არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დანართი

ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ

ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ

სამების მოძღვრების მხარდამჭერები ამბობენ, რომ ღმერთი სამპიროვანია; სამივე პიროვნება — მამა, ძე და წმინდა სული — თანასწორია; სამივე ყოვლისშემძლეა და არც ერთს არ ჰქონია დასაწყისი. ამგვარად, სამების დოგმატის მიხედვით, მამა არის ღმერთი, ძე არის ღმერთი და წმინდა სული არის ღმერთი, მაგრამ თავისი არსებით ღმერთი ერთია.

მრავალი, ვისაც სწამს სამება, აღიარებს, რომ არ შეუძლია ამ მოძღვრების ახსნა. და მაინც, ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ეს ბიბლიური სწავლებაა. აღსანიშნავია, რომ სიტყვა „სამება“ ბიბლიაში საერთოდ არ გვხვდება. იქნებ ბიბლიაში სამების მხარდამჭერი რაიმე აზრია? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, განვიხილოთ ბიბლიური მუხლი, რომელიც ხშირად მოჰყავთ სამების მოძღვრების მხარდასაჭერად.

„სიტყვა იყო ღმერთი“

იოანე 1:1-ში ნათქვამია: „დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“. ამავე თავში მოციქულმა იოანემ ნათლად დაგვანახვა, რომ „სიტყვა“ არის იესო (იოანე 1:14). ვინაიდან „სიტყვას“ ღმერთი ეწოდება, ზოგი ფიქრობს, რომ ძე და მამა ერთი და იგივე ღმერთია.

გაითვალისწინე, რომ ბიბლიის ეს ნაწილი ბერძნულ ენაზე დაიწერა. ბერძნულ ტექსტში ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთთან“ „ღმერთის“ წინ განსაზღვრული არტიკლია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საუბარია ყოვლისშემძლე ღმერთზე, მამაზე. ხოლო ფრაზაში „სიტყვა იყო ღმერთი“ „ღმერთის“ წინ არ არის განსაზღვრული არტიკლი. ამის საფუძველზე ბიბლიის ზოგ თარგმანში ეს ფრაზა გვხვდება შემდეგნაირად: „ლოგოსი [სიტყვა] იყო ღვთაებრივი“ (A New Translation of the Bible); „სიტყვა იყო ღმერთთან და იყო მისი მსგავსი“ (The Translator’s New Testament). მაშასადამე, „სიტყვა“ არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი. * მაგრამ „სიტყვას“ იეჰოვას ქმნილებებს შორის მაღალი მდგომარეობა უკავია და ამიტომ ეწოდება ბიბლიაში „ღმერთი“, რაც მის ძლიერებაზე მიუთითებს.

გაეცანი სხვა ფაქტებსაც

დღეს ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის ძველი ბერძნული. როგორ შეგიძლია გაიგო, თუ რას გულისხმობდა მოციქული იოანე სინამდვილეში? დაფიქრდი ამ მაგალითზე: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ახალ მასალას. მოსწავლეებს მისი სიტყვები სხვადასხვანაირად ესმით. რის გაკეთება შეუძლიათ მათ? ერთ-ერთი საშუალება მასწავლებლისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიღებაა. უეჭველია, დამატებითი ფაქტები დაეხმარება მათ მასალის უკეთესად გაგებაში. მსგავსად ამისა, იოანეს 1:1-ის მნიშვნელობის ზუსტად გასაგებად, იოანეს სახარებიდან შეგიძლია მეტი ინფორმაცია მიიღო იესოს მდგომარეობის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი ფაქტები დაგეხმარება, რომ სწორ დასკვნამდე მიხვიდე.

