არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

უფლის გახსენების საღამო მისი აღნიშვნა პატივს მიაგებს ღმერთს

უფლის გახსენების საღამო მისი აღნიშვნა პატივს მიაგებს ღმერთს

ქრისტიანები უნდა აღნიშნავდნენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელსაც ბიბლიაში ასევე „უფლის ვახშამი“ ეწოდება (1 კორინთელები 11:20). რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როდის და როგორ უნდა აღინიშნოს ეს საღამო?

იესო ქრისტემ ამ დღის აღნიშვნა დააწესა ახ. წ. 33 წლის ერთ საღამოს, როდესაც ებრაელებს პასექის დღესასწაული ჰქონდათ. პასექს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ებრაული კალენდრის მიხედვით 14 ნისანს აღნიშნავდნენ. ამ თარიღის დასადგენად, როგორც ჩანს, ებრაელები ელოდებოდნენ გაზაფხულის ბუნიობას, როდესაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარია. ამის შემდეგ პირველი ახალი მთვარის გამოჩენით ნისანის თვე იწყებოდა. 13 დღეში, მზის ჩასვლის შემდეგ, პასექი დგებოდა.

იესომ თავის მოციქულებთან ერთად პასექი აღნიშნა; შემდეგ იუდა ისკარიოტელს უთხრა, რომ წასულიყო და, როცა მხოლოდ ერთგულ მოციქულებთან დარჩა, უფლის გახსენების საღამო დააწესა. ამით იესომ იუდეველთა პასექი შეცვალა და ამიტომ გახსენების საღამო წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა აღინიშნებოდეს.

მათეს სახარებაში ვკითხულობთ: «იესომ აიღო პური, ილოცა, დაამტვრია, მოწაფეებს მისცა და თქვა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“. აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა გადაუხადა, მისცა მათ და უთხრა: „ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად“» (მათე 26:26—28).

ზოგს სწამს, რომ იესომ პირდაპირი გაგებით აქცია პური თავის ხორცად, ხოლო ღვინო — თავის სისხლად. მაგრამ იესოს ხორციელი სხეული ჯერ კიდევ უვნებელი იყო, როცა მან მოციქულებს ეს პური შესთავაზა. ნუთუ იესოს მოციქულებმა პირდაპირი გაგებით მისი ხორცი ჭამეს და მისი სისხლი დალიეს? არა, რადგან ეს კანიბალიზმი და ღვთის კანონის დარღვევა იქნებოდა (დაბადება 9:3, 4; ლევიანები 17:10). ლუკას 22:20-ის თანახმად, იესომ თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე, რომელიც თქვენთვის უნდა დაიღვაროს“. განა სასმისი პირდაპირი გაგებით „ახალი შეთანხმება“ გახდა? შეუძლებელია, ასე ყოფილიყო, რადგან შეთანხმება ხელშესახები საგანი არ არის.

მაშასადამე, პური და ღვინო მხოლოდ სიმბოლოებია. პური ქრისტეს სრულყოფილი სხეულის სიმბოლოა. იესომ ის პური გამოიყენა, რაც პასექის აღნიშვნის შემდეგ დარჩათ. პური ყოველგვარი საფუვრის გარეშე იყო გამომცხვარი (გამოსვლა 12:8). ბიბლიაში საფუარი ხშირად ცოდვის სიმბოლოდ გამოიყენება. ამიტომ პურით წარმოდგენილია იესოს სრულყოფილი და უცოდველი სხეული, რომელიც მან მსხვერპლად გაიღო (მათე 16:11, 12; 1 კორინთელები 5:6, 7; 1 პეტრე 2:22; 1 იოანე 2:1, 2).

წითელი ღვინით იესოს სისხლია წარმოდგენილი. ახალი შეთანხმება მოქმედებს მის მიერ დაღვრილი სისხლის საფუძველზე. იესომ თქვა, რომ მისი სისხლი დაიღვრებოდა „ცოდვების მისატევებლად“. ამის საფუძველზე ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ღვთის თვალში ცოდვისგან განწმენდილებად ჩაითვალონ და იეჰოვასთან დადებული ახალი შეთანხმების მონაწილენი გახდნენ (ებრაელები 9:14; 10:16, 17). ეს შეთანხმება 144 000 ერთგულ ქრისტიანს ზეცაში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს, სადაც ისინი მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ (დაბადება 22:18; იერემია 31:31—33; 1 პეტრე 2:9; გამოცხადება 5:9, 10; 14:1—3).

ვინ უნდა მიიღოს გახსენების საღამოზე სიმბოლოები? ლოგიკურია, რომ პური და ღვინო მხოლოდ იმ ქრისტიანებმა უნდა მიიღონ, რომლებთანაც ახალი შეთანხმებაა დადებული, ანუ ვისაც ზეციერი ცხოვრების იმედი აქვს. მათ ღვთის წმინდა სული არწმუნებს, რომ ზეცაში მეფობისთვის არიან არჩეულნი (რომაელები 8:16). მათთან იესომ ასევე დადო შეთანხმება სამეფოზე (ლუკა 22:29).

რა შეიძლება ითქვას მათზე, ვისაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი აქვს? ისინი მიჰყვებიან იესოს მითითებას და ესწრებიან უფლის გახსენების საღამოს, მაგრამ არ იღებენ სიმბოლოებს. წელიწადში ერთხელ, 14 ნისანს მზის ჩასვლის შემდეგ, იეჰოვას მოწმეები აღნიშნავენ უფლის გახსენების საღამოს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს სიმბოლოებს, უფლის გახსენების საღამო ყველა ქრისტიანისთვის ღირსშესანიშნავი მოვლენაა. ეს ის დღეა, როცა ყველას შეუძლია კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მიერ გამოვლენილ უდიდეს სიყვარულზე (იოანე 3:16).