არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

აქვს გამართლება ბილწსიტყვაობას?

აქვს გამართლება ბილწსიტყვაობას?

„ლანძღვა-გინება იმდენად ხშირად მესმის, რომ უკვე რეაქცია აღარ მაქვს. ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ“ (17 წლის კრისტოფერი).

„თინეიჯერობის პერიოდში მეც ბევრ უწმაწურ სიტყვას ვიყენებდი. ლანძღვა-გინებას ადვილად ეჩვევი, მაგრამ ძალიან რთულია, გადაეჩვიო“ (19 წლის რებეკა).

 ტესტი

  •   რა რეაქცია გაქვს, როცა სხვები ბილწსიტყვაობენ?

    •  ვერც კი ვამჩნევ; ჩემთვის ამაში უჩვეულო არაფერია.

    •  ცოტას კი ვიშმუშნები, მაგრამ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

    •  ძალიან მაღიზიანებს; ამას როგორ უნდა შევეგუო?!

  •   რამდენად ხშირად იყენებ უშვერ სიტყვებს?

    •  არასდროს

    •  ხანდახან

    •  ხშირად

  •   შენი აზრით, რამდენად სერიოზულია ეს საკითხი?

    •  ჩემთვის უმნიშვნელოა

    •  მეტად სერიოზულ საკითხად მივიჩნევ

 რატომ ღირს ამაზე დაფიქრება

 როგორ ფიქრობ, სერიოზული პრობლემაა, როცა ადამიანი ილანძღება? შეიძლება თქვა: „ამაში საგანგაშო არაფერია, მსოფლიოში ხომ გაცილებით სერიოზული პრობლემებიც არსებობს?! თანაც თითქმის ყველა იგინება“. ნამდვილად ასეა?

 რაოდენ რთული დასაჯერებელიც არ უნდა გეჩვენებოდეს, დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ უწმაწურ სიტყვებს. მათ ნამდვილად აქვთ ამის საფუძველი, რადგან მიღებული ცოდნა აღძრავთ ამისკენ.

  •  სალანძღავი სიტყვები ადამიანის ნამდვილ სახეს აჩენს. შენი მეტყველება ააშკარავებს, შინაგანად როგორი ხარ. თუ სალანძღავ სიტყვებს იყენებ, ეს შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ არ უფრთხილდები სხვების გრძნობებს. მართლა ასეთი ადამიანი ხარ?

     ბიბლიაში წერია: „პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის“ (მათე 15:18).

    ბილწსიტყვაობა უწმაწური ლაპარაკია. რატომ უნდა „დააბინძურო“ საკუთარი თავიც და გარშემომყოფნიც?

  •  თუ უწმაწურ სიტყვებს იყენებ, სხვებს შეიძლება შენზე უარყოფითი თვალსაზრისი შეექმნათ. ერთ წიგნში, რომელიც ამ საკითხს ეხება, ნათქვამია: „ჩვენს მეტყველებაზეა დამოკიდებული, ვინ დაგვიმეგობრდება, რამდენად დავიმსახურებთ ოჯახის წევრებისა და თანამშრომლების პატივისცემას, რამდენად კარგი ურთიერთობა გვექნება სხვებთან, როგორ მოგვექცევიან უცნობები, მიგვიღებენ თუ არა სამუშაოზე, დაგვაწინაურებენ თუ არა, და ექნება თუ არა წონა ჩვენს სიტყვას“. ეს წიგნი აგრეთვე გვირჩევს, ვკითხოთ საკუთარ თავს: „იქნებ უკეთესი ურთიერთობები ამეწყო სხვებთან, თუ თავს შევიკავებდი ლანძღვისგან?!“ (Cuss Control).

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოიშორეთ ... ლანძღვა“ (ეფესოელები 4:31).

  •  ნუ გგონია, რომ თუ იგინები, სხვების თვალში მაგარი გამოჩნდები. თავის წიგნში ალექს პაკერი აღნიშნავს: „აუტანელია მათი მოსმენა, ვინც გაუთავებლად იგინება“. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ თუ ადამიანი ბილწსიტყვაობს, „მისი მეტყველება გამჭრიახობას, სიბრძნეს, ინტელექტს და თანაგრძნობასაა მოკლებული. თუ დაუფიქრებლად და გაუგებრად ლაპარაკობ და არც წარმოსახვის უნარს იყენებ, შეიძლება გონებაც დაგიჩლუნგდეს“.

     ბიბლიაში ნათქვამია: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა“ (ეფესოელები 4:29).

 როგორ უნდა მოიქცე

  •  დაისახე მიზანი. შეეცადე, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე არ გამოიყენო უწმაწური სიტყვები. შეგიძლია კალენდარში ან სადმე სხვაგან ჩაინიშნო, რამდენად პროგრესირებ ამ მხრივ. თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა.

  •  უარი თქვი ისეთ გართობაზე, რაც უხამსი სიტყვების წარმოთქმისკენ გიბიძგებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ამ მუხლში მოხსენიებულ სიტყვა „საზოგადოებაში“ მხოლოდ ადამიანები კი არა, სხვადასხვა სახის გართობაც იგულისხმება, მაგალითად, ფილმები, ვიდეოთამაშები და მუსიკა. 17 წლის კენეთი ამბობს: „როცა სიმღერა მოგწონს, ადვილად ჰყვები მას და მხოლოდ იმიტომ რომ კარგი რიტმი აქვს, თვალს ხუჭავ იმაზე, უწმაწური სიტყვებით რომ არის სავსე“.

  •  იყავი მოწიფული. ზოგი იმიტომ ბილწსიტყვაობს, რომ, მისი აზრით, ასე სხვებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს უკვე დიდია. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, მოწიფული ადამიანები „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14). ისინი არასდროს ღალატობენ თავიანთ პრინციპებს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე შთაბეჭდილება მოახდინონ.

 დღეს ხომ ყოველი მეორე ბილწსიტყვაობს და წამლავს როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს. ზემოხსენებული წიგნი გვირჩევს: „მსოფლიო ისედაც გახრწნილია და ნუ შეუწყობ მის უფრო მეტად გახრწნას ხელს შენი მეტყველებით. თუ ენას სწორად გამოიყენებ, უფრო მეტი პატივისცემა გექნება საკუთარი თავის მიმართ და სხვებიც პატივისცემით განეწყობიან შენდამი“ (Cuss Control).