მაგალითად, ყურადღება მიაქციე, რას ამბობს იოანე შემდეგ, 1-ლი თავის მე-18 მუხლში: „[ყოვლისშემძლე] ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“. მაგრამ იესო, ღვთის ძე, იხილა ხალხმა. იოანე ამბობს: „სიტყვა [იესო] ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება“ (იოანე 1:14). მაშ, როგორღა უნდა ყოფილიყო ძე ყოვლისშემძლე ღმერთი? იოანემ აგრეთვე აღნიშნა, რომ „სიტყვა იყო ღმერთთან“. როგორ შეიძლება, რომ ვინმესთან იყო და, ამავე დროს, თვითონვე იყო ეს პიროვნება? გარდა ამისა, იოანეს 17:3-ში იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ აშკარა განსხვავებაა მასსა და მის ზეციერ მამას შორის. ის თავის მამას „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ უწოდებს. იოანეს სახარების ერთ-ერთ უკანასკნელ თავში აღნიშნულია: „ესენი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე“ (იოანე 20:31). აქ იესო ღვთის ძედ არის მოხსენიებული და არა ყოვლისშემძლე ღმერთად. იოანეს სახარებაში მოცემული ეს დამატებითი ინფორმაცია გვეხმარება იოანეს 1:1-ის სწორად გაგებაში. იესო, ანუ „სიტყვა“, იმ გაგებითაა „ღმერთი“, რომ მაღალი მდგომარეობა უკავია, მაგრამ ის ყოვლისშემძლე ღმერთი არ არის.

დარწმუნდი ფაქტების ჭეშმარიტებაში

დავუბრუნდეთ მასწავლებლისა და მოსწავლეების მაგალითს. ვთქვათ, მასწავლებლისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ ზოგი მოსწავლისთვის საკითხი მაინც არ არის ბოლომდე ნათელი. რის გაკეთება შეუძლიათ მათ? მათ შეუძლიათ სხვა მასწავლებელსაც მიმართონ. თუ ეს მასწავლებელი ადასტურებს პირველი მასწავლებლის სიტყვებს, მოსწავლეთა უმრავლესობისთვის საკითხს საბოლოოდ მოეფინება ნათელი. ამის მსგავსად, თუ ბოლომდე მაინც არ ხარ დარწმუნებული, სინამდვილეში რის თქმა სურდა მოციქულ იოანეს იესოსა და ყოვლისშემძლე ღმერთზე, შეგიძლია ნახო, რას ამბობს ბიბლიის სხვა დამწერი. მაგალითად, ყურადღება მიაქციე, რას წერს მათე. ამ ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებით მას მოჰყავს იესოს სიტყვები: „იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მათე 24:36). როგორ ადასტურებს ეს სიტყვები, რომ იესო ყოვლისშემძლე ღმერთი არ არის?

იესო ამბობს, რომ მამამ ძეზე მეტი იცის. იესო ყოვლისშემძლე ღმერთი რომ ყოფილიყო, მისთვისაც ცნობილი იქნებოდა ის, რაც მამამ იცის. როგორც ვხედავთ, შეუძლებელია, ძე და მამა თანასწორნი იყვნენ. და მაინც, ვინმემ შეიძლება თქვას: „იესო ორბუნებიანია. ამ სიტყვების წარმოთქმისას მას ადამიანური ბუნება ჰქონდა“. მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, რის თქმა შეიძლება წმინდა სულზე? თუ ისიც თავისი არსებით ღმერთია, რატომ არ თქვა იესომ, რომ წმინდა სულმაც იცის ის, რაც მამამ იცის?

ბიბლიის შესწავლის განმავლობაში გაეცნობი ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა ბიბლიურ მუხლებსაც. ეს საბოლოოდ დაგარწმუნებს იმაში, თუ რა არის ჭეშმარიტება მამის, ძისა და წმინდა სულის შესახებ (ფსალმუნი 90:2; საქმეები 7:55; კოლოსელები 1:15).

^ აბზ. 3 დამატებითი ინფორმაცია იოანეს 1:1-ის შესახებ, იხილეთ 2008 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, „სიტყვა ღმერთი იყო თუ ღვთის მსგავსი?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.