არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | ახლოს არის აღსასრული?

„აღსასრული“ რა იგულისხმება მასში?

„აღსასრული“ რა იგულისხმება მასში?

„აღსასრული ახლოსაა!“. რა წარმოგიდგებათ თვალწინ ამ სიტყვების გაგონებაზე? ასტეროიდი, რომელიც ეჯახება დედამიწას და ანადგურებს კაცობრიობას, ეკოლოგიური კატასტროფა თუ მესამე მსოფლიო ომი? ამაზე ფიქრი ზოგს ზარავს და საგონებელში აგდებს, ზოგისთვის კი აბსურდული და ღიმილის მომგვრელიც კია.

ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ამ მოვლენას ბიბლია აგრეთვე „ღვთის დიდ დღეს“ და „არმაგედონს“ უწოდებს (გამოცხადება 16:14, 16). აღსასრულთან დაკავშირებით არაერთი რელიგიური შეხედულება არსებობს. აგრეთვე გავრცელებულია მრავალი ბუნდოვანი და უცნაური მოსაზრება. თუმცა ბიბლია ამ საკითხზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის და გვიხსნის, რას ნიშნავს და რას არ ნიშნავს აღსასრული. აგრეთვე გვეუბნება, რამდენად ახლოსაა ის. რაც ყველაზე მთავარია, ბიბლია გვასწავლის, რა უნდა გავაკეთოთ გადასარჩენად. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ გავრცელებული არასწორი შეხედულებები და გავიგოთ, რას ნიშნავს „აღსასრული“ ბიბლიის თანახმად.

რას არ ნიშნავს აღსასრული

  1. აღსასრული არ არის დედამიწის ცეცხლით განადგურება.

    ბიბლიაში წერია: „[ღმერთი] მყარ საფუძველზე აფუძნებს დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). ეს და სხვა მუხლები გვარწმუნებს, რომ ღმერთი არასოდეს გაანადგურებს დედამიწას და არც დაუშვებს მის განადგურებას (ეკლესიასტე 1:4; ესაია 45:18).

  2. აღსასრული არ არის შემთხვევითი და დაუგეგმავი მოვლენა.

    ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აღსასრულის დღე დანიშნულია. ღმერთმა ამისთვის კონკრეტული დრო დაადგინა. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „იმ დღეზე ან საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ. ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო“ (მარკოზი 13:32, 33). აშკარაა, რომ ღმერთმა [მამამ] აღსასრულის კონკრეტული დრო დანიშნა.

  3. აღსასრული არ არის ადამიანების ან კოსმოსური სხეულების მიერ დედამიწის განადგურება.

    როგორ დადგება ქვეყნიერების აღსასრული? გამოცხადების 19:11-ში ვკითხულობთ: „ვიხილე გახსნილი ცა და, აი, თეთრი ცხენი. მასზე მჯდომს ერთგული და ჭეშმარიტი ეწოდება“. მე-19 მუხლში კი ნათქვამია: „ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ“ (გამოცხადება 19:11—21). მართალია, ამ მუხლებში სიმბოლური ენაა გამოყენებული, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმერთი თავისი მტრების გასანადგურებლად ანგელოზთა ლაშქარს გამოიყენებს.

ბიბლიური ცნობა აღსასრულის შესახებ სასიხარულო უფროა, ვიდრე სამწუხარო

რას ნიშნავს აღსასრული

  1. წარუმატებელი მმართველობის აღსასრულს.

    ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). როგორც ზევით აღვნიშნეთ, განადგურდებიან „დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ“ (გამოცხადება 19:19).

  2. ომების, ძალადობისა და უსამართლობის აღსასრულს.

    „[ღმერთი] წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:9). „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22). „აი, ვქმნი ყველაფერს ახალს“ (გამოცხადება 21:4, 5).

  3. ღვთისა და ხალხის მოღალატე რელიგიების აღსასრულს.

    „წინასწარმეტყველები სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, მღვდლები კი თავიანთი ძალაუფლებით ბატონობენ . . . მაგრამ რას იზამთ მაშინ, როცა ეს დასრულდება?!“ (იერემია 5:31). «ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაშინ მე განვუცხადებ მათ: არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!» (მათე 7:21—23).

  4. ამ სისტემის მხარდამჭერი და ხელშემწყობი ადამიანების აღსასრულს.

    იესო ქრისტემ თქვა: „გასამართლების საფუძველი ის არის, რომ ქვეყნიერებაზე სინათლე მოვიდა, მაგრამ ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა, რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები“ (იოანე 3:19). ბიბლიიდან ვიგებთ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურის, ნოეს, დროს მომხდარი ქვეყნიერების განადგურების შესახებ. „განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა. ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტრე 3:5—7).

ყურადღება მიაქციეთ, რომ მომავალი „გასამართლებისა და დაღუპვის დღე“ შედარებულია ნოეს დროს მომხდარ „ქვეყნიერების“ განადგურებასთან. რა ქვეყნიერება განადგურდა წარღვნის დროს? პლანეტა დედამიწა არ განადგურებულა; განადგურდნენ მხოლოდ უღვთო ადამიანები — ღვთის მტრები. როგორც მაშინ, ისე მოახლოებული „გასამართლების დღეს“ განადგურდებიან მხოლოდ ღვთის მტრები. ხოლო ღვთის მეგობრები, ნოესა და მისი ოჯახის მსგავსად, გადაურჩებიან აღსასრულს (მათე 24:37—42).

წარმოიდგინეთ, რა მშვენიერი იქნება ბოროტებისგან გაწმენდილ დედამიწაზე ცხოვრება! ამგვარად ბიბლიური ცნობა აღსასრულის შესახებ სასიხარულო უფროა, ვიდრე სამწუხარო. თუმცა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვები: გვეუბნება ბიბლია, როდის დადგება აღსასრული? მართლა ახლოსაა ის? რა უნდა გავაკეთოთ, რომ გადავრჩეთ?