არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ავირჩიო მისაბაძი მაგალითი?

როგორ ავირჩიო მისაბაძი მაგალითი?

 „როცა სკოლაში პრობლემებს ვაწყდებოდი, ვიხსენებდი იმ ადამიანებს, ვინც მსგავსი რამ გამოიარა. ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა, რამაც სირთულეების გადალახვა გამიადვილა“ (ჰეილი).

 თუ სამაგალითო ადამიანებს მიჰბაძავ, თავს აარიდებ პრობლემებს და მიაღწევ მიზნებს. მთავარია, სწორად აირჩიო მისაბაძი მაგალითი.

 რატომ უნდა გამოიჩინო სიფრთხილე?

  •   ის, თუ ვის აირჩევ მისაბაძ მაგალითად, დიდ გავლენას მოახდენს შენს საქციელზე.

     ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, მათ მიჰბაძონ, ვინც სამაგალითოა: „დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიბაძეთ რწმენაში“ (ებრაელები 13:7).

     რჩევა: შენ მიერ არჩეულ მისაბაძ მაგალითს შენზე დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ შენს არჩევანს მაინცდამაინც მათზე ნუ შეაჩერებ, ვინც პოპულარული ან შენი თანატოლია. უმჯობესია, ისეთი ადამიანი აირჩიო, ვისაც ნამდვილად კარგი თვისებები აქვს.

     „ბევრი რამ ვისწავლე ერთი თანამორწმუნისგან, ადამისგან. მისი საქციელი და საკითხებისადმი მისი მიდგომა ჩემთვის სამაგალითო იყო. დღემდე მახსოვს ზოგი რამ, რაც მას უთქვამს ან გაუკეთებია. ალბათ, მან არც კი იცის, რამხელა გავლენას ახდენდა ჩემზე“ (კოლინი).

  •   ის, თუ ვის აირჩევ მისაბაძ მაგალითად, დიდ გავლენას მოახდენს შენს აზროვნებასა და განწყობაზე.

     ბიბლიაში ნათქვამია: „ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33).

     რჩევა: მისაბაძი მაგალითის არჩევისას ყურადღება ადამიანის კარგ თვისებებზე გაამახვილე და არა გარეგნობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩები.

     „თუ საკუთარ თავს გამუდმებით მომხიბვლელ ადამიანებს ადარებ, თავს არარაობად იგრძნობ და საკუთარ გარეგნობაზე წარმოდგენა სრულიად დაგეკარგება“ (თამარა).

     დაფიქრდი: რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგე, თუ მისაბაძ მაგალითად პოპულარულ ადამიანებს ან ცნობილ სპორტსმენებს აირჩევ?

  •   ის, თუ ვის აირჩევ მისაბაძ მაგალითად, დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, მიაღწევ თუ არა დასახულ მიზნებს.

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“ (იგავები 13:20).

     რჩევა: თუ რომელიმე თვისების გაუმჯობესება გინდა, მისაბაძ მაგალითად ისეთი ადამიანი აირჩიე, რომელიც ამ თვისებას საუკეთესოდ ავლენს. მის საქციელზე დაკვირვებით შეიძლება დაინახო, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგა მიზნის მისაღწევად.

     „ნაცვლად იმისა, რომ ზოგადი მიზანი დაისახო, მაგალითად, გქონდეს მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ჯობია, კონკრეტული იყო და შენს თავს უთხრა, მინდა, ისეთივე პასუხისმგებლობის გრძნობა მქონდეს, როგორიც ჯეინს აქვს. ის არასდროს აგვიანებს და დავალებებს სერიოზულად ეკიდება“ (მირიამი).

     გახსოვდეს: თუ სამაგალითო ადამიანს მიჰბაძავ, უკეთესობისკენ შეიცვლები.

თუ მათ მიჰბაძავ, ვინც კარგ მაგალითს გაძლევს, ეს შეიძლება უმოკლესი გზა აღმოჩნდეს შენი მიზნების მისაღწევად!

 როგორ უნდა აირჩიო მისაბაძი მაგალითი?

 ამისთვის ორი რამის გაკეთება შეგიძლია:

  1.   აირჩიე თვისება, რომელიც გინდა, რომ გქონდეს. შემდეგ დაუახლოვდი ადამიანს, რომელიც ამ თვისებას ავლენს.

  2.   დაუახლოვდი იმ ადამიანს, რომლის თვისებებიც გხიბლავს. შემდეგ აირჩიე მისი რომელიმე თვისება და მიჰბაძე მას ამ თვისების გამოვლენაში.

 ამაში დაგეხმარება სამუშაო ფურცელი, რომელიც სტატიას აქვს დართული.

 მისაბაძი მაგალითები შეიძლება იყვნენ:

  •  თანატოლები. „ძალიან მინდა, ჩემს საუკეთესო მეგობარს მივბაძო. ის ყოველთვის პოულობს დროს სხვებისთვის და მათ მიმართ გულწრფელ ინტერესს ავლენს. მართალია, ის ჩემზე უმცროსია, მაგრამ ისეთ თვისებებს ავლენს, რომლებზეც მე მუშაობა მჭირდება. ის ჩემთვის შესანიშნავი მაგალითია“ (მირიამი).

  •  უფროსები. მისაბაძი მაგალითი შეიძლება იყვნენ მშობლები ან სხვა უფროსი ასაკის თანამორწმუნეები. „ჩემი მშობლები ნამდვილად კარგ მაგალითს მაძლევენ. მათ შესანიშნავი თვისებები აქვთ. მართალია, შეცდომებს უშვებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ღვთისადმი ერთგულები რჩებიან. როცა მათ ასაკში ვიქნები, იმედია, ჩემზეც იმავეს იტყვიან“ (ანეტი).

  •  ბიბლიური პერსონაჟები. «ბიბლიური პერსონაჟებიდან ჩემთვის რამდენიმე მისაბაძი მაგალითი შევარჩიე — ტიმოთე, რუთი, პეტრე და პატარა ისრაელი გოგონა. რაც უფრო მეტს ვიგებ მათ შესახებ, ისინი ჩემთვის უფრო რეალურები ხდებიან. ამაში ძალიან მეხმარება წიგნი „მიჰბაძეთ მათ რწმენას“; აგრეთვე წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ პირველ და მეორე ტომში მოცემული საძიებელი „სამაგალითო ადამიანები“» (მელინდა).

 რჩევა: მხოლოდ ერთი მისაბაძი მაგალითის არჩევით ნუ შემოიფარგლები. პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს მისწერა: „დააკვირდით მათ, ვინც ჩვენ მიერ თქვენთვის დატოვებული მაგალითის მიხედვით დადის“ (ფილიპელები 3:17).

 იცოდი თუ არა? შეიძლება შენ გახდე სხვისთვის მისაბაძი მაგალითი. ბიბლიაში ნათქვამია: „ერთგულთათვის მაგალითი იყავი ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში“ (1 ტიმოთე 4:12).

 „შენ შეგიძლია მისაბაძი მაგალითი იყო სხვებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთი თვისების გაუმჯობესებას საჭიროებ. არ იცი, ვინ გაკვირდება და არც ის იცი, შენმა ნათქვამმა როგორ შეიძლება შეცვალოს სხვისი ცხოვრება“ (კიანა).