არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

რა არის „შეოლი“ და „ჰადესი“?

რა არის „შეოლი“ და „ჰადესი“?

ბიბლიის წიგნების ძველ ხელნაწერებში ებრაული სიტყვა „შეოლი“ და შესაბამისი ბერძნული სიტყვა „ჰადესი“ 70-ზე მეტჯერ გვხვდება. ორივე სიტყვა სიკვდილთან არის დაკავშირებული. ბიბლიის ზოგ თარგმანში ისინი გადმოცემულია სიტყვებით „სამარხი“, „ჯოჯოხეთი“, „შავეთი“ ან „ქვესკნელი“. მაგრამ მრავალ ენაში არ არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც ზუსტად გადმოსცემდა ამ ებრაული და ბერძნული სიტყვების მნიშვნელობას. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობით არის გამოყენებული ისინი ბიბლიურ მუხლებში.

ეკლესიასტეს 9:10-ში ნათქვამია: „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში [შეოლი], სადაც მიდიხარ“. ნიშნავს ეს იმას, რომ „შეოლში“ იგულისხმება ცალკეული საფლავი, სადაც მიცვალებულია დამარხული? არა. როდესაც ცალკეულ საფლავზე ანუ სამარხზეა ლაპარაკი, ბიბლია იყენებს სხვა ებრაულ და ბერძნულ სიტყვებს და არა „შეოლს“ და „ჰადესს“ (დაბადება 23:7—9; მათე 28:1). ბიბლია სიტყვა „შეოლს“ არც ისეთი ადგილის აღსანიშნავად იყენებს, სადაც რამდენიმე ადამიანია ერთად დამარხული, როგორიცაა მაგალითად საგვარეულო სასაფლაო ან საერთო საფლავი (დაბადება 49:30, 31).

მაშ, რა იგულისხმება სიტყვა „შეოლში“? ღვთის სიტყვიდან ვხედავთ, რომ „შეოლის“ ანუ „ჰადესის“ მნიშვნელობა საერთო საფლავზე გაცილებით მეტის მომცველია. მაგალითად, ესაიას 5:14-ში ვკითხულობთ: „გაფართოვდა სამარე [შეოლი] და უზომოდ დააღო პირი“. ხატოვნად რომ ვთქვათ, თუმცა „შეოლს“ უამრავი მკვდარი ჰყავს ჩაყლაპული, ის ვერ კმაყოფილდება და უფრო მეტს ითხოვს (იგავები 30:15, 16). ჩვეულებრივი სამარხისგან განსხვავებით, რომელიც გარდაცვლილთა განსაზღვრული რაოდენობის დასამარხადაა განკუთვნილი, „სამარე [შეოლი] . . . გაუმაძღარია“ (იგავები 27:20). „შეოლი“ არასდროს ივსება. მას საზღვრები არა აქვს. აქედან გამომდინარე, „შეოლსა“ და „ჰადესში“ პირდაპირი გაგებით რომელიმე ადგილი არ იგულისხმება. „შეოლი“ და „ჰადესი“ არის კაცობრიობის საერთო სამარე — სიმბოლური ადგილი, სადაც გარდაცვლილ ადამიანთა უმრავლესობას სიკვდილის ძილით სძინავს.

აღდგომის შესახებ ბიბლიური სწავლება გვეხმარება, უფრო ღრმად ჩავწვდეთ „შეოლისა“ და „ჰადესის“ მნიშვნელობას. ღვთის სიტყვის თანახმად, ის, ვინც „შეოლში“ და „ჰადესშია“, აღდგენილი იქნება * (იობი 14:13; საქმეები 2:31; გამოცხადება 20:13). ბიბლიიდან ისიც ჩანს, რომ „შეოლსა“ და „ჰადესში“ მათ გარდა, ვინც იეჰოვას ემსახურებოდა, არის უამრავი ადამიანი, რომლებიც არ ემსახურებოდნენ მას (დაბადება 37:35; ფსალმუნი 55:15). ამიტომ ბიბლია გვასწავლის, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).

^ აბზ. 1 ამის საპირისპიროდ, ის მკვდრები, რომლებიც არ იქნებიან აღდგენილნი, „შეოლის“ ანუ „ჰადესის“ ნაცვლად, „გეენაში“ არიან (მათე 5:30; 10:28; 23:33). „შეოლისა“ და „ჰადესის“ მსგავსად, არც „გეენაა“ პირდაპირი გაგებით რაიმე ადგილი.