არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ჯანსაღ კრიტიკაზე?

როგორი რეაქცია უნდა მქონდეს ჯანსაღ კრიტიკაზე?

 შეამოწმე საკუთარი თავი

 დროდადრო ყველას გვჭირდება ჯანსაღი კრიტიკა ანუ რჩევები, რომლებიც გვეხმარება, პიროვნულადაც გავუმჯობესდეთ და პროფესიული უნარ-ჩვევებიც დავხვეწოთ. ამის უკეთ დასანახად მოვიყვანოთ რამდენიმე პირობითი სიტუაცია.

  1. მასწავლებელი გეუბნება, რომ დავალება მიაფუჩეჩე და მეტი გულისყურით უნდა მოჰკიდებოდი.

    რა რეაქცია გექნება?

    1. უგულებელყოფ („მასწავლებელმა აშკარად ამითვალწუნა“).

    2. მიიღებ („მის რჩევას შემდეგი დავალების დროს გავითვალისწინებ“).

  2. დედა გეუბნება, რომ ოთახი არეული გაქვს, არადა ახლახან დაალაგე.

    რა რეაქცია გექნება?

    1. უგულებელყოფ („დედაჩემს ხომ ვერაფერს მოაწონებ“).

    2. მიიღებ („შემეძლო უკეთ დამელაგებინა“).

  3. უმცროსი და გეუბნება, რომ სულ შენს ჭკუაზე ატარებ.

    რა რეაქცია გექნება?

    1. უგულებელყოფ („ეს ვის ეუბნება?!“).

    2. მიიღებ („ალბათ, უფრო რბილად უნდა მოვექცე“).

ზოგი ახალგაზრდა იმდენად მგრძნობიარეა, რომ პატარა შენიშვნაც კი სწყინს. თუ შენც ასე ხარ, იცოდე, ბევრ რამეს კარგავ. თუ სწორი რეაგირება გექნება შენიშვნაზე, ეს დღესაც წაგადგება და მომავალშიც.

ნუ უგულებელყოფ საჭირო რჩევას მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდა მისი მოსმენა

 რატომ მჭირდება რჩევა?

  • სრულყოფილი არავინაა. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2). სწორედ ამიტომ გვჭირდება რჩევები.

    „ვიცი, რომ უნაკლო არავინაა და ხშირად ვუშვებთ შეცდომებს. ამიტომ, როცა შენიშვნას მაძლევენ, ვცდილობ, გავითვალისწინო და გამოვსწორდე“ (დეივიდი).

  • გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ბიბლიაში ნათქვამია: „დაარიგე ბრძენი და კიდევ უფრო დაბრძენდება“ (იგავები 9:9). რჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაში წაგადგება, თუ მიიღებ.

    „თავიდან არასწორი შეხედულება მქონდა. მეგონა, რომ, თუ შენიშვნას მომცემდნენ, სხვებს ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნებოდათ. ახლა უკვე მიადვილდება რჩევის მიღება. ზოგჯერ თავად მივმართავ სხვებს რჩევისთვის. მინდა, ვიცოდე, რაში მჭირდება გაუმჯობესება“ (სელენა).

ერთია, როცა შენ მიმართავ ვინმეს რჩევისთვის და მეორეა, როცა თავს გახვევენ. ნატალი, რომელსაც წერილით აუხსნეს, რომ რაღაც-რაღაცებში გამოსწორება სჭირდებოდა, ამბობს: „ვცდილობდი, ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ მაინც გამაკრიტიკეს. გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ვიყავი“.

შენც ხომ არ ყოფილხარ მსგავს მდგომარეობაში? როგორ უნდა მოიქცე ასეთ დროს?

 რა რეაქცია უნდა მქონდეს ჯანსაღ კრიტიკაზე?

  • მოუსმინე.

    ბიბლიაში ნათქვამია: „ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია“ (იგავები 17:27). არ შეაწყვეტინო საუბარი მას, ვინც რჩევას გაძლევს. ნაჩქარევად ნუ უპასუხებ, რომ მოგვიანებით სანანებელი არ გაგიხდეს.

    „როცა რჩევას მაძლევენ, მაშინვე თავდაცვაზე გადავდივარ. არადა უნდა გავითვალისწინო შენიშვნა, რათა შემდგომში უკეთ მოვიქცე“ (სარა).

  • ყურადღება რჩევაზე გაამახვილე და არა მასზე, ვინც რჩევას გაძლევს.

    შეიძლება ცდუნება გაგიჩნდეს, რომ ყურადღება იმ ადამიანის სისუსტეებზე გაამახვილო, ვინც რჩევას გაძლევს. მაგრამ ბევრად უმჯობესია, გაითვალისწინო ბიბლიური რჩევა: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). როგორც წესი, სხვის ნათქვამში სიმართლის მარცვალი ყოველთვის არის. ნუ უგულებელყოფ რჩევას მხოლოდ იმიტომ, რომ არ გინდა მისი მოსმენა. ამ დროს შეიძლება ზუსტად ის გამოგრჩეს, რაც ყველაზე მეტად გჭირდება.

    «როცა მშობლები შენიშვნას მაძლევდნენ, ვბრაზდებოდი და ვეუბნებოდი: „ვიცი ხო, ვიცი“. მაგრამ მას შემდეგ, რაც დავიწყე მათი რჩევების გათვალისწინება, უფრო კარგად გამომდის ყველაფერი» (ედუარდი).

  • შეინარჩუნე გაწონასწორებული თვალსაზრისი საკუთარ თავზე.

    როცა შენიშვნას გაძლევენ, არ ნიშნავს, რომ უვარგისი ხარ. ეს უბრალოდ იმაზე მეტყველებს, რომ სხვა დანარჩენივით არც შენ ხარ უშეცდომო. დროდადრო რჩევები მასაც სჭირდება, ვინც შენ გაძლევს რჩევას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7:20).

    „მეგობარმა ისეთი რჩევები მომცა, რომელიც ჩემი აზრით საერთოდ არ მჭირდებოდა. მადლობა კი გადავუხადე გულწრფელობისთვის, მაგრამ გულნატკენი დავრჩი. დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ მისი რჩევა მთლად უადგილო არ იყო — საკუთარ თავში ისეთი სისუსტეები აღმოვაჩინე, რაზეც შეიძლება არასდროს დავფიქრებულიყავი“ (სოფია).

  • მიზნად დაისახე, გაუმჯობესდე.

    ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „წინდახედული ყურად იღებს შეგონებას“ (იგავები 15:5). როცა რჩევას ითვალისწინებ, უარყოფით გრძნობებს ადვილად ერევი და ყურადღება იმაზე გადაგაქვს, რაშიც გაუმჯობესება გჭირდება. შეადგინე სამოქმედო გეგმა და რამდენიმე თვის მანძილზე დააკვირდი, რა მხრივ გაუმჯობესდი.

    „რჩევა რომ გაითვალისწინო, გულწრფელი უნდა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც საკუთარ შეცდომებს აღიარებ, ვერც მოიბოდიშებ და ვერც გაუმჯობესდები“ (ემა).

მთავარი აზრი: ბიბლიაში ნათქვამია: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს“ (იგავები 27:17). ჯანსაღი კრიტიკა დაგეხმარება, ახლაც დაიხვეწო და დიდობაშიც.