მისცა მათ, რომ კვლავაც გაერყვნათ კაცობრიობა. მან დედამიწაზე წარღვნა მოავლინა, რათა ყველა ბოროტი ადამიანი გაენადგურებინა. გადარჩნენ მხოლოდ მისი ერთგული მსახურები (დაბადება 7:17, 23). ეს ბოროტი ანგელოზები, ანუ დემონები, იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ხორციელი სხეულები და, როგორც სულიერი ქმნილებები, ზეცაში დაბრუნებულიყვნენ. ამ ურჩმა ანგელოზებმა ეშმაკს დაუჭირეს მხარი და ამგვარად, ის „დემონების მმართველი“ გახდა (მათე 9:34).

9. ა) რა მოხდა, როცა დემონები ზეცაში დაბრუნდნენ? ბ) რას განვიხილავთ?

9 როცა ურჩი ანგელოზები ზეცაში დაბრუნდნენ, ღმერთმა ისინი აღარ მიიღო ზეციერ ოჯახში, როგორც ეს მათი მმართველის — სატანის შემთხვევაში მოხდა (2 პეტრე 2:4). დღეს მათ აღარ შეუძლიათ ხორცის შესხმა, მაგრამ მაინც დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე. დემონების დახმარებით სატანას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9; 1 იოანე 5:19). როგორ? დემონები ამას სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 2:11). განვიხილოთ ზოგიერთი მეთოდი.

რა მეთოდებს იყენებენ დემონები ხალხის შესაცდენად?

10. რა არის სპირიტიზმი?

10 ხალხის შეცდენის მიზნით დემონები იყენებენ სპირიტიზმს. სპირიტიზმი დემონებთან ურთიერთობაა, იქნება ეს პირდაპირ თუ შუამავლის, მედიუმის საშუალებით. ბიბლია გმობს სპირიტიზმს და გვაფრთხილებს, რომ შორს ვიყოთ ყველაფრისგან, რაც მასთან არის დაკავშირებული (გალატელები 5:19—21). დემონებისთვის სპირიტიზმი ისეთივე იარაღია, როგორიც მეთევზეებისთვის სატყუარა. მეთევზე სხვადასხვანაირი თევზის დასაჭერად სხვადასხვა სახის სატყუარას იყენებს. მსგავსად ამისა, ბოროტი სულიერი ქმნილებებიც სპირიტიზმის სხვადასხვა ფორმას იყენებენ, რათა ყველანაირ ხალხზე მოახდინონ ზეგავლენა.

11. რა არის მკითხაობა და რატომ უნდა დავიჭიროთ შორს თავი მისგან?

11 დემონების ერთ-ერთი სატყუარა მკითხაობაა. რა არის მკითხაობა? ეს არის მცდელობა, გაიგო მომავლის შესახებ ან გამოარკვიო ის, რაც უცნობია. მკითხაობის ზოგიერთი ფორმაა: ასტროლოგია, კარტით მკითხაობა, ქირომანტია და სიზმრების ახსნა. ბევრის აზრით, მკითხაობას არავითარი ზიანი არ მოაქვს, მაგრამ ბიბლიიდან ვხედავთ, რომ მკითხავებს დემონები ეხმარებიან. მაგალითად, საქმეების 16:16—18-ში მოხსენიებულია დემონი, რომელიც ერთ გოგონას წინასწარმეტყველებისა და „მკითხაობის ძალას აძლევდა“. გოგონამ დაკარგა ეს უნარი, როცა მისგან დემონი გავიდა.

ხალხის შესაცდენად დემონები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ

12. რატომ ჩაიგდებ თავს საფრთხეში, თუ გარდაცვლილებთან ურთიერთობის დამყარებას შეეცდები?

12 დემონებს ხალხი შეცდომაში იმითაც შეჰყავთ, რომ მათ გარდაცვლილებთან ურთიერთობის დამყარებისკენ უბიძგებენ. მგლოვიარენი ხშირად ტყუვდებიან, რადგან იჯერებენ, რომ მათ მართლაც შეუძლიათ თავიანთ საყვარელ გარდაცვლილებთან ურთიერთობა. მედიუმმა მათ შეიძლება გარდაცვლილის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს ან გარდაცვლილი ადამიანის მსგავსი ხმით დაილაპარაკოს. ამის შედეგად, ბევრი ფიქრობს, რომ გარდაცვლილები ცხოვრებას განაგრძობენ და მათთან ურთიერთობის დამყარება მგლოვიარეებს მწუხარების ატანაში დაეხმარება. ნებისმიერი ასეთი რამით „თავის დამშვიდება“ მოჩვენებითი და სახიფათოა. რატომ? დემონებს შეუძლიათ გარდაცვლილის ხმას მიჰბაძონ და მედიუმს მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ (1 სამუელი 28:3—19). გარდა ამისა, როგორც მე-6 თავიდან გავიგეთ, სიკვდილის შემდეგ ადამიანები წყვეტენ არსებობას (ფსალმუნი 115:17). ნებისმიერი „მკვდართა გამომკითხველი“ დემონთა სიცრუის მსხვერპლი ხდება და ღვთის ნების საწინააღმდეგოდ იქცევა (წაიკითხეთ კანონის 18:10, 11; ესაია 8:19). ამიტომ ფრთხილად იყავი, რომ დემონთა ანკესზე არ წამოეგო და თავი საფრთხეში არ ჩაიგდო.

13. რა შეძლო ბევრმა ადამიანმა, ვინც ერთ დროს დემონების გავლენაში იყო?

13 ბოროტი სულიერი ქმნილებები ხალხს არა მარტო ატყუებენ, არამედ აშინებენ კიდეც. სატანამ და მისმა დემონებმა იციან, რომ „დრო ცოტაღა დარჩათ“ და მალე ხელ-ფეხი შეეკვრებათ, ამიტომ უკიდურესად განრისხებულნი არიან (გამოცხადება 12:12, 17). მიუხედავად ამისა, ათასობით ადამიანი, რომლებიც ადრე შიშში ცხოვრობდნენ, დღეს უკვე გათავისუფლდა ბოროტი სულების გავლენისგან. როგორ შეძლეს მათ ეს? რის გაკეთება შეუძლია ადამიანს, თუ მას უკვე აქვს შეხება სპირიტიზმთან?

როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ბოროტ სულიერ ქმნილებებს?

14. როგორ შეგვიძლია გავთავისუფლდეთ ბოროტი სულების ზეგავლენისგან ეფესოში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად?

14 ბიბლია გვასწავლის, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ბოროტ სულიერ ქმნილებებს და როგორ გავთავისუფლდეთ მათი გავლენისგან. ვნახოთ, რა გააკეთეს პირველ საუკუნეში ქალაქ ეფესოში მცხოვრებმა ქრისტიანებმა. ზოგი მათგანი, ვიდრე ქრისტიანი გახდებოდა, სპირიტიზმით იყო დაკავებული. რა გააკეთეს მათ, როცა გადაწყვიტეს, რომ თავი დაენებებინათ სპირიტიზმისთვის? ბიბლიაში ნათქვამია: „ბევრმა მათგანმა, ვინც მაგიას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა“ (საქმეები 19:19). ამგვარად ამ ახალმოქცეულმა ქრისტიანებმა მაგალითი დაუტოვეს მათ, ვისაც სურს, გათავისუფლდეს ბოროტი სულიერი ქმნილებების გავლენისგან. იმ ადამიანებმა, რომლებსაც უნდათ, იეჰოვას ემსახურონ, უნდა მოიშორონ ყველაფერი, რაც სპირიტიზმთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს წიგნები, ჟურნალები, ფილმები, პლაკატები და მუსიკალური ჩანაწერები, რომლებიც სპირიტიზმს მიმზიდველად წარმოაჩენენ და ადამიანს უბიძგებენ, დაკავდეს მისით. სპირიტიზმთან აგრეთვე დაკავშირებულია ამულეტები და სხვა ნივთები, რომლებსაც ბოროტისგან თავის დასაცავად ატარებენ (1 კორინთელები 10:21).

15. როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტ სულიერ ქმნილებებს?

15 რამდენიმე წლის შემდეგ, რაც ეფესოელმა ქრისტიანებმა მაგიის წიგნები გაანადგურეს, მოციქულმა პავლემ მათ შემდეგი სიტყვები მისწერა: „ვიბრძვით . . . ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფესოელები 6:12). დემონებს მათთვის თავი არ დაუნებებიათ. ისინი კვლავაც ცდილობდნენ მათზე გავლენის მოხდენას. მაშ, კიდევ რის გაკეთება ესაჭიროებოდათ ქრისტიანებს? პავლემ თქვა: „უპირველეს ყოვლისა, აიღეთ რწმენის დიდი ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის [სატანის] ცეცხლმოკიდებული ისრების ჩაქრობას“ (ეფესოელები 6:16). რაც უფრო მტკიცე იქნება ჩვენი რწმენის ფარი, მით უფრო მეტად გავუწევთ წინააღმდეგობას ბოროტ სულიერ ქმნილებებს (მათე 17:20).

16. როგორ შეგვიძლია რწმენის განმტკიცება?

16 როგორ შეგვიძლია რწმენის განმტკიცება? ბიბლიის შესწავლის საშუალებით. გალავნის სიმტკიცე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მყარია მისი საძირკველი. ჩვენი რწმენის სიმტკიცე კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ღვთის სიტყვის, ბიბლიის, საფუძვლიან ცოდნაზე. რწმენა სულ უფრო მეტად განგვიმტკიცდება, თუ ყოველდღიურად წავიკითხავთ და შევისწავლით ბიბლიას. მტკიცე გალავნის მსგავსად, ძლიერი რწმენა დაგვიცავს ბოროტი ძალების ზეგავლენისგან (1 იოანე 5:5).

17. კიდევ რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტ სულიერ ქმნილებებს?

17 ეფესოელ ქრისტიანებს კიდევ რაღაც უნდა გაეკეთებინათ ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად. ისინი ხომ დემონიზმით სავსე ქალაქში ცხოვრობდნენ. პავლემ მათ მოუწოდა: „მუდამ აღავლინეთ ყოველგვარი ლოცვა და ვედრება სულით“ (ეფესოელები 6:18). ვინაიდან მსოფლიოში დღესაც გავრცელებულია დემონიზმი, ბოროტი სულიერი ქმნილებებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალიან მნიშვნელოვანია, ლოცვაში ვთხოვდეთ იეჰოვას, რომ მათგან დაგვიცვას. ცხადია, საჭიროა, ლოცვის დროს იეჰოვას სახელით მოვუხმოთ (წაიკითხეთ იგავების 18:10). ასე რომ, ყოველთვის უნდა ვთხოვდეთ ღმერთს, „ბოროტისგან“ ანუ სატანა ეშმაკისგან გვიხსნას (მათე 6:13). იეჰოვა აუცილებლად გვიპასუხებს ასეთ გულწრფელ ლოცვებზე (ფსალმუნი 145:19).

18, 19. ა) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ შევძლებთ ბოროტი სულიერი ქმნილებების წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას? ბ) რა კითხვას გაეცემა პასუხი მომდევნო თავში?

18 ბოროტი სულიერი ქმნილებები საშიშნი არიან, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მათი. თუ წინააღმდეგობას გავუწევთ ეშმაკს, დავუახლოვდებით ღმერთს და მის ნებას შევასრულებთ, ნამდვილად აღარ გვექნება შიშის საფუძველი (წაიკითხეთ იაკობის 4:7, 8). ბოროტი სულიერი ქმნილებების შესაძლებლობები შეზღუდულია. ისინი ნოეს დღეებში დაისაჯნენ, ხოლო მომავალში ღმერთი სისრულეში მოიყვანს მათ წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს (იუდა 6). აგრეთვე გახსოვდეს, რომ ჩვენ გვიცავენ იეჰოვას ძლიერი ანგელოზები (2 მეფეები 6:15—17). ანგელოზებს ძლიერ სურთ, რომ არ დავნებდეთ ბოროტ სულიერ ქმნილებებს. ერთგული ანგელოზები, ასე ვთქვათ, ჩვენი გულშემატკივრები არიან. ამიტომ ახლოს ვიყოთ იეჰოვასთან და მის ზეციერ ოჯახთან, რომელიც ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შედგება. მოვერიდოთ სპირიტიზმის ნებისმიერ ფორმას და ყოველთვის გავითვალისწინოთ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები (1 პეტრე 5:6, 7; 2 პეტრე 2:9). ასეთ შემთხვევაში ნამდვილად გავიმარჯვებთ ბოროტი სულიერი ქმნილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

19 რატომ უშვებს ღმერთი ბოროტი სულიერი ქმნილებების და ბოროტების არსებობას, რის გამოც ხალხი იტანჯება? ამ კითხვას მომდევნო თავში გაეცემა პასუხი.

^ აბზ. 2 ერთგული ანგელოზების შესახებ გამოცხადების 5:11-ში ვკითხულობთ: „მათი რიცხვი იყო ათი ათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი“. როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, ასობით მილიონი ანგელოზი არსებობს.