არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვთოკო თავი?

როგორ მოვთოკო თავი?

 ტესტი

  •  რამდენად ხშირად ბრაზდები?

    •  თითქმის არასდროს

    •  ხანდახან

    •  ყოველდღე

  •  როგორი რეაქცია გაქვს, როცა გაბრაზების მიზეზი გაქვს?

    •  სიმშვიდეს ვინარჩუნებ

    •  მწვავედ ვრეაგირებ

    •  ბრაზს ვანთხევ

  •  ყველაზე მეტად ვისზე ბრაზდები?

    •  მშობლებზე

    •  და-ძმებზე

    •  მეგობრებზე

 თუ გიჭირს საკუთარი თავის ხელში აყვანა, ეს სტატია ნამდვილად დაგეხმარება! თავდაპირველად ვიმსჯელოთ, რატომაა კარგი სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როცა გაბრაზების მიზეზი გაქვს.

 რატომ ღირს თავის შეკავება

 ჯანმრთელობა. იგავების 14:30-ში ნათქვამია: „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“. ამის საპირისპიროდ, როგორც ერთ ჟურნალში ვკითხულობთ, „ბრაზმა შეიძლება გულსისხლძარღვთა დაავადებები გამოიწვიოს“ (Journal of Medicine and Life).

 მეგობრები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება, და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს“ (იგავები 22:24). თუ ფიცხი ხასიათი გაქვს, არ გაგიკვირდეს, შენგან შორს რომ დაიჭირონ თავი. ერთი ახალგაზრდა, სახელად ჟასმინი ამბობს: „თუ არ ისწავლი თავის მოთოკვას, ბევრ კარგ მეგობარს დაკარგავ“.

 რეპუტაცია. „თუ მწყობრიდან გამოხვალ, ეს სხვებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და შენზე გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ“, — ამბობს 17 წლის ეთანი. ჰკითხე საკუთარ თავს: „როგორი ადამიანის რეპუტაცია მინდა მქონდეს — მშვიდის თუ ფეთქებადის?“. ბიბლიაში ნათქვამია: „რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია, მოუთმენელი კი — უგუნურების განმადიდებელი“ (იგავები 14:29).

არავის სურს ბრაზიან ადამიანთან ურთიერთობა

 როგორ უნდა მოიქცე

 დაფიქრდი ქვემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებზე და კომენტარებზე და შემდეგ დაუსვი საკუთარ თავს იქვე მოცემული კითხვები.

  •   იგავები 29:22: „ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს; ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს“.

     „როცა მოზარდი ვიყავი, ძალიან მიჭირდა საკუთარი თავის კონტროლი. მამის მხრიდან ჩემს ნათესავებსაც იგივე პრობლემა აქვთ. ვამბობთ კიდეც, რომ ეს გენში გვაქვს. ჩვენთვის ძალიან რთულია გაბრაზების დროს თავის ხელში აყვანა“ (კერი).

     ფიცხი ხასიათი მაქვს? თუ საკუთარ „დამსახურებად“ ვთვლი იმას, რომ კარგი თვისებები მაქვს, მაშინ რამდენად გონივრულია, გენეტიკას მივაწერო ჩემი ცუდი თვისებები და ჩვევები?

  •   იგავები 15:1: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს, მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს“.

     „მთავარი ისაა, რომ საკუთარი ემოციების კონტროლი ისწავლო. თუ ცდილობ, უფრო რბილი გახდე და დადებითზე გადაიტანო ყურადღება, ადვილად არ გამოხვალ მდგომარეობიდან“ (დარელი).

     რატომ არის გადამწყვეტი ჩემი პირველი რეაქცია, როცა ვღიზიანდები?

  •   იგავები 26:20: „შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება“.

     „როცა უთანხმოების დროს ადამიანს რბილად ვპასუხობ, ისიც მშვიდდება და ორივეს შეგვიძლია მოზღვავებული ემოციების გარეშე დავილაპარაკოთ“ (ჟასმინი).

     რა შემთხვევაში შეიძლება გავამწვავო სიტუაცია ანუ ცეცხლზე ნავთი დავასხა?

  •    იგავები 22:3: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“.

     „ზოგჯერ უბრალოდ უნდა გავეცალო იქაურობას, ჩემთვის გავაანალიზო მომხდარი და მხოლოდ მას შემდეგ მოვაგვარო უთანხმოება, რაც დავმშვიდდები“ (გარი).

     როდის იქნება საუკეთესო, გავეცალო დაძაბულ სიტუაციას თანაც ისე, რომ ადამიანს არ დავუტოვო შთაბეჭდილება, თითქოს ზურგს ვაქცევ?

  •   იაკობი 3:2: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“.

     „რა თქმა უნდა, სინდისმა უნდა შეგვაწუხოს, როცა რამე გვეშლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი; ჩვენ უნდა ვისწავლოთ კიდეც საკუთარ შეცდომებზე. თუ ფეხი მოგვიცურდება, მაშინვე უნდა წამოვდგეთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ მეორედ იგივე არ გავიმეოროთ“ (კერი).

 რჩევა: დაისახე მიზანი. შეეცადე, მაგალითად ერთი თვის მანძილზე, ცივი გონებით და მშვიდად შეხვდე შენს ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს. ამისთვის აწარმოე დღიური და დააკვირდი, რამდენად პროგრესირებ ამ მხრივ